
ხვალ, 11 მაისს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდის სტატუსით. თუმცა, ისევე როგორც მასპინძელი ისლანდია, რომელმაც ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. შესაბამისად, ხვალინდელი შეხვედრაც უფრო ფორმალური ხასიათის იქნება და ალბათ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი შეეცდება, ის მოთამაშეები დატვირთოს, ვისაც შესარჩევი ციკლის დროს ნაკლები სათამაშო დრო მიეცა.
ამ მხრივ, საქართველოს ნაკრებს დიდი არჩევანი არც მისცემია. ხელბურთის მოყვარულებს და ჩვენი გვერდის მკითხველს მოგეხსენებათ, რომ ბერძნებთან მატჩამდე ქართველთა გუნდს, ხაზეინ რუსტამოვი („სლობოდა", ბოსნია) გამოაკლდა. უკვე ბერძნებთან მატჩის დროს, თამაშიდან კლინიკაში აღმოჩნდა, გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი", ჩრდ, მაკრდონია), რომლის „სამედიცინო" ვერდიქტს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამშაბათს შევიტყობთ და გვეცოდინება, როდის დაგვიბრუნდება კაპიტანი. თამაშის დროს ჩვენი გუნდის კიდევ ორი საკვანძო მოთამაშე, ერეკლე არსენაშვილი („ტრემბლი", საფრანგეთი) და ირაკლი კბილაშვილი („ტურდა", რუმინეთი) მსუბუქად დაშავდნენ. შესაბამისად, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, როცა საქმე უკვე გაკეთებულია, ზედმეტი რისკის გაწევა მიზანშეუწონელი იყო. ტექნიკური მიზეზების გამო, გამომდინარე იქიდან, რომ ხელბურთელთა ნაკრები თბილისური მატჩის დასრულების შემდეგ, მალევე გაემგზავრა შორეულ ისლანდიაში, ვერც ტრავმირებული მოთამაშეების ჩანაცვლება მოხერხდა.
ასე, რომ ტიტე კალანდაძის განკარგულებში შემდეგი ხელბურთელები დარჩნენ:ზურაბ ცინცაძე („აზოტი", პოლონეთი), დავით ნიქაბაძე („სარატოვი", რუსეთი), , ზურაბ გოგავა („ალდეკერკი", გერმანია), გიგა მელიავა („ჰლოჰოვეცი", სლოვაკეთი), გიგა ზარნაძე („ჰერმსდორფი", გერმანია), გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი", გერმანია), გიორგი დიხამინჯია („აზოტი", პოლონეთი), ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი"), გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი"), მირიან გავაშელიშვილი („მეტალოპლასტიკა", სერბეთი), გიორგი არეშიძე („ტიმოიშოარა", რუმინეთი), ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია").
ჩვენის მხრივ გვჯერა, რომ შეხვედრა, რომელიც რეიკიავიკში, LaugardalshölL-ის კომპლექსში ჩატარდება, ქართული გუნდისთვის და განსაკუთრებით მისი ახალგაზრდა წევრებისთვის უპირველესად, კარგი გაკვეთილი და გამოცდილება იქნება. შეხვედრა სილქ სპორტი 1-ზე თბილისის დროით 20:00 (live) დაიწყება, ხოლო 21:00 საათიდან მატჩს ჩანაწერის ტრანსლირება სილქ უნივერსალით იქნება შესაძლებელი.