საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა
08.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისი არენაზე, ხელბურთში, საქართველოსა და საბერძნეთის თამაშზე, იმდენი ხალხი მოვიდა, რა რაოდენობაც, პირადად მე, ქართულ თანამედროვე რეალობაში არ მახსენდება. საინტერესო იყო ისიც, რომ როგორ ჩანს, ევროპის ჩემპიონატზე მიმავალ გზაზე, აუცილებლად ბერძნები უნდა დავამარცხოთ - „ოქროს საწმისი" დღემდე, მწარედ გვახსოვს. ამ ლოგიკით, აგვისტოში, ევრობასკეტის ჯგუფშიც, ბერძნებთან უნდა ვიმარჯვოთ. თუმცა, საფეხბურთო ქართულ-ბერძნული დაპირისპირების შემდეგ, ამჯერად, ხელბურთელებმა, მოახერხეს ერთო ტურით ადრე, შესარჩევი საკვალიფიკაციო ჯგუფიდან, მეორე ადგილოსანი გუნდის რანგში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და 11 მაისს, ბოლო ტურში, სადაც ტიტე კალანდაძის გუნდი ისლანდიას დაუპირისპირდება, მშვიდად შეუძლიათ ითამაშონ და ეტაპი დაასრულონ.


დღევანდელი შეხვედრა კი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თავშივე უნდა ვთქვათ, რომ ქართველებმა დანაკლისით დაიწყეს. ტრავმის გამო, გუნდს, ხაზეინ რუსტამოვი ვერ ეხმარებოდა. ამას დაემატა გუნდის კაპიტნის, თეიმურაზ ორჯონიკიძის ტრავმაც, რომელიც ჯერ ორ-წუთიანი ჯარიმის გამო აკლდა გუნდს, შემდეგ კი, სამედიცინო გუნდის წყალობით დატოვა დარბაზი და ჩვენი ინფორმაციით, კლინიკაში იქნა გადაყვანილი. მის შესახებ, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, თუმცა, ბოლო შეხვედრაში, კაპიტანი, დიდი ალბათობით, ქართველთა ნაკრებს ვერ დაეხმარება.




თამაშის მიმდინარეობისას, ქართველი ხელბურთელები, ხშირად მოუწოდებდნენ დარბაზში შეკრებით აქტიურობისკენ, რაც თბილისი არენაზე მოსულ ქომაგს ისედაც არ აკლდა. ალბათ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი გამარჯვება, მათი დამსახურებაცაა. თამაში კი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და თუ არ ჩავთვლით, მომენტებს, როდესაც ქართველთა გუნდი ახერხებდა გათანაბრებას და რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც, ჩვენ, ძირითადად მდევრის როლში ვიყავით. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თუ არ ჩავთვლით ორჯონიკიძის ორ გოლს, ტრავმამდე, პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენი რიგებიდან ყველაზე შედეგიანები, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი და გიორგი დიხამინჯია იყვნენ. აი, ქართული ხელბურთის „კვარას", გიორგი ცხოვრებაძის „შეკავებას" კი, შეხვედრის ამ მონაკვეთში, ბერძენები ასე თუ ისე ახერხებდნენ.  პირველი ტაიმიც მათ, 14-16 მოგვიგეს.


საბოლოოდ, გიორგიმ 4 გოლით დაასრულა ასპარეზობა. თუმცა, შეხვედრის ბოლო წუთებში, როდესაც ტიტე კალანდაძის გუნდმა მოახერხა 2 ბურთით დაწინაურება, დარბაზს შვება სწორედ, ცხოვრებაძის გოლმა მოუტანა, რომელსაც რამდენიმე წამში, დიხამინჯიას მიერ, გოლით დასრულებულმა, სწრაფმა იერიშმა დაუსვა წერტილი. საინტერესო დეტალი, ამ შეხვედრაში პირველი და ბოლო გოლი, სწორედ გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა.



ერთი მნიშნელოვანი დეტალი - საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უფრო გამართულად ჩაატარდა და მას შემდეგ, რაც ირაკლი კბილაშვილმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში, 20-20, ჩვენებს, „უკან აღარ დაუხევიათ". ქართველთა გუნდის მიერ გატანილ 29-ე გოლის შემდეგ კი, ანგარიშში სხვაობა 4 ბურთი იყო, დრო - მხოლოდ 35 წამი, რომელშიც, ნებისმიერი გუნდისთვის 4-ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა წარმოუდგენელია. შესაბამისად, ელადელებმა ერთი კი, გაგვიტანეს, მაგრამ უკვე მეორედ, ბოლო ორ წელიწადში კოლხების შთამომავლებმა, „ოქროს საწმისი" აღარ გავატანეთ. საქართველოს ნაკრებმა 29-26 (მატჩის სრული ოქმი) მოიგო და ზედიზედ მეორედ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.


ქართული გუნდიდან დღევანდელ შეხვედრაში გოლები გაიტანეს: გიორგი დიხამინჯია (7), ირაკლი კბილაშვილი (6), ერეკლე არსენაშვილი (5), გიორგი ცხოვრებაძე (4), ვახტანგ ხელისუფალი (2),  გიორგი არეშიძე (2), თეიმურაზ ორჯონიკიძე (2), მირიან გავაშელიშვილი (1).




და ბოლოს უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველთა გუნდიდან, დღეს ორივე მეკარემ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა და სრულებითაც არ ყოფილა მოულოდნელი, რომ ჩვენი რიგებიდან საუკეთესო სწორედ, მეკარე დასახელდა, თუმცა, ამჯერად ეს აღიარება, დავით ნიქაბაძეს ხვდა წილად.


შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, 11 მაისს, ისლანდიაში გასვლაზე ჩაატარებს.