ესპანელებს მაგრად „შევუყვარდით“, ამჯერად ევრობასკეტის შემდეგ, მსოფლიო შესარჩევის ჯგუფშიც ერთად ვიქნებით
ესპანელებს მაგრად „შევუყვარდით“, ამჯერად ევრობასკეტის შემდეგ, მსოფლიო შესარჩევის ჯგუფშიც ერთად ვიქნებით
13.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები, 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, ევროპული ზონის A ჯგუფში იასპარეზებს. ჯიკიჩის გუნდისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მეტოქეა ცნობილი, ესპანეთი, რომელთან ერთადაც ჩვენებს, მიმდინარე წლის აგვისტოში ევრობასკეტი 2025-ზე მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. წილისყრის შემდეგ ოთხგუნდიან ჯგუფში საქართველოს მეორე ნომერი, ხოლო ესპანეთს, მეოთხე მიენიჭა.


რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის კიდევ ორ წარმომადგენელს, მათი ვინაობა, აგვისტოში მას შემდეგ გაირკვევა რაც ევროპის შესარჩევი ზონის პრე-საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდება. პრე-საკვალიფიკაციო ეტაპზე კი, ის გუნდები მონაწილეობენ, რომლებიც ევრობასკეტს მიღმა დარჩნენ და რომელთაგან, მაგალითად დანია, შესაძლოა ჩვენზე ძალზედ ნაწყენიც კი იყოს. თუმცა, მანამდე დანიამ უპირატესობა ხორვატიასთან და ნორვეგიასთან უნდა დაამტკიცოს, ჩვენს ჯგუფში მოსახვედრად კი, მეორე ადგილით უნდა დაასრულოს ასპარეზობა, რადგან წილისყრით ამ პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფიდან, ჩვენთან სწორედ მეორეადგილოსანი ხვდება.



ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მეტოქე, მეორე პრე-საკვალიფიკაციო ჯგუფში გაირკვევა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენთან ჯგუფში უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთს შორის გამარჯვებული მოხვდება.  კალათბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენი გუნდი უკრაინას ორჯერ დაუპირისპირდა, თბილისური შეხვედრა მოიგო, საპასუხოში კი, რომელიც ლატვიაში ჩატარდა, საკმაოდ მიკერძოებული მსაჯობის გამო დავთმეთ.


საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მეექვსე ევრობასკეტის შემდეგ, კვლავ ექნებათ შანსი მეორედ და ისიც ზედიზედ მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ამისთვის ჯიკიჩის გუნდს, ორი შესარჩევი ეტაპის გავლა მოიწევთ. პირველ ჯერზე აუცილებლად უნდა მოვხვდეთ სამ საუკეთესოს შორის, თანაც კარგი ბალანსით და უკვე მომდევნო ეტაპზე B ჯგუფის სამ საუკეთესოს შევეჯიბროთ (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და პრე-საკვალიფიკაციოს შედეგად გამოვლენილი სამეულიდან ჩრდ. მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთი გამარჯვებული). აი, ამ ეტაპის შემდეგ კი, საერთო ჯამში (ვინაიდან პირველი შესარჩევი ეტაპიდან გადასულ გუნდებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგი გადაჰყვებათ და ამას დაემატება უკვე მეორე შესარჩევი ეტაპის ქულები), სამი საუკეთესო შედეგი მქონე გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას.




მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის, როგორც უკვე ვიუწყებოდით, სამი სათამაშო ფანჯარა არის გათვალისწინებული. ამ გრაფიკის მიხედვით კი, თამაშები 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისს დასრულდება.


ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ვითამაშებთ მეორე ეტაპს,  2026 წლის აგვისტოდან 2027 წლის თებერვლის ჩათვლით, შემდეგ კი, მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიასპარეზებთ, რომელიც ამჯერად დოჰაში გაიმართება.