
მე-14 ტურის შემდეგ, რომელი 11 და 12 მაისს გაიმართა, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერთა სამეულში ცვლილებაა. „დინამოებმა" ადგილი გაცვალეს და ახლა, ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „დინამო თბილისი" ერთი ქულით უსწრებს ბათუმის „დინამოს" და შესაბამისად, მესამე საფეხურზეა. სატურნირო ცხრილის სათავეში კი, კვლავ „იბერია 1999" არის 36 ქულით და 10 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ გორის „დილას". აქვე დავაზუსტებთ, რომ თავის მხრივ, დღევანდელი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, გორელებმა ბათუმელებს გადაასწრეს.
თუმცა დავიწყოთ თანმიმდევრობით - ტური ორ დღეზე იყო გადანაწილებული. პირველი საქმეში, მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999" ჩაერთო და წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, მიხეილ მესხის მთავარ სტადიონზე, ანგარიში მასპინძლებმა, 11-მეტრიანით გახსნეს. ანგარიში კი, იური ტაბატაძემ გახსნა 54-ე წუთზე, რომელმაც სხვათა შორის, მეორე 11-მეტრიანი, 69-ე წუთზე ვეღარ გამოიყენა. წყალტუბოელთა კარში დანიშნულ მეორე პენალტამდე კი, ლაშა შერგელაშვილმა ამ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ეს გოლი არ აღმოჩნდა საკმარისი. 84-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დავით სხირტლაძემ, გიზი მამაგეიშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა და „იბერია 1999"-ს მორიგი 3 ქულა მოუტანა. გათამაშების ლიდერმა 2-1 გაიმარჯვა.
ამავე დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედომ" ბათუმის „დინამო" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი, შეხვედრაში, რომელიც ბათუმელებმა კაცნაკლულებმა დაასრულეს, 54-წ წუთზე, ბიორნ იონსენმა გაიტანა. ამ მომენტისთვის იმერული კლუბის ნორვეგიელ თავდამსხმელს 4 გოლი აქვს გატანილი.
ფრედ, 1-1 დასრულდა თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, „გაგრასა" და ფოთის „კოლხეთი 1913" -ის დაპირისპირება. შავი ზღვისპირულ დერბიში, ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. 38-ე წუთზე პედრო ბორჟესმა გახსნა ანგარიში. ტაიმის მიწურულს, კი, მასპინძლებს გოლი გასახდელში ფოთელთა ლეგიონერმა, ტიმ ოლოკო-ობიმ გაატანა. მეორე ტაიმში, ყველაზე ყურადსაღები მომენტი 77-ე წუთზე მოხდა, როდესაც, მოედნიდან ფოთელი ბექა ხარშილაძე გააძევეს.
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა ფოთში, „კავკასიონ არენაზე", სადაც „თელავმა" გორის „დილას" უმასპინძლა. ანგარიში, ფირო გავიტაშვილის გადაცემის შემდეგ, სწრაფი გოლით ებენეზერ კპოზომ გახსნა, თუმცა, სტუმრები 26-ე წუთზე შოთა შეყილაძის გოლის წყალობით დაბრუნდნენ, 1-1. ტაიმისთვის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროის მე-4 წუთზე ჯადული იობაშვილმა 11-მეტრიანი გაიტანა და „თელავი" 2-1 დააწინაურა. ვალერი გაგუას გაწვრთნილ გუნდს, გამარჯვებამდე, ძირითადი დროის ოთხი და მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო დააკლდათ. კახურმა გუნდმა, სწორედ ამ მონაკვეთში გაუშვა ორი გოლი, 86-ე წუთზე სირილ ედუძისგან დარტყმული, 90'+3-ე წუთზე კი სირილის გადაცემის შემდეგ, მასპინძლებს დეო მასინგამ გაუტანა და „დილამ" 2-3 გაიმარჯვა. ამ მოგებით კი, გორელებმა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. „გარეჯმა" „დინამო თბილისს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და გატანილი გოლების გარდა, თბილისელებმა კიდევ ბევრი შანსი ვერ გამოიყენეს, უნდა აღნიშნოს, რომ შანსები გარეჯელებმაც გაუშვეს. უფრო ზუსტად კი, თუკი, მასპინძელთა მხარეს ძელი და ხარიხა იყო მხსნელი, სტუმართა რიგებში გამოცდილი სტეფან სიკაჩი არ აძლევდა კახურ გუნდს მისი კარის აღების უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ 61-ე წუთზე თორნიკე ცეცხლაძემ მაინც გაიტანა. თუმცა, მანამდე, პირველი ტაიმის ბოლოს, ნიკა ნინუასა და 50-ე წუთზე ვაკო გვილიას გოლების შემდეგ, „დინამო თბილისი" ორბურთიანი სხვაობით იგებდა. სხვათა შორის, ორივე საგოლე გადაცემა გამოცდილი მათე ვაწაძის ანგარიშზეა. ამ შეხვედრაში, 100-წლოვანი „დინამო თბილისისთვის" კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტი მოხდა - ლურჯ-თეთრი გუნდის რიგებში, დებიუტი ჰქონდა, კლუბის აკადემიის 16 წლის მცველს, მათე შათირიშვილს.
ეროვნული ლიგის მორიგი, მე-15 ტური 15 და 16 მაისს არის ჩანიშნული.