„კიტემ“ „შტურმს“ მოაგებინა - ზუკას და ჟორჟის გოლებმა „სენტ ეტიენს“ და „ლიონს“ ვერ უშველა
„კიტემ“ „შტურმს“ მოაგებინა - ზუკას და ჟორჟის გოლებმა „სენტ ეტიენს“ და „ლიონს“ ვერ უშველა
05.05.2025
ავტორი: მარიამ მესხი

ევროპული ჩემპიონატების უმრავლესობა ფინალისკენ გადის. ჩვენს ლეგიონერებს კი, გადამწყვეტი მატჩები აქვთ. ზოგი ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძვის, ზოგიც ჩემპიონატში დასარჩენად, ზოგიც კი დასაწინაურებლად.


2 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა" „ბოხუმს" უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ, ფრეთ დასრულდა, თუმცა, ვენთვის მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ტრავმის შემდეგ ბუდუმ პირველად ითამაშა. ქართველი ფორვარდი მატჩში მე-80 წუთიდან ჩაერთო, თუმცა მიუხედავად აქტიურობისა, გოლის გატანა მანაც ვერ მოახერხა. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ზივზივაძის გუნდი 26 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება. მომდევნო ტურში ბუდუ და „ჰაიდენჰაიმი", 10 მაისს, სტუმრად, უნიონ „ბერლინს" დაუპირისპირდება.


უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში ლუკა ლაცაბიძის და გიორგი რობაქიძის „ოდესამ" ირაკლი აზაროვის „შახტარს" უმასპინძლა. უკრაინის მოქმედმა ჩემპიონმა, „შახტარმა" მეტოქეს დამაჯერებლად, 3-0 სძლია. მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს ლაცაბიძემ და აზაროვმა, რობაქიძე კი, სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და თამაშში არ ჩართულა. აზაროვმა მოედანზე 70 წუთი გაატარა, ლაცაბიძე კი, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. სამწუხაროდ, ლაცაბიძის და რობაქიძის ოდესა უკრაინის ჩემპიონატში 18 ქულით ბოლო ადგილზეა.


ყაზახეთის პრემიერლიგის მერვე ტურში, გიორგი ზარიას „ალმათი" სტუმრად „ულტიაუს" დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4-1 სძლია. შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი ზარიამ, რომელმაც 63-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლიც გაიტანა.


საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „სტრასბურს" დაუპირისპირდა. ლუის ენრიკემ, უკვე, საფრანგეთის ჩემპიონი გუნდი „სტრასბურის" წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა. „კვარა" სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. პსჟ-მ კი, ზედიზედ მეორე მატჩი დათმო და „ნიცას" შემდეგ, „სტრასბურთან" 1-2 დამარცხდა. თუმცა, პსჟ ამ დროისთვის კონცენტრირებული მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეა, სადაც ნახევარფინალში, 7 მაისს, „არსენალის" წინააღმდეგ საპასუხო მატჩს გამართავს. „კვარამ" და პსჟ-მ პირველი მატჩი, ლონდონში, მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგეს.


ზუკა დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" კი, „მონაკოს" უმასპინძლა და სამწუხაროდ, 1-3 დამარცხდა. დავითაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. „სენტ ეტიენის" საუკეთესო ფეხბურთელმა 65-ე წუთზე ფანტასტიკური გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ძალიან ძლიერ „მონაკოსთან" მატჩი მაინც დათმეს.


ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა" „ლენსს" უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ჟორჟის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, თუმცა „ლენსთან" წაგებით, საქმე საკმაოდ გაირთულა. „ბომბარდირმა" მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და 79-ე წუთზე გოლიც გაიტანა. თუმცა, 85-ე წუთზე „ლენსმა" მეორე გოლიც შეაგდო და თამაშიც მოიგო. მომდევნო ტურში მიქაუტაძეს და „ლიონს" რთული თამაში, სტუმრად, „მონაკოს" წინააღმდეგ ელით.


ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილი კვლავაც საუკეთესოა. „კიტეს", „შტურმი" სტუმრად „ლინცს" დაუპირისპირდა და ქართველი ნახევარმცველის გოლით მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო. კიტემ მიმდინარე სეზონსი მეთორმეტე გოლი გაიტანა და ავსტრიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ბრაზილიელ რონივალდოს, მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. „შტურმს" საკმაოდ კარგი შანსი აქვს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდეს. ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, გრაცის „შტურმი" კი, პირველ ადგილზეა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე კი სატურნირო ცხრილში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. კიტეიშვილის გუნდი უახლოეს მდევრებს, ვენის „აუსტრიას" და „ვოლფსბერგერს" სამით, ხოლო მეოთხეადგილოსან „ზალცბურგს", 4 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში კი „შტურმი" 9 მაისს, ზალცბურგს" უმასპინძლებს.


ლა ლიგის 34-ე ტურში კი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" „ლას პალმასს" ეწვია. უხვგოლიანი მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-3 დასრულდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მიუხედავად ძალიან ცუდი სტარტისა, „მამარდას" „ვალენსიას" ევროტურნირების ზონაში მოხვედრის შანსი აქვს. „ღამურები" 42 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, თუმცა კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „რაიო ვალეკანოს", მხოლოდ 2-ით, ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ „სელტა ვიგოს" კი, 4 ქულით ჩამორჩება.


ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ" უმნიშვნელოვანესი ქულა გადაარჩინა. „ქოჩორას" გუნდი ლა ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის და მეორე ადგილსაც ინარჩუნებს. „ლევანტემ", 38-ე ტურში „ტენერიფეს" უმასპინძლა და ქულის გადარჩენა დამატებით დროში, მეხუთე წუთზე შეძლო. ვალენსიური კლუბის უშუალო კონკურენტმა, „რასინგმა" კი, „სარაგოსასთან" წააგო და „ლევანტემ", მეორე ადგილი შეინარჩუნა. ამ დროისთვის ლა ლიგა 2-ს „ელჩე" - 71 ქულით ლიდერობს. 39-ე ტურში (10.05) კი, „ქოჩორას" გუნდი, სწორედ „ელჩეს" დაუპირისპირდება.


კიდევ ერთი ქართველის გუნდი, გიორგი წიტაიშვილის „გრანადა" სტუმრად „მალაგას" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. „წიტამ", მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და მომდევნო მატჩს გამოტოვებს. „გრანადა" ლა ლიგაში დასაწინაურებელი პლეიოფის ზონაში მოხვედრის შანსს კვლავაც ინარჩუნებს. წიტაიშვილის გუნდი 59 ქულით მეშვიდე ადგილზეა და საპლეიოფო ზონის ბოლოადგილოსან „ალმერიას" 3 ქულით ჩამორჩება.


იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ" „ლაციოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალეს. „ემპოლი" 35-ე ტურის შემდეგ 25 წულით მეცხრამეტე, სერია ბ-ში გასავარდნ ზონაშია.


სერია ბ-ში კი გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" „სიტადელას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. კვერნაძემ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 64 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ გიორგი საკმაოდ პროდუქტიული იყო და ფლეშსქორისგან მეორე საუკეთესო - 7.6 შეფასება დაიმსახურა.


დანიის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა" „ბრონდბის" წინააღმდეგ ითამაშა. ქართველი მცველის გუნდმა დამაჯერებლად, ანგარიშით 3-0 მოიგო. „გოჩოლამ" მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მეორე ტაიმის სტარზე შეცვალეს. „კოპენჰაგენი", დანიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს, უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ გამართავს. 11 მაისს გოჩოლეიშვილის გუნდი „მიდტიულანდს" უმასპინძლებს, რომელსაც მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.