A ჯგუფის მეტოქეები ცნობილია

06.05.2025
ავტორი: TSFF.Ge
საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები, რომელმაც ახალ ზელანდიაში წარმატებით იასპარეზა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფიდან, ერთი ეშელონით ზევით, A-ში ჯგუფში გადაინაცვლა, საქართველოში დაბრუნდა.
გზად მომავალთ კი, ახალი ჯგუფის მეტოქეებიც „დაეწივნენ". საქართველოს ნაკრები, მეორე დივიზიონის A ჯგუფში, ხუთ შეხვედრას გამართავს. მართალია, ამ ეტაპზე, თამაშების კალენდარი, რომელიც, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ტარდება ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, ვიცით მეტოქეები, რომლებთანაც ჩვენს გუნდს მოუწევს თამაში. ესენი არიან ბელგიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ავსტრალიის, ხორვატიისა და სერბეთის ნაკრები გუნდები.
ჩვენი გვედრი, უახლოეს ხანში, უფრო ახლოს შეეცდება ქართული გუნდის გაცნობას, მათთვის თქვენთან წარდგენას.