
საქართველოს სუპერლიგის მეორე ფინალისტი „ქუთაისი 2010" არის. ნახევარფინალური სერიის იმერული დერბის მეოთხე შეხვედრაში, მოქმედმა ჩემპიონმა უმძიმეს ბრძოლაში 2 ქულით, 83-85 გაიმარჯვა. სერიაში კი, ზესტაფონის „მარგვეთი" 1-3 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შეხვედრა ზესტაფონის სპორტის სასახლეში, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ის, რომ ამ წყვილს შორის ყველაფერი მარტივად არ იქნებოდა, ქუთაისში გამართულმა პირველმა ორმა თამაშმაც ცხადყო. თუმცა, ქუთაისელებმა, 12 მაისს, მოახერხეს დაწინაურება და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მცირე უპირატესობას დაეუფლნენ კიდეც. მასპინძლები, რომლებიც აშკარად გრძნობდნენ დარბაზის სულისკვეთებას, უკან დახევას დღესაც აპირებდნენ. სიმართლე ვთქვათ და კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისი 2010", დღეს, ბეწვის ხიდზე გაიარა.
შეხვედრის პირველი ორი მეოთხედი, ზესტაფონელებმა მოიგეს 25-21 და 26-21. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ გუნდები სტაბილურად იფერებდნენ ერთი მდევრის როლს და მეორე ლიდერის. მაგალითად მოქმედი ჩემპიონი პირველ მეოთხეში, მხოლოდ ერთ ქულაში მივიდა „მარგვეთთან". მეორე მეოთხედის ერთ მონაკვეთში 07:05 წუთზე გაათანაბრა ანგარიში. თუმცა, ამის შემდეგ სტუმრებს მასპინძლები, 11 ქულითაც კი, გაექცათ. საბოლოოდ, ტაიმი „ზესტაფონმა", 52-42 მოიგო. ზესტაფონელთაგან ვახტანგ გაფრინდაშვილს გამოვყოფდით, 16 ქულა და 4 მოხსნა ჰქონდა, სტუმართაგან კი, გიორგი კორსანტია გამოირჩეოდა, რომელსაც შეხვედრის ამ მონაკვეთში, 23 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა.
მესამე მეოთხედში, საქართველოს ჩემპიონმა მოახერხა 10-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა. ამასთან, „ქუთაისი 2010"-მა წინ გასვლა, ოთხქულიანი უპირატესობის მოპოვება და როგორც საბოლოოდ გაირკვა, ამ სხვაობის მეტ-ნაკლებად შენარჩუნება თამაშის ბოლომდე მოახერხა, რომელშიც გუნდებმა ბოლო წამამდე იბრძოლეს. თუმცა, მანამდე „ქუთაისი 2010"-მა 13-24 მოიგო მეოთხედი და დასკვნითი პერიოდის წინ, 1 ქულითაც წინ გავიდა. ამ მომენტისთვის, გუნდებს ზემოთხსენებული გაფრინდაშვილი (18 ქულა, 7 მოხსნა) და კორსანტია (29 ქულა და 7 მოხსნა) წინამძღოლობდნენ საკუთარ გუნდებს. თუმცა, ბოლო მონაკვეთში, კორსანტია, პერსონალურების ზღვარზე აღმოჩნდა და საბოლოოდ, საფინალო სასტვენამდე 57 წამით ადრე, მოედნის დატოვება მოუხდა. შესაბამისად, თამაში 38 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა. გამარჯვებული გუნდიდან 12 ქულა გიორგი სულაბერიძემ, 11 ქულა, აქედან (სამი სამქულიანი) მიშა ბერიშვილის ანგარიშზეა.
სხვათა შორის, ორივე გუნდი დანაკლისით ასპარეზობდა, საერთო ჯამში მწვრთნელებმა მასპინძლებიდან 7, ხოლო სტუმართაგან 8 კალათბურთელზე გადაატარეს თამაში. გამარჯვება კი, სტუმრებმა, ალბათ, უფრო გამოცდილების ხარჯზე მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდის მხრიდან, განსაკუთრებით ბოლო წუთებში ბევრი შეცდომა და ხარვეზი გამოჩნდა.
ფინალური სერია სტარტს 20 მაისს აიღებს. ჩემპიონობისთვის გუნდებმა კვლავ სამი შეხვედრა უნდა მოიგონ. ფინალური სერია კი, რომელშიც „ქუთაისი 2010" და თსუ ხვდებიან, ქუთაისში დაიწყება. ორი სათამაშო დღის შედმეგ, მესამე და მეოთხე მატჩები თბილისში გაიმართება. თუკი გახდა საჭირო, დამატებითი შეხვედრა, დებულების მიხედვით ქუთაისში ჩატარდება.
ფოტო: მირიან ჩხეიძე