
„თუ გინდა ლიგის მოგება, მაშინ რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთო. ასეთი განსაკუთრებულის გაკეთება მოგვიწევს ერთ კვირაში პარიზში", - ეს არის მიკელ არტეტას გეგმა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ემირეითის" საპრესკონფერენციო დარბაზში გაახმოვანა. ბუნებრივია, რომ „არსენალის" მთავარი მწვრთნელი შედეგით კმაყოფილი არაა, თუმცა, 7 მაისს, გუნდთან ერთად, ბოლომდე ბრძოლას აპირებს. მანამდე კი, ლონდონურ კლუბს, მე-4 წუთზე პსჟ-სგან მიღებული გოლით გამოწვეული შოკიდან, თითქმის ტაიმი გონზე მოსასვლელად დასჭირდა.
ამ შოკის ერთ-ერთი მიზეზი კი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომლის გადაცემაც, შეხვედრის მე-4 წუთზე დემბელემ გოლით დააგვირგვინა. ქართველმა საბოლოოდ, დონარუმასთან ერთად, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა პარიზელთა კარი, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. „კვარამ" ორჯერ საგოლე გადაცემის გარდა, გოლის გატანაც გადაწყვიტა, თუმცა, ბურთი მიზანს ასცდა.
სხვათა შორის, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისული მედია დემბელეს ჯანმრთელობის თემითაც დაინტერესდა. ლუის ენრიკეს ნათქვამს თუ დავეყრდნობით, ფეხბურთელის ტრავმის ხარისხზე, რომელმაც დისკომფორტი უგრძნო მხოლოდ, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ გააკეთებენ განცხადებას. თუმცა, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ საპასუხო თამაშისთვის დემბელე, ჩვეულ ფორმაში იქნება.
„ჩვენ პარიზშიც ვთქვით და ახლაც გავიმეორე, რომ ჩვენ ვართ გუნდი და თუკი, უსმანე ვერ მოახერხებს თამაშს, მის ადგილას მოვა სხვა ფეხბურთელი და ის ითამაშებს", - ამბობს ლუის ენრიკე და ჟურნალისტების შეკითხვისას, როგორ აპირებს ფრანგული კლუბი, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, მოთამაშეებში მოტივაცია შეინარჩუნოს ის პასუხობს: „ვფიქრობ, ჩვენ დღეს შეგვეძლო გვეთამაშა ფრე, ასევე მოგვეგო თამაში, მაგალითად 0-2. ამიტომ საპასუხო თამაშიც, მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს", - ამბობს ენრიკე რომლის გუნდსაც „ასტონ ვილასთან" საპასუხო მატჩში მოტივაციის არქონა დააბრალეს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი საკმაოდ საინტერესო ნახევარფინალი ვითამაშეთ, იმ სტადიონზე რომელიც ზანზარებდა. გოლი კი, ძალიან წააგავდა „ენფილდზე" გატანილს. მაშინ იმ გოლმა ჩვენ ძალები შეგვმატა და სიმშვიდე მოგვანიჭა. ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ვთამაშობთ. გუნდი აგრძელებს სურვილს გაიტანოს გოლები. დღევანდელი თამაშის შედეგი დამაკმაყოფილებელია. ჩვენ, ერთ ნაბიჯში ვართ ფინალთან. ჟურნალისტების კითხვები კმაყოფილების შემცველია. მე კი არ მინდა რომ გუნდის გარშემო იყოს ნეგატიური ატმოსფერო. ეს არაფერში წაგვადგება. ჩვენ არ ვართ იდეალური გუნდი და ვერასოდეს ვიქცევით ასეთად. თუმცა, ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს ამბიცია, შეუძლია თავდაუზოგავად შრომა და არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული. არის კიდევ კავშირი გულშემატკივართან და სასიამოვნოა, აჩუქო ისეთი გამარჯვება, როგორიც დღეს იყო. მეკარეები იმისთვის არიან, რომ დღევანდელის მსგავს მომენტებში იყოჩაღონ. დონარუმა ნომერი პირველია. აი, რას ნიშნავს გუნდს გამოადგეს თითოეულის ტალანტი", - ამბობს ლუის ენრიკე.
1/2 ფინალური შეხვედრა "არსენალსა" და პსჟ-ს შორის, ფრანგული კლუბის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში 7 მაისს გაიმართება. ჩვენ კი, იმედს ვიტოვებთ რომ „კვარას" გუნდს, მიუნჰენში, ფინალში ვიხილავთ.
ფოტო: (c) PSG