
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალში, საქართველოს თასის ფინალისტები გამოვლინდნენ. თუკი, საქართველოს ფუტსალის თასისა და ზოგადად, სეზონის სტარტიდან, იყო მოლოდინი, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" არა მხოლოდ ჩემპიონობისთვის არამედ, ითამაშებდა სათასო ფინალშიც, სრული მოულოდნელობა გამოდგა, ამავე ფინალში „დინამო თბილისის" მოხვედრა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბის, ფუტსალის გუნდი, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და იმ დღიდან მოყოლებული, გუნდმა ძლიერთა შორის მოხვედრა 2025 წელს მოახერხა. ახალ გარემოში „აკლიმატიზირებულმა" დინამოელებმა კი, პირველი ტიტულისკენ გაიწიეს.
დღეს, ოლიმპიურ სასახლეში, 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში „დინამო თბილისი", არმიას დაუპირისპირდა, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატში, სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, დინამოელები კი, მე-6 ადგილზე არიან. თუმცა, საჩემპიონო რბოლისგან განსხვავებით, სათასო დაპირისპირებას სულ სხვა დატვირთვა აქვს, რომელსაც როგორც ჩანს დინამოელები უკეთ მოერგნენ. თასის 1/2 ფინალამდე, „დინამო თბილისმა" პენალტების სერიაში დაამარცხა, კსუ, 1/4 ფინალში 5-1 დაამარცხა აწსუ (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და 1/2 ფინალში პენალტების სერიაში სძლია „არმიას". აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში უპირატესობას, მართალია მინიმალური ანგარიშით, თუმცა არმიელები ფლობდნენ. ანგარიში მეორე ტაიმში, 33'47'' შოთა ცირამუას გოლით გაიხსნა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე, ლაშა-გიორგი ობოლაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა პენალტების სერია, რომელშიც პირველი ორი მცდელობისას, ორივე გუნდმა თითო დარტყმა გააცუდა, თუმცა, მომდევნო დარტყმას ყველა ფეხბურთელი ზუსტად ასრულებდა, ვიდრე ჯერი მეკარეებზე არ დადგა. პირველი პენალტის ნიშნულთან, „დინამო თბილისის" კარის მცველი, ლუკა ხარშილაძე მივიდა და გაიტანა. შედეგ, კი, კოლეგას თავად აუღო პენალტი. ბოლო დარტყმას კი, ფინალური საგზურის მოგება შეეძლო - დინამოელმა ბექა მაისაიამ კი, ის ზუსტად შეასრულა.
პირველი ფინალისტი თსუ-სა და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის" წყვილში გაირკვა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილ და ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულ „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს", არ გასჭირვებია, თუმცა, ანგარიში ამ შეხვედრაში პირობითმა მასპინძლებმა თსუ-ს ფეხბურთელებმა 08'36'' ნიკა ჩალაძის გოლით გახსნეს. ნიუ ვიჟენელებმა, მალევე იტალო ბსილიოს გოლით 09'55'' მოახერხეს გათანაბრება და შემდეგ, ვახტან ჯვარაშილის დუბლით (12'29'', 14'31'') დაწინაურება. საბოლოოდ, ვილია სოუზას (18'31'') გოლით პირველი ტაიმი 1-4 მოიგეს. მეორე ტაიმის პირველ ათწუთეულში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს - სოუზამ დუბლი (25'28'', 26'28'') გაიფორმა, რომელსაც ვახტანგ კეკელია (29'44'') კიდევ ერთი გოლი მიამატა. რეალურად, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე „ნიუ ვიჟენსი" 6 გოლით იყო წინ. დასკვნით ათწუთეულში კიდევ 5 გოლი გავიდა, რომელთაგან, სამი თსუ-ელებმა, რომან კუხიანიძემ (31'23'') და გიორგი ხაბალაევმა (36'23'', 39'17''), ორი კი, ნიუ ვიჟენელებმა ბსილიომ (35'58'') და დავით ხეჩიკაშვილმა (38'17'') გაიტანეს. საბოლოოდ, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" 4-9 გაიმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ 1/2 ფინალამდე გზად „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" დაამარცხა ჯერ პსპ, 4-2, შემდეგ სძლია ბსსა-ს 2-11.
„დინამოს" მეტოქეობას ფინალში? სიმართლე გითხრათ „არმიას" უფრო ველოდი. მაგრამ „დინამოს" საკმაოდ სიმპატიური გუნდია და თავისი შრომისუნარიანობით, 1/2 ფინალი არმიასთან ძალიან ძლიერად ჩაატარეს და ბოლომდე ელოდნენ თავის შანსს და ნამდვილად, დაიმსახურეს ფინალში თამაში. ეს, შემთხვევითობა არ ყოფილა. შემთხვევით არ ხდება, რომ ახლადდაარსებულმა გუნდმა მოიგო მესამე ლიგა, მოიგო მეორე ლიგა და უმაღლეს ლიგაში ყოფნისას, თასის ფინალში გასვლა, უკვე შედეგია. ასე რომ ახლა ფინალში, ჩვენ ვხვდებით, „ნიუ ვიჟენი" და სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვემზადოთ ამ თამაშისთვის, რადგან მოვიპოვოთ ჩემპიონობა (თასი). ბრძოლა დაგვჭირდება 200% და თავდადება, თორემ, სხვანაირად, ძალზედ გაგვიჭრდება", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის" მთავარი მწვრთნელი.
საქართველოს თასისთვის, ფინალური შეხვედრა 7 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.