როცა საქმე გაკეთებულია, დაუგეგმავი „სპარინგში“ მარცხიც არაა დასაძრახი
როცა საქმე გაკეთებულია, დაუგეგმავი „სპარინგში“ მარცხიც არაა დასაძრახი
11.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი ციკლი მარცხით დაასრულა. თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე - საქართველოს ნაკრებს აკლდა ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშე, ერეკლე არსენაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე (რომლის სამედიცინო „ვერდიქტიც" სამშაბათს გახდება ცნობილი), ხაზეინ რუსტამოვი და ნიკა კალანდაძე (ეს უკანასკნელი, იმედია ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის უკვე სრულად რეაბილიტირებული იქნება), გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტიტე კალანდაძეს კი, განკარგულებაში მხოლოდ 12 მოთამაშე ჰყავდა და თან ვეთამაშებოდით, ჯგუფისა და ზოგადად ევროპული ხელბურთის ერთ-ერთ ლიდერს ისლანდიის ნაკრებს, შეხვედრის შედეგიც, 33-21 არც თუ საგანგაშოა. მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა, უმძიმეს შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში, უშუალო კონკურენტი დაამარცხა, ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.


დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, საერთო ჯამში კარგად „მივსდიეთ". პირველი ტაიმი 20-11 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ. ქართველთა გუნდიდან, ამ მონაკვეთში, 7 მცდელობიდან 4 გოლი ჰქონდა გატანილი გიორგი ცხოვრებაძეს.2-2 გიორგი დიხამინჯიასა და გიორგი ლაპიაშვილს. თითო გოლი, გოირგი არეშიძის, ზურაბ აბრამიშვილსა და მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე იყო. სხვათა შორის, მხოლოდ, დღევანდელი და ბერძნებთან ჩატარებული შეხვედრის გამო არა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, გიორგი დიხამინჯიას სტაბილური თამაში მთელი სეზონის მანძილზე. აქვე, თუ შედარებისთვის, ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის რომ მარტივად გასაგები იყოს, ქართველი ფეხბურთელებიდან ოთარ კიტეიშვილს შევადარებდი - მუშა და დაუფასებელი, რომელიც რეალურად გუნდის ხერხემალივით არის.


მეორე ტაიმში, მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ მონაკვეთს უფრო მეკარეების დუელად დავასათაურებდი, რომელშიც ისლანდიელი ვიკტორ ჰალმგრისონის ანგარიშზე მატჩის ბოლოს 16 „სეივი" დაგროვდა. ალბათ, ევროპის ჩემპიონატისთვის ქართულ გუნდში, ტიტე კალანდაძეს, ეს ხარვეზი ექნება გამოსასწორებელი. თავის მხრივ, თავი ჩვენმა კარის მცველებმაც გამოიჩინეს, პირველ ტაიმში ეს უფრო ზურაბ ცინცაძის ანგარიშზე მოვიდა, მეორეში კი, არც დავით ნიქაბაძემ დაუგდო თანაგუნდელს თამასა. საერთო ჯამში, ჩვენმა მეკარეებმა, 15 ბურთი მოიგერიეს.


როდესაც საქმე გაკეთებულია, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მატჩის ანგარიშს, რომელშიც ჩვენ 33-21 (თამაშის სტატისტიკა ) დავმარცხდით. ფაქტია, რომ ქართულმა გუნდმა, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, ისეთი სპარინგი გამართა, რომელსაც ალბათ, ბევრი რომ ეცადა, შესაძლოა, არც გამოსულიყო. შესაბამისად, დააგროვა გამოცდილება, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება ევროპის ჩემპიონატზე. მითუმეტეს, რომ დღეს, ბევრმა ახალგაზრდა ხელბურთელმაც მიიღო თამაშში მონაწილეობა.


ქართველთა ნაკრებიდან დღეს გოლები გაიტანეს: გიორგი ცხოვრებაძემ (7), გიორგი ლაპიაშვილმა (5), გიორგი დიხამინჯია (3), არეშიძე გიორგი (2), მირიან გავაშელიშვილი (2), ზურაბ გოგავა (1), აბრამიშვილი ზურაბი.