ვიდრე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფერხულში ჩავებმებით...
ვიდრე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფერხულში ჩავებმებით...
12.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სულ რაღაც ერთ თვეში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ალბათ, გემახსოვრებათ, ევროპის ჩემპიონატის საგზური, ხორვატიაში, რიეკაში გამართულ ფლეი-ოფში, პენალტების სერიაში მოიპოვა, მასპინძელ, ხორვატიის ნაკრებთან დაძაბულ თამაშში. 


თვის ბოლოს კი, ქართველთა გუნდი, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ავსტრიაში გაივლის. 8 ივნისიდან კი, სლოვაკეთში გადავა, სადაც მინიმუმ 18 ივნისამდე დაბინავდება და უკვე ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში მოემზადება ახალგაზრდული ევროს ჯგუფში ჩასატარებელი თამაშებისთვის პოლონეთი (11.06.25), საფრანგეთი (14.06.25) და პორტუგალიის (17.06.25) ახალგაზრდული ნაკრებების წინააღმდეგ. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მაისს, დაიწყო აღნიშნულ თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომელთა ფასიც 40 ლარია.


მანამდე კი, ვიდრე უშუალოდ ახალგაზრდული ევროს ბატალიებში ჩავერევით, ჩავხედოთ იმ ქართველი ლეგიონერების საკლუბო მარათონს, რომლებსაც სვანაძის გუნდის შემადგენლობაში, დიდი ალბათობით მოუწევთ თამაში. ფეხბურთის გულშემატკივარს იმასაც შევახსენებთ, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ახალგაზრდული ევროს დაწყებამდე, ორი ამხანაგური თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც აქვს, საქართველოს ნაკრებების სამწვრთნელო შტაბმა დიდი ხანია განსაზღვრა პრიორიტეტი - საქართველოს ახალგაზდრული ნაკრები, ასე, რომ „სვანას" განკარგულებში იქნება ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც ასაკით, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უწევთ თამაში.


ალბათ, უნდა დავიწყოთ გაბრიელ სიგუათი, რომლის „ბაზელიც" შვეიცარიის ჩემპიონი გახდა და ბუნებრივია, გუნდთან ერთად, ტიტულს ქართველიც ზეიმობს. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი, შვეიცარიული სუპერლიგის მორიგ თამაშზე, რომელიც „ბაზელმა",  „ლუგანოს" წინააღმდეგ გასვლაზე ქართველი განაცხადში კი იყო, თუმცა, არ უთამაშია. „ბაზელმა" კი, კაცნაკლული შემადგენლობით 2-5 გაიმარჯვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სუპერლიგის მოგება იზეიმა. ზოგადად, სიგუას რაც შეეხება, მიმდინარე წლის მანძილზე ქართველს, სუპერლიგის 13 შეხვედრაში მიეცა სათამაშო დრო, ერთი მატჩი ჩაატარა სათასო შეხვედრაში, რომელშიც გოლიც გაიტანა.


უკრაინის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ლუკა ლაცაბიძისა და გიორგი რობაქიძის  „ჩერნომორეცი" სტუმრად „ვორსკლას" დაუპირისპირდა. ორივე ქართველი გუნდს სათადარიგო შემადგენლობაში ჰყავდა. თუმცა, მოედანზე და ისიც მხოლოდ, 81-ე წუთზე ერთი შევიდა, გიორგი რობაქიძე. რაც შეეხება ლაცაბიძეს, რომელსაც 21-წლამდეთა ნაკრებში დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში მოუწევს თამაში,  18 შეხვედრაში მოახერხა თამაშში და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება კონკრეტულ შეხვედრას „ვორსკლასთან", ის, ქართველების გუნდის გამარჯვებით, 1-2 დასრულდა. ქართველების გუნდი კი ამ ეტაპზე, 21 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა და დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატია.


ირაკლი აზაროვი, რომელიც 21-წლამდეთა შორის ბოლოჯერ დაცავს, საქართველოს ნაკრების ღირსებას, უკრაინული პრემიერ-ლიგის ბოლო შეხვედრაში, რომელშიც დონეცკის „შახტარმა" გასვლაზე „ლუგანსკთან" ფრედ, 0-0 ითამაშა, განაცხადში კი იყო, თუმცა, არ უთამაშია. ზოგადად ქართველს ჩემპიონატის მხოლოდ, 11 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. „შახტარი" კი, მესამე ადგილზეა და უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის შანსი აქვს.


