
ეროვნული ლიგის მე-12 ტური ცენტრალური შეხვედრით გაიხსნა. თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, თბილისის „იბერია 1999"-მა გორის „დილას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. გათამაშების სატურნირო ცხრილის ორი ლიდერის დაპირისპირებაში ერთადერთი გოლი, 65-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. 12 ტურის შემდეგ, „იბერია 1999"-ი უცვლელად გათამაშების სატურნირო ცხრილს უდგას სათავეში, გორელებმა კი, ადგილი ბათუმის „დინამოს" გაუცვალეს.
თავის მხრივ, ბათუმის „დინამომაც" თბილისში, დავით პეტრიაშვილის არენაზე „გაგრასთან" დაკარგეს ქულები, თუმცა, გორელთაგან განსხვავებით, მოახერხეს ერთი ქულის აღება და ამ ქულის წყალობით, ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს. „გაგრასა" და ბათუმის „დინამოს" თამაშში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ორივე გუნდს შეეძლო 3 ქულის აღება. თუმცა, ამასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ, რომლებმაც ანგარიში 41-ე წუთზე, გახსნეს. ლევან გეგეჭკორის გადაცემით, გოლი, პედრო ბორჟესმა გაიტანა. გაგრელებს სამ ქულამდე, ძირითადი დროის ბოლო წუთი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ 6 წუთში სიზუსტე დააკლდათ. თავის მხრივ, ბოლო წუთებში, ბათუმელთაგან, ლუკა ხარატიშვილს გამოვარჩევდი და კიდევ, ჯალენ ბლესას, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. აღნიშნული შეხვედრა კი, ფრედ, 1-1 დასრულდა. თუკი, ბათუმელებმა მეორე ადგილზე აინაცვლეს, „გაგრამ" სახიფათო ზონას მცირედით დააღწია თავი, თუმცა, ცხრილის ამ ნაწილში საკმაოდ სიმჭიდროვეა. ერთდროულად სამ გუნდს, „გაგრას", „თელავსა" და „კოლხეთი 1913"-ს თანაბრად, 11-11 ქულა აქვს.
განსხვავებით გაგრელებისგან, მე-12 ტურის შეხვედრები წააგეს „თელავმაც" და „კოლხეთი 1913"-მაც. „თელავმა", კავკასიონ არენაზე ქუთაისის „ტორპედის" უმასპინძლა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ამ შეხვედრაში ანგარიში 55-ე წუთზე გაიხსნა, რეალურადაც თამაშს ბედი, ამ მომენტიდან 10 წუთის მანძილზე გადაწყდა, რა დროსაც ქუთაისელებმა, ბიორნ ონსენის (55'), მერაბ გიგაურისა (63') და პაატა ღუდუშაურის (66') გოლებით 0-3 დაწინაურდნენ. კახელთაგან, პრესტიჟის გოლი ტატო ჟივიძემ (77') გაიტანა. „თელვმა" კი, საშინაო შეხვედრა 1-3 წააგო.
წააგო წყალტუბოს „სამგურალმაც", რომელსაც გასვლითი შეხვედრა ჰქონდა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე „გარეჯთან". გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. ბადრი გოგობერიშვილის გადაცემის შემდეგ, გოლი ფრანსუა ეკონგოლომ გაიტანა. 63-ე წუთზე, სტუმართა რიგებში ორი წუთით ადრე, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ფანცულაიამ ანგარიშ გაათანაბრა. თუმცა, გარეჯელებმა სტატუს-კვოს აღდგენა მომენტალურად მოახერხეს, ისე, რომ წყალტუბოელებმა გოლის აღნიშვნით ვერც კი მოასწრეს ესიამოვნათ. 64-ე წუთზე ლევან პაპავამ გაიტანა და „გარეჯმაც" მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, ანგარიშით 2-1.
სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურზეა 19 ქულით „დინამო თბილისი", რომელმაც ამჯერად, საშინაო შეხვედრაში, „დინამო არენაზე", ფოთის „კოლხეთი 1913", მშრალი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. ანგარიში, მე-14 წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა. მალევე, მე-15 წუთზე ვაკო გვილიას გადაცემის შემდეგ, სტუმართა კარი თორნიკე მორჩილაძემ აიღო. კიდევ, რამდენიმე მომენტში, ამ ტაიმშივე დინამოელებმა ვერ მოახერხეს ანგარიშის გაზრდა. თუმცა, მატჩის მიწურულს, შეცვლაზე შემოსული ოთო აფციაურის დაწყებული კონტრშეტევა, გოლით, ასევე შეცვლაზე შემოსულმა ნოდარ ლომინაძემ დაასრულა.
ეროვნული ლიგის მომდევნო მე-13 ტური 7 და 8 მაისს არის დაგეგმილი.