თსუ საქართველოს სუპერლიგის პირველი ფინალისტია
თსუ საქართველოს სუპერლიგის პირველი ფინალისტია
14.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2024-2025 წლების სეზონის პირველი ფინალისტი თსუ გახდა. გურჯაანის „დელტასთან" ნახევარფინალური სერია, თბილისურმა კლუბმა 1-3 მოიგო.

თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს, რომელიც ნახევარფინალური სერიის ორი სათამაშო დღის შემდეგ, „დელტას" 2-0 უგებდა, ფინალში გასვლა მესამე სათამაშო დღესაც შეეძლო, თუმცა, გურჯაანელებმა, სერიაში ანგარიშის შემცირება შეძლეს და დღესაც, მეოთხე სათამაშო დღეს, ალბათ, შეეძლოთ კიდეც სერიაში გათანაბრება. მითუმეტეს, წაგებული პირველი მეოთხედისა და ტაიმის 38-47 (16-29, 22-18) შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა, მესამე მეოთხედის მოგება 9 ქულით მოახერხა, 21-12 და ბოლო მეოთხედის წინ, შეხვედრაში ანგარიშიც გაათანაბრა, 59-59.


თუმცა, აქ, თსუ-ელთა გამოცდილებმა თავისი გააკეთა. დევონტრე ტომასა, ალექსანდრე ფევაძისა და გლენ აბრამის წყალობით, სტუმრებმა 11 ქულიანი გაქცევა მოახერხეს. ზოგადად, ამ მონაკვეთში მასპინძლებმა, მხოლოდ 7 ქულის აღება მოახერხეს.  ლექსო ლაფანაშვილის შეგირდებმა კი, ამ მონაკვეთში 23 ქულა დააგროვეს და საბოლოოდ შეხვედრა, სოლიდურად და დამაჯერებლად 66-82 მოიგეს.


ამ შეხვედრაში, ორივე გუნდში საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე იყო, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 18 მოხსნით ორმაგი დუბლიც გაიფორმა და რეალურად, ერთადერთი კალათბურთელი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ შეხვედრაში, ვინც ამის გაკეთება შეძლო. 17 ქულა გლენ აბრამმა, ხოლო 14 ვილი ისიანმა დააგროვა. სტუმართა კიდევ ერთი კალათბურთელის, გამოცდილი გიორგი ცინცაძის ანგარიშზე კი, შეხვედრაში ყველაზე მეტი, 7 „ასტისტი" დაგროვდა. რაც შეეხება მასპინძელთა გუნდს, „დელტას" შემადგელობაში ყველაზე შედეგიანი ჯორდან სვოპშირი ოყო 17 ქულით. მასზე ერთი ქულით ნაკლები, 16 ქულა დააგროვა, კახელთა მეორე ლეგიონერმა დანია კინგსბიმ.