უკრაინაში მყოფი კიდევ ერთი ქართველი მცველის, გიორგი მაისურაძის „ჟიტომირმა" საშინაო შეხვედრაში ფრედ, 0-0 ითამაშა კიევის „დინამოსთან", თუმცა, წითელი ბარათის გამო, მაისურაძეს, ამ შეხვედრის გამოტოვება მოუხდა. უკრაინული გუნდის შემადგენლობაში ქართველს 14 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი გუნდი კი, უკრაინულ პრემიერ-ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება.


შვედეთის ოლსვენსკას მე- 8 ტურში, საბა მამაცაშვილის „სირიუსმა", 2-0 დაამარცხა „ჰაკენი". ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მატჩში, მე-80 წუთიდან ჩაერთო. მიმდინარე ჩემპიონატში, მამაცაშვილს, შვედური გუნდის შემადგენლობაში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.


ლატვიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია „რიგას ფუტბოლა სკოლა", რომელშიც ქართველი ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია თამაშობს. ჩემპიონატის ბოლო ტურში, ქართველი განაცხადში არ ყოფილა, თუმცა, მიმდინარე წელს ქართველს რიგელთა მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული, 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა საკუთარ აქტივში ჩაწერილი.


პორტუგალიური „სანტა კლარას" შემადგენლობაში სკამზე გაატარა მორიგი ტური ოთარ მამაგეიშვილმა. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ქართველების ერთ-ერთი მეტოქე ქვეყნის წარმომადგენლები, როგორც ჩანს ოთარს არ სწყალობენ. ან თუ ოდნავ „შეთქმულების თეორიებს" მივენდობით, უბრალოდ, კონკურენტს, რომელიც ქართველთა გუნდში ერთ-ერთი საყრდენი ფიგურაა, ფსიქოლოგიურად შლიან. პორტუგალიაში გადაბარგების შემდეგ, ტყუპისცალ მამაგეიშვილს, 31 იანვრიდან მხოლოდ 4 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.


ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში, ვასილიოს გორდეზიანმა ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის 30-ე ტურში, რომელშიც მისი გუნდი, „სარაევო", „შიროკი ბრიეგის" მასპინძლობდა და 22-ე წუთზე გატანილი მასპინძელთა ავტოგოლის წყალობით 0-1 დამარცხდა. გორდეზიანი, მეორე ტაიმში შეცვალეს. მეორე ტაიმშივე, მოედანზე გამოვიდა „სარაევოს" მეორე ქართველი გიორგი გულიაშვილი, რომელსაც ტრავმის გამო 7 ტური გაუცდა და 30-ე ტურში დაბრუნების შემდეგ, მეორე შეხვედრა გამართა. ქართველების გუნდი, ჩემიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მესამე ადგილზეა და უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის კარგი შანსი აქვს.


ნიდერლანდების პირველ დივიზიონში, კარგი სეზონი აქვს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთ ნახევარმცველს ირაკლი ეგოიანს. „ვიტესის" შემადგენლობაში 2024-2025 წლების სეზონზე, ირაკლის, 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 8 გოლი გატანილი და 5 საგოლე გადაცემა გაკეთებული. მისმა გუნდმა ბოლო ტურში „დენ ბოსხი" დაამარცხა 3-1, ეგოიანმა კი, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 89 წუთი დაჰყო. თუმცა, მისი გუნდი, სატურნირო ცხრილში ბოლი ადგილზეა.


„დინამო თბილისიდან" ისრაელში გადაბარგებულ ლევან ოსიყმაშვილს, „ჰაპოელ ჰადერას" მაისურით, ლიგა ჰაალიში 13 შეხვედრა აქვს გამართული. ბოლო ტურში, ლევანის გუნდი, „ჰაპოელ იერუსალიმთან" 2-4 დამარცხდა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაწყო და 54 წუთი ითამაშა.


გიორგი კვერნაძის  „ფროზინონე" იტალიის სერია B-ს ფლეი-აუთის ზონაშია. ქართველის გუნდმა, აღნიშნული ლიგის 38-ე ტურში, გასვლაზე, 0-2 წააგო „პალერმოსთან". ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ამ მომენტისთვის კვერნაძეს, 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.


ბუნებრივია ახალგაზრდულ ნაკრებში არია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები და ჩვენი ნაკრების ოფიციალური განაცხადის გამოქვეყნებამდე, როდესაც ჩვენც, თქვენთან ერთად გავიგებთ, თუ საბოლოოდ, ვისზე შეაჩერა ყურადღება რამაზ სვანაძემ და მისმა სამწვრთნელო გუნდმა შევეცდებით, გიამბოთ, იმ ფეხბურთელებზე, ვინც დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ 21-წლამდეთ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე დაიშვებიან 2002 წელსა და შემდგომ დაბადებული ფეხბურთელები.