
საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა, რომელიც ერევანში უეფა-ს განვითარების თასზე ასპარეზობდა, რამდენიმე წუთის წინ, უზბეკეთის ნაკრები 0-3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი, "დინამო თბილისის" აკადემიელი, თორნიკე კვარაცხელია (ხვიჩას უმცროსი ძმა) დაასახელეს.
ტურნირში, რომელშიც მასპინძელი სომხეთის, უზბეკეთისა და ლატვიის ნაკრებები მონაწილეობდნენ ჩვენმა გუნდმა დღევანდელის გარდა კიდევ ორი შეხვედრა გამართა, ფრედ 1-1 (ნიკა დუნდუამ) ლატვიასთან და 2-2 (ნიკა დუნდუა დუბლი) სომხეთთან ითამაშა. თუმცა, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, განვითარების ტურნირზე, ფრედ დასრულებულ შეხვედრაში ინიშნება 11-მეტრიანები. აქ, პირველ შემთხვევაში ჩვენ გავიმარჯვეთ 2-4, ხოლო მეორეში, დავმარცხდით, 5-3. ამავე დებულებით, პენალტებით მოგებულ მატჩში 2, ხოლო წაგებულში 1 ქულა დაგვეწერა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კი, უკვე არსებულ 3 ქულას კიდევ სამი შეემატა და გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც 2022 წელსაც მოახერხა უეფა-ს განვითარების თასის მოგება, გამარჯვება იზეიმა.
სხვათა შორის დუნდუამ, რომელიც საფეხბურთო კლუბს „გლდანი" წარმოადგენს, დღევანდელ შეხვედრაშიც გაიტანა. მის გარდა უზბეკეთის 15-წლამდე ნაკრების კარის აღება დღევანდელ შეხვედრაში „დინამო თბილისის" აკადემიელებმა, ანდრია ფოცხვერიამ და დავით მაჭარაშვილმა მოახერხეს.
აღნიშნულ ტურნირზე საქართვლოს 15-წლამდე ნაკრები რომელშიც „დინამო თბილისის აკადემიის" (15), სფფ-ის რუხის აკადემიის (2), „გლდანის" (2), „სელეროს"(2), მადრიდის „ატლეტიკოს", 35-ე სკოლისა და ბათუმის „პორტუს" აღსაზრდელები ირიცხებოდნენ, ასე გამოიყურებოდა: მეკარეები: ოთარ გურიელი ("დინამო თბილისი"), ლუკა ფუტკარაძე ("დინამო თბილისი"), ილია ხუნწალია (სფფ-ის რუხის აკადემია); მცველები: ანდრია ფოცხვერია ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ თომაევი ("დინამო თბილისი"), გეგა ამაღლობელი („პორტუს" ბათუმი), ლუკა პაჭკორია (სფფ-ის რუხის აკადემია), ნიკოლოზ კობზონაძე ("დინამო თბილისი"), თორნიკე ფილაური ("დინამო თბილისი"), დაჩი დგებუაძე (35-ე სკოლა); ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი ("დინამო თბილისი"), მარკოს თოდუა (მადრიდის „ატლეტიკო", ესპანეთი), დავით მაჭარაშვილი ("დინამო თბილისი"), ანდრია ოჩიგავა ("დინამო თბილისი"), რობი ფერიაშვილი ("გლდანი"), გაბრიელ გოგუა ("დინამო თბილისი"), ერეკლე კაკულია ("სელერო"), თორნიკე კვარაცხელია ("დინამო თბილისი"), სანდრო ბინიაშვილი ("დინამო თბილისი"), დემეტრე ქურასბედიანი ("დინამო თბილისი"), გეგა ავალიანი ("სელერო"), თავდამსხმელები: ნიკოლოზ დუნდუა ("გლდანი"), ლევან ჭიკაიძე ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ სახვაძე ("დინამო თბილისი").
ფოტო: სფფ