
დღეს, „დინამო არენაზე" ლეგენდების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, დედაქალაქს „ბარსელონა" და რონალდინიო სტუმრობდნენ. ბუნებრივია, „ბარსას" პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით არახალია. არც ის, გამკვირვებია, რომ სტადიონზე წერეთლის მხრიდან უბილეთოები ღობეებზე გადაძრომით ცდილობდნენ შეღწევას. არც, „კერპთაყვანისმცემლის" თამაშზე შევარდნა და რონალდინიოს წინ მეტანიის გაკეთება. საბედნიეროდ, ამ ჯერზე, თამაშის დასრულების შემდეგაც მთელი ტრიბუნა მინდორზე არ შესულა - იმედია, შეცდომებზე ვსწავლობთ და ალბათ, იმასაც ვისწავლით და მივხდებით, რომ როდესაც შენი ქვეყნის გუნდი (რომელი ასაკობრივი კატეგორიაც არ უნდა იყოს) საშინაო შეხვედრას „დინამო არენაზე" თამაშობს, თავი, „კამპ ნოუზე" არ უნდა გეგონოს. დღეს, GEO11-სა და „ბარსელონას" ლეგენდების თამაშზე, სანაკრებო თეთრ ფერს, კატალონიური გრანდის ლურჯ-წითელი სჭარბობდა. ქომაგობითაც, უფრო „სტუმართმოყვარენი" ვიყავით, ვიდრე, ქართული სუფრების სადღეგრძელოების თანმიმდევრობას ზედმიწევნით შემსრულებელი ერი.
ქართველთა გუნდს, უკვე თამაშის წინ სტადიონზე მოსულმა შევამჩნიე, რომ რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა. მაგალითად, ნუკრი რევიშვილი, რომელიც ლეგენდების ამ მატჩისთვის მზადების პერიოდში დაშავდა და ახლა საოპერაციოა. ადრინდელი მატჩებისგან განსხვავებით, გუნდთან ერთად არ იყვნენ არჩილ არველაძე, ლევან ცქიტიშვილი და ლევან კობიაშვილიც. ეს ის, ფეხბურთელები ჩამოვათვალე, რომლებმაც ამ შეხვედრისთვის მზადება დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ქართველთა გუნდს, თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა.
გუნდური ფოტოები, საერთო ფოტო და თამაში დაიწყო, რომელშიც გუდებს 40-40 წუთი უნდა ეთამაშათ. თუმცა, პირველი ტაიმი ოდნავ გაგვიგრძელდა და მსაჯმა, 40-ის ნაცვლად გუნდები 45 წუთი ათამაშა. ქართული გუნდიდან, ყველაზე აქტიურები ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ნავალოვსკი და სანდრო კობახიძე იყვნენ. ამ სამეულს პირველ ტაიმში შოთა არველაძე უბამდა მხარს. ანგარიში, ქართველებმა 25-ე წუთზე გახსნეს, იაშვილის გადაცემა თავურით ნავალოვსკიმ დააბოლოვა 1-0. თუმცა, მანამდე ჩვენს გუნდს გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდა და ალბათ, ხესუს ანგოის ოსტატობამ სტუმრები გოლისგან იხსნა. სხვათა შორის, ამ მატჩში პირველი გოლი რონალდინიოს გადაცემით ლიტმანენმა გაიტანა, თუმცა, თამაშგარე იყო და ისიც ჩაითვალა. სტუმრებმა ანგარიში 34-ე წუთზე გაათანაბრეს. გოლი ხავიერ სავიოლამ გაიტანა, 1-1.
მეორე ნახევარში სტუმრებმა „აკლიმატიზაცია" საბოლოოდ გაიარეს, ამაში მათ მე-12 მოთამაშეც დაეხმარა და შედეგმაც არ დააყოვნა. 54-ე წუთზე ჯონათან სორიანომ გაიტანა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. 72-ე წუთზე სავიოლამ დუბლი შეასრულა და „ბარსელონას" ლეგენდები 2 ბურთით დააწინაურა. ქართული გუნდიდან ამ მონაკვეთში, ლევან ყენიას გამოვყოფდით. მატჩი კი, რომელიც Sports Orient-ის მიერ იყო ორგანიზებული, საბოლოოდ 1-3 კატალონიური კლუბის გამარჯვებით დასრულდა.
გუნდების სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა:
GEO11: გიორგი ლომაია, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, სანდრო კობახიძე, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე
„ბარსელონა": ხესუს ანგოი, სერხი ბარხუანი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო