როდესაც წვიმა ფეხბურთში ამინდს ვერ ქმნის...
როდესაც წვიმა ფეხბურთში ამინდს ვერ ქმნის...
15.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, დღის მეორე ნახევარში, წვიმამ საგრძნობლად იმატა. მიუხედავად ამისა, „დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე ესპანური „ბარსელონას" ატრიბუტიკით აღჭურვილი ფეხბურთის ქართველი ქომაგები, ქვეყნის მთავარი სტადიონის მედია-ცენტრში GEO11-ისა და „ბარსას" ლეგენდების თამაშზე დასწრების მსურველი აკრედიტებული მედიის ფუსფუსი და მოლოდინი, საფეხბურთო განწყობაზე გაყენებდა. წინასწარ გაწერილი გეგმით, ვარჯიში თბილისის დროით 18:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. წვიმა ძლიერდებოდა, გუნდი კი, სტადიონზე არ ჩანდა. თუმცა, ამ მოლოდინმა მხოლოდ ერთი ტაიმი გასტანა და 19:15 წუთიდან, „დინამო არენის" გვირაბიდან მინდორზე ამოსასვლელ კიბეზე, სტუმარი გუნდის ფეხბურთელები გამოჩნდნენ. ვარჯიშამდე გავარკვიეთ, რომ რონალდიონიო ჯერ არ იყო ჩამოსული და ვერ ივარჯიშებდა. თბილისში, „ბარსას" ლეგენდების გუნდის კიდევ ორი წევრი არ იყო. სავარჯიშოდ, მოედანზე კი, ყველაზე ბოლოს, ედგარ დავიდსი გამოჩნდა.



უფრო ზუსტად, ჯერ გვირაბიდან „ბენგეის" (ეს არის გასახურებელი საცხი, რომელსაც ფეხბურთელები იყენებენ) ან სხვა რომელიმე ბრენდის მიერ წარმოებული „გასახურებლის" სუნი მოვიდა, რომელსაც ნელ-ნელა ბუცების „შიპების" კაკუნი დაერთო, შემდეგ კი, სურინამული წარმოშობის, 52 წლის დავიდსი გამოჩნდა, რომელიც „ბარსელონას" ღირსებას 2004 წელს იჯარის წესით იცავდა და 18 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. აი, მაშინ მივხვდი, რომ მოედანზე ნამდვილად ვეტერანები იყვნენ, რადგან თანამედროვე თამაშების დაწყებისას, „ბენგეის" არც საქართველოში და არც „ბოდიალის" დროს ქვეყნიდან ქვეყანაში, კარგა ხანია არ შევუწუხებივარ. რაღაც მომენტში ბავშვობა და სპორტულ ჟურნალისტიკაში პირველი წლებიც კი გამახსენდა.



ამასობაში, მოედანზე მყოფები ისე ხურდებოდნენ, როგორც ადრე - ზანტი მოძრაობებით, ალბათ წვიმის გამო უფრო, თუმცა, მხიარულება არ აკლდათ. პროტოკოლით მედიის წარმომადგენლებისთვის ვარჯიში 15 წუთი იყო ღია, თუმცა, დრო კიდევ 5 წუთით გაგვიხანგრძლივეს და 20 წუთი დაგვტოვეს ვარჯიშზე. ისე, არც თავად უვარჯიშიათ უფრო მეტ ხანს. ვიდრე, კიდევ დაახლოებით 20 წუთი, კატალონიური კლუბის ვეტერანები კიდევ ვარჯიშობდნენ, მედია-ცენტრიდან კი, „შინაურების" (მატჩის ორგანიზატორი მედიის წარმომადგენლები) გარდა, თითქმის ყველა გაიკრიფა, ამავე სივრცის საპრესკონფერენციო სივრცეში „დინამო თბილისის" აკადემიელები შევნიშნე. მათ შორის, რამდენიმე ის ფეხბურთელი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, ერევანში უეფა-ს განვითარების თასი მოიგეს.



როდესაც ჩავეძიე, თუ რატომ იყვნენ ბავშვები სტადიონზე, შევიტყვე რომ ლეგენდებთან ერთად, ერთობლივი ვარჯიში იგეგმებოდა. ამასობაში, დარბაზში სტუმარი გუნდის წარმომადგენელი ამოვიდა და ბავშვებს ჰკითხა, კი მაგრამ ასე, რომ წვიმს, მაინც გინდათ ვარჯიშიო? ამათაც ერთხმად, „კიო", უპასუხეს და რამდენიმე წუთში, დინამოელებიც მოედანზე გავიდნენ.



სრულფასოვანი ვარჯიშის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლეგენდები, ორად გაყოფილ დინამოელებში გადანაწილდნენ და კიდევ ერთი 20 წუთი, ახლა უკვე, ვინ იცის, იქნებ მსოფლიოს თუ არა, ევროპის მომავალ ვარსკვლავებთან ერთად, ორმხრივი ითამაშეს. შიგადაშიგ სტუმრები, პატარა დინამოელებს დარიგებებს აძლევდნენ, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.


აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე" GEO11-ისა და „ბარსას" ლეგენდების შეხვედრა გაიმართება.


პს - „დინამო არენაზე" ვარჯიში უკვე დასრულებული იყო, როდესაც შევიტყეთ, რომ რონალდინიო უკვე თბილისში იყო.



ასევე იხილეთ სტატი - GEO11-ისა და „ბარსას" ლეგენდების მატჩამდე ერთი დღით ადრე - დღის დასაწყისი