სუპერლიგაში ერთი 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია
სუპერლიგაში ერთი 1/2 ფინალური წყვილი ცნობილია
01.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თსუ-სა და გურჯაანის „დელტას", საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 1/2 ფინალში გასასვლელად, სერიაში ოთხ-ოთხი მატჩი დასჭირდათ. თუკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, ნახევარფინალური საგზურის მოგება „გასვლაზე" შეძლეს, გურჯაანის „დელტამ", გამოიყენა სახლის უპირატესობა და ვსა-ს საკმაოდ ძლიერი გუნდი დაამარცხა.

თუმცა, დავიცვათ თანმიმდევრობა. პირველი შეხვედრა თბილისში, თბილისი არენაზე გაიმართა და „რაშმა", თსუ-ს უმასპინძლა. სამი სათამაშო დღის შემდეგ, სერიაში სტუდენტების გუნდი, 2-1 ლიდერობდა. შესაბამისად, ლექსო ლაფანაშვილის გუნდს, კარგად ჰქონდა გააზრებული დღევანდელი დაპირისპირების ფასი და შესაბამისად, პირველი მეოთხედიდან შეეცადა, ყველა კითხვა გაექარწყლებინა - ეს კი, ანგარიშებია მეოთხედების მიხედვით 20-29, 21-23, 17-25, 18-25. რეალურად, თუკი, თსუ-ს თამაშში დღეს მცირედი „ჩავარდნა" იყო, ეს იყო მეორე მეოთხედი, რომელშიც მხოლოდ ორი ქულით მოახერხა გუნდმა გამარჯვება. თუმცა, საერთო ანგარიშიდან გამომდინარე, თსუ-ს, ამ „მოდუნების" საშუალებაც ჰქონდა. გუნდმა საბოლოოდ, 26 ქულის სხვაობით, 76-102 გაიმარჯვა, შესაბამისად, მოიგო სერიაც 3-1 და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. თსუ-ელთა შორის, საუკეთესო დევონტრე ტომასი იყო 18 ქულით, 5 მოხსნითა და 5 პასით. 15-15 ქულა დააგროვეს გიორგი ცინცაძემ და ვილი ისიანმა.  სხვათა შორის ცინცაძეს, 5 მოხსნა და 5 გადაცემაც დაუგროვდა. 13 ქულა დაგროვდა ალექსანდრე ფევაძემ. თუმცა, დაგროვილი ქულების მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებელი, ორით მეტი ქულა „რაშის" კალათბურთელზე ლუკა ლურსმანაშვილზე მოდის. 9 ქულა დაგროვდა ლაშა მიქელაძის ანგარიშზე. ნოდარ გოგოძემ კი, აქტივში 6 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა.


მეორე მეოთხედფინალში, რომელიც კვლავ გურჯაანის სპორტის დარბაზში გაიმართა, ადგილობრივმა „დელტამ", ვსა-ს უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 84-71 გაიმარჯვა. მასპინძლებმა, პირველი მეოთხედი 15-10 მოიგეს, თუმცა, მომდევნოში 21-25 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, დიდ შესვენებაზე მაინც 1-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედში, „დელტამ" ძირითადად პერიმეტრიდან კარგი თამაშის ხარჯზე კვლავ მოახერხა დაწინაურება და მონაკვეთი 9 ქულით, 24-15 მოიგო, ბოლო მეოთხედის წინ კი, 10 ქულით დაწინაურდა. ბოლო მონაკვეთში კი, გააზრებული დაცვა ითამაშა და პერიოდი სამი ქულით, 24-21 მოიგო. საბოლოო ანგარიშში კი, სხვაობამ 13 ქულა შეადგინა. თუმცა, მთავარია, რომ გურჯაანელებმა, თბილისში, წარუმატებლად დაწყებული სერია, დედაქალაქშივე გაათანაბრეს, შემდეგ კი, საშინაო კედლების უპირატესობა გამოიყენეს და 1/2 ფინალში გავიდნენ. გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, მარგი ქმედების კოეფიციენტით გეგი ბაქრაძემ დაიმსახურა, რომელმაც ასევე 13 ქულა შემატა გუნდს, 14 მოხსნას, 5 დაფარებასა და 3 პასთან ერთად. 18 ქულა რიკარდო ლინჩის ანგარიშზეა. საბა ლობჯანიძემ 13 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. რაც შეეხება სტუმართა გუნდს, ვსა-ში საუკეთესო შედეგი შაქუან ჯულსს ჰქონდა 22 ქულითა და 7 მოხსნით.


აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი თამაშის გამარჯვებული გუნდები თსუ და „დელტა" ერთმანეთს 1/2 ფინალში დაუპირისპირდებიან. სერია, რომელიც კვლავ 3 მოგებამდე გაგრძელდება 7 მაისიდან დაიწყება. ამ წყვილში პირველი ორი თამაში გურჯაანში გაიმართება, შესაბამისად კახურ კლუბს, „სახლის კედლებიდან" გამომდინარე, კარგი შანსი ეძლევა დაწინაურების.


და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ მეორე 1/2 ფინალში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი 2010" მეტოქის მოლოდინშია. მისი მეტოქის ვინაობა კი, ზეგ, 3 მაისს, გორში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ „ივერიონისა" და „მარგვეთის" დაპირისპირებაში სამი სათამაშო დღის შემდეგ, საყაიმო ანგარიშია, 2-2, შესაბამისად, გამარჯვებულიც, მეხუთე შეხვედრამ უნდა გამოავლინოს.



კალათბურთის ფედერაციის ფოტო