
ამბობენ, პირველი არის სირთულეებთან დაკავშირებული, შემდეგ კი, ყველაფერი მარტივად მიდისო. თუმცა, ქართული რეალობისთვის, სადაც ფიგურული ციგურაობა ახლა იკიდებს ფეხს, პირველიც (ბათუმში ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში) რთული იყო, ასე იქნება მეორედაც და ალბათ, კიდევ ცოტა ხანი, ვიდრე ეს რუტინა ისევე, ჩვეულებრივი გახდება, როგორც მაგალითად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ევროპის სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა. მითუმეტეს, რომ ფეხბურთის და თუნდაც, კალათბურთისა თუ ჯუდოს მსგავსად, იმედია სხვა სახეობები არ გვიწყენენ, ქართველებს, უკვე ფიგურულ ციგურაობაშიც გვყავს წარმომადგენლები ვისაც სცნობენ და მათ გამოსვლებს ელიან.
„პირველ რიგში ჩვენი სპორტსმენების წარმატებებმა და მაღალმა რეიტინგმა, საერთაშორისო გაერთიანების (ISU) ყურადღება მიიქცია, მაგრამ რომ არა ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო წლებში აშენდა საქართველოში, მხედველობაში მაქვს, თანამედროვე სტანდარტების საციგურაო დარბაზები თბილისსა და ბათუმში, მსგავსი ტურნირის „წამოღება", რეალობად ვერ იქცეოდა. ამ მხრივ, სახელმწიფოს გვერდში დგომა, ძალიან დიდი დამსახურება და წვლილია. ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უკვე, საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის შესაძლებლობა. ამიტომაც მოგვცეს, ასეთი მნიშნელოვანი ტურნირის ჩატარების უფლება. ეს, რამდენადაც სასიხარულოა, იმდენადვე საპასუხისმგებლოც. უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ჩელენჯერის სერიას. ასევე, იმ სპორტსმენებს, რომლებიც ჩვენთან იასპარეზებენ და ყველა იმ ტურისტს, რომელიც ჩამოვა ამ ტურნირზე დასასწრებად", - ამბობს მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი.
ქართული რეალობისთვის, შესაბამისად, ისტორიაში პირველად საქართველო, ფიგურულ ციგურაობაში ISU-ს ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს, 2025 წლის 8-11 ოქტომბერს უმასპინძლებს. თბილისის ყინულის არენაზე, ამ პერიოდში პირველად სარეიტინგო ქულების დაგროვებას, თანაც, ქართველი ქომაგების თანდასწრებით ჩვენი მოციგურავეებიც შეეცდებიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე წელი წინა საოლიმპიადოა და ტრიბუნიდან წამოსული ყოველი მუხტი, ჩვენებისთვის 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც კი, ექო და საფარი გახდება.
„ფიგურული ციგურაობის განვითრებისთვის, ასეთი მაღალი რანგის ტურნირის მასპინძლობა ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენს ყველა სპორტსმენს მიეცემა საშუალება, რომ საკუთრი, ქართველი მაყურებლისა და გულშემატკივრის წინაშე გამოვიდეს და გააცნოს თავი. ძალიან დიდი ხანია „ბავშვებს", ამის დიდი სურვილი აქვთ. ამ გარემოებას, ყოველთვის, აღნიშნავდნენ და გულდაწყვეტით იძახდნენ, რადგან სხვა ქვეყნის სპორტსმენები, საშინაო კედლებში ხშირად ასპარეზობდნენ", - ამბობს მაკა გიორგობიანი.
ერთი საინტერესო დეტალი - ისევ და ისევ, წინა წლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო, საქართველოს თბილისში, სარეიტინგო ტურნირის მასპინძლობაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო და შესაბამისად, 2025 წლამდე, საერთაშორისო გაერთიანებაში, არც განაცხადის შეტანა უცდია. ამჯერად კი, ვცადეთ და ISU-მაც საქართველოს, მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარების უფლება, პირველივე განაცხადის გაკეთებისთანავე მისცა. ამასთან, საქართველო იმ ოთხ ქვეყანას (იაპონია, გერმანია, ხორვატია, საქართველო) შორის აღმოჩნდა, რომელსაც ოთხივე კატეგორიაში - მამაკაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვებში, მისცეს შეჯიბრის ჩატარების უფლება.
„სასიხარულოა, რომ ჩვენ იმ ოთხ ქვეყანას შორის აღმოვჩნდით, რომელსაც ნება დართეს ჩაატაროს ფიგურული ციგურაობის ოთხივე სახეობა. თავიდან, სამ სახეობაზე იყო საუბარი, არ უნდა ყოფილიყო სპორტული წყვილები, თუმცა, შემდეგ ISU-ს მივმართეთ თხოვნით, რადგან ქართველი გულშემატკივრისთვის, განსაკუთრებით საინტერესო ლუკასა და ანასტასია ხილვა იყო. ამის სურვილი ჰქონდათ სპორტსმენებსაც და შესაბამისად, მათი სურვილიც გაითვალისწინეს, საბოლოო გადაწყვეტილებისას. მოგეხსენებათ, ოლიმპიური სეზონია და მნიშნელოვანია, ასეთი სარეიტინგო ტურნირი, სადაც სარეიტინგო ქულების დაგროვებაა შესაძლებელი, ჩატარდება საქართველოში", - ამბობს მაკა გიორგობიანი.
ალბათ, ახალი ტურნირების დაფუძნებისას, საინტერესო და მნიშვნელოვანია თუ რას „დავარქმევთ" ტურნირს და რამდენად ცნობადს გახდის შემდეგ ეს სახელი, არა მხოლოდ სახეობას, არამედ მასპინძელ ქვეყანასაც მსოფლიოს მასშტაბით. საქართველომ, აქცენტი ისტორიულ-გეოგრაფიულ ჭრილში გააკეთა და ახალ ტურნისაც, შესაბამისი სახელწოდება „თრიალეთის თასი" შეურჩია - ქართული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი და ამავდროულად, ისტორიულად თუ, გეოგრაფიულად, კვეთაში. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში, თრიალეთის წალკის წყალსაცავის მშენებლობისას შუა ბრინჯაოს ხანის ოქროს და ვერცხლის თასები აღმოაჩინეს. სწორედ, ასეთი თასების ანალოგები (თუმცა, ამ ეტაპზე უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით) დამზადდება ტურნირის წარმატებული სპორტსმენებისთვის.
„მსგავსი ტურნირის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის. იმედი მაქვს, რომ მაყურებელიც დაინტერესდება. ტურნირს, აუცილებლად დაესწრებიან ჩვენი ნორჩი მოციგურავეებიც და ცოცხლად ნახავენ სპორტის იმ სახეობაში შეჯიბრს, რომელსაც თავად ეუფლებიან და ეს, ბევრად საინტერესოს გახდის მათ ინტერეს ფიგურული ციგურაობის მიმართ", - ამბობს მაკა გიორგობიანი.
ჩელენჯერის სერიის ტურნირები საერთაშორისო საციგურაო კავშირის ინიცირებით 2014-2015 სპორტული სეზონიდან ტარდება. აღნიშნულ სერიებში დაგროვილი ქულებით განისაზღვრება სპორტსმენებისა თუ ქვეყნების კვოტა ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე გრან პრის სერიებზე. თბილისში გასამართ ტურნირზე მსოფლიოს არაერთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურული მოციგურავე იასპარეზებს.
შენიშვნა: (c) თრიალეთის ქედის ფოტო ლაშა გაბელია