
15 მაისის თბილისური დილა საფეხბურთოდ დაიწყო. ჯერ, თბილისი „მარიოტში", შემდეგ კი, კოსტავას ქუჩაზე მდებარე, ესპანური საფეხბურთო გრანდის, „ბარსელონას" ოფიციალურ ფან-შოპში ლეგენდარული კლუბის ქომაგების სიმრავლეს შეამჩნევდით. 16 მასისი საფეხბურთო მატჩის წინ, რომელშიც GEO11-ი, კატალონიურ „ბარსელონას" ვეტერან ფეხბურთელებს დაუპირისპირდება, როგორც ოფიციალური თამაშების პროტოკოლით არის გათვალისწინებული, ლეგენდების მატჩში მონაწილე გუნდის წარმომადგენლები, ადგილობრივი და სტუმარი გუნდის მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრესკონფერენციას ხავიერ სავიოლა, იარი ლიტმანენი, კახა კალაძე და შოთა არველაძე ესწრებოდნენ.
„ბოლო წლებში, შოთასთან ერთად, რამდენიმე თამაშის ჩატარება მომიხდა და მიხარია, რომ ხვალაც კიდევ ერთი შანსი მეძლევა, თუმცა, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, აქამდე არასდროს მითამაშია, როგორც ფეხბურთელს. „ბარსელონას" შემადგენლობაში, ყოველთვის დიდი პატივია ითამაშო, განსაკუთრებული გუნდია და დამატებითი მოტივაცია. ველოდები ხვალინდელ თამაშსაც, რომელსაც ყველა გუნდი გამარჯვებისთვის თამაშობს", - ამბობს იარი ლიტმანენი, რომელიც თბილისში, 10 წლის წინ ფინეთის ნაკრებთან ერთად, სხვა ამპლუაში იმყოფებოდა - „მაშინ, საქართველო და ფინეთი დაახლოებით ერთი დონის გუნდები იყვნენ. თქვენ, ყოველთვის გყავდათ კარგი ფეხბურთელები. ადრე თუ შოთა იყო, ახლა ხვიჩა გყავთ კვარაცხელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და ასეთი რამ, ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც ფინეთი და საქართველოა, დიდი პატივი და პრესტიჟია".
„ბარსას" ლეგენდები თბილისში, სრული შემადგენლობით ხვალ დილისთვის შეიკრიბებიან. დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა თბილისში რონალდინიო გაუჩო. სართო ჯამში კი, სტუმარი გუნდი, საქართველოს დედაქალაქში 18 ფეხბურთელის შეამდგენლობით შეიკრიბება: ხესუს ანგოი, ჯორდი მასიპი, სამუელ ოკუნოვო, სერხი ბარხუანი, მარკ ვალიენტე, ფილიპე კრისტანვალი, ფრედერიკ დეჰუ, მაქსველი, ფერნანდო ნავარო, ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, ლუდოვიკ ჟიული, ჯონათან სორიანო, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო. კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში კი, ალბერტ ფერერი იქნება.
„დიდი პატივია მსგავს თამაშში მონაწილეობა, აქ ყოფნა და ამისთვის, მადლობა მასპინძლებს. თამაშთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ხალხის, ახალი კულტურის გაცნობა. ურთიერთობა მოედნის მიღმა. იმედი მაქვს, რომ საინტერესო თამაში იქნება და გულშემატკივარსაც კარგი მოგონებები დარჩება. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოში კიდევ და ბევრჯერ დავბრუნდებით", - ამბობს ხავიერ სავიოლი.
დღეს, საღამოს 18:00 საათიდან „ბარსელონას" ლეგენდები „დინამო არენაზე", რომელზეც 2015 წელს „ბარსელონას" მოქმედმა გუნდმა უეფა-ს სუპერ თასი მოიგო, მატჩის წინ ივარჯიშებენ. დღეს, ვარჯიშს არ გეგმავს ქართული გუნდი, რომელსაც ამ შეხვედრაში სათავეში თემურ ქეცბაია ეყოლება და 19 ფეხბურთელის, წინა შეხვედრებისგან ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით - გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე, ერთი კვირის მანძილზე, თბილისში, მიხეილ მესხზე ვარჯიშობდა.
„მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომ გამონახეს დრო და ჩამოვიდნენ. ასეთი თამაშები ჩვენთან ხშირად არ იმართება, გვინდა, მომავალში სისტემატური ხასიათი მიიღოს და გულშემატკივარმა ისიამოვნოს. ხავიერ სავიოლა თბილისი პირველად არის და ჩვენი დედაქალაქი ძალიან მოეწონა. იმედია, ვინც თამაშზე მოვა, კმაყოფილი დარჩება," - ამბობს შოთა არველაძე.
„მინდა, შოთა არველაძეს მადლობა გადავუხადო ამ თამაშის ორგანიზებისთვის. „ბარსელონა" დიდი გუნდია და საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მადლობა სტუმრებს, რომ მოახერხეს და ჩამოვიდნენ ჩვენს ლამაზ დედაქალაქში. როგორც ვიცი, „ბარსელონას" დღეს საღამოს რონალდინიოც შეუერთდება. იმედია, სტადიონზე მოსული მაყურებელი დიდ სიამოვნებას მიიღებს", - ამბობს კახა კალაძე.
GEO11-ისა და „ბარსას" ლეგენდების მატჩი, ხვალ 16 მაისს, „დინამო არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება. მართალია ძალიან მცირე რაოდენობის თუმცა, მატჩზე დასასწრები ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაშია.
ფოტო: გვანცა ხუციშვილი