კიდევ ერთი შანსი საქართველოში მცხოვრებ გოგონებს ითამაშონ ფეხბურთი
კიდევ ერთი შანსი საქართველოში მცხოვრებ გოგონებს ითამაშონ ფეხბურთი
15.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

2025 წლის ივნისში საქართველოში 15-წლამდე გოგონათა კიდევ ერთი ტურნირი, 15-წლამდე გოგონათა ლიგა გაიმართება. ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ კატეგორიაში  9x9 ფორმატის ტურნირებს ჩაატარებს. ზონალურ-რეგიონალური ლიგების გამარჯვებულები კი საქართველოს ჩემპიონს და შესაბამისად, ლიგის გამარჯვებულს გამოავლენენ.


15-წლამდე გოგონათა ლიგაში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 26 მაისის ჩათვლით გამოაცხადა, მეორე დღეა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, თითოეული გუნდის განაცხადი (register@gff.ge) უნდა შედგებოდეს 15 ფეხბურთელისგან, რომელთა შორის, უნდა იყოს ორი მეკარე. კიდევ ერთი პირობა, ფეხბურთელებს, რომელიც განაცხადში იქნება, არ უნდა ჰქონდეს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველ და მეორე ლიგებში ჩატარებული შეხვედრები.


გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველოში მოიმატა ფეხბურთის თამაშის მსურველი გოგონების რიცხვმა და ჩვენი ვებ-პორტალისთვის სასიხარულოდ, იმ ოჯახების რაოდენობამაც, რომლებიც 7-8 წლის ასაკიდან პატივს სცემენ გოგონების არჩევანს ითამაშონ ფეხბურთი, დავინტერესდით, თუ კონკრეტულ გათამაშებაში, მონაწილეთათვის, რა ასაკი იქნებოდა ქვედა ზღვარი და გავარკვიეთ, რომ სფფ-ს დაგეგმილ ტურნირში გუნდებს შესაძლებელია ჰყავდეთ 10 წლიდან 15-წლამდე (2011-2015 წლებში დაბადებული) მოთამაშეები.



შესაბამისად, აღნიშნულ ტურნირში ვერ ითამაშებს, ჩვენი გვერდის „აღმოჩენა"  - „გოგო კვარა" როგორც მას ახალციხეში ეძახიან, რადგან 13 წლის ნინი გიქოშვილმა, 2025 წლის სეზონიდან, ქალთა ლიგა 2-ში დაიწყო ასპარეზობა და ის, ახალციხის „ზარზმას" მაისურით თამაშობს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხელთა გუნდი ქალთა ლიგა 2-ში თამაშობს, ის საქართველოში, ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი პიონერია.


და ბოლოს კვლავ 15-წლამდე ქალთა ლიგას რომ დავუბრუნდეთ, როგორ უკვე გითხარით, ტურნირი სტარტს მიმდინარე წლის ივნისში აიღებს და ოქტომბერში დასრულდება.