მხოლოდ ერთი მედალი დუშანბედან
მხოლოდ ერთი მედალი დუშანბედან
04.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველმა ჯუდოკებმა დუშანბეს გრან სლემზე, მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლეს. IJF-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ ტურნირზე 2-4 მაისს, შვიდმა ქართველმა იასპარეზა. ჩვენები, მხოლოდ 5 წონით კატეგორიაში იყვნენ წარმოდგენილი, საიდანაც ორი წონა, -81 და +100 კგ გაორებული ჰქონდათ.


-66 კგ თენგო ზირაქაშვილი

-73 კგ გიორგი ტერაშვილი

-81 კგ ალექსანდრე ლოლაძე, კოტე კაპანაძე

-90 კგ ნიკოლოზ დავლაძე

+100 კგ შალვა გურეშიძე, გაბო მუკბანიანი


პირველი წარუმატებელი საასპარეზო დღის შემდეგ, 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კოტე კაპანაძემ, რომელმაც საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიგო - ეს ჩვენი გუნდის ერთადერთი მედალი აღმოჩნდა დუშანბეს გრან სლემზე.


ასპარეზობის ბოლო დღეს, +100 კგ წონით კატეგორიაში, რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო 22 წლის გაბო მუკბანიანს, თუმცა, ქართველი დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ქართველი ჯუდოკების შემდეგი „გაჩერება" ყაზახეთშია, სადაც 9-11 მაისს, საქართველო 9 სპორტსმენით და გვინდა გვჯეროდეს, უფრო წარმატებულად იქნება წარმოდგენილი.



ფოტო: © IJF