საკმარისი იქნება მეოთხე სათამაშო დღე თუ, საჭირო კიდევ ერთი გახდება?
საკმარისი იქნება მეოთხე სათამაშო დღე თუ, საჭირო კიდევ ერთი გახდება?
29.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისევე, როგორც პირველ-ორ 1/4 ფინალურ წყვილში, ვერც დღევანდელმა დღემ გამოავლინა საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ერთი ნახევარფინალისტი მაინც.


არადა დღეს, ამის გაკეთების შანსი თსუ-ს ჰქონდა, რომელიც ფლეი-ოფის 1/4 ფინალური პირველი ორი შეხვედრის შემდეგ, სერიას 2-0-ს იგებდა. თბილისი არენაზე, „რაშისა" და თსუ-ს შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი მეოთხედი, სტუმრებმა ერთი ქულით 18-19 მოიგეს, მეორე მეოთხედი უკვე, მასპინძლების გამარჯვებით, 16-15 დასრულდა და შესაბამისად, პირველი ტაიმის შემდეგ, გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 34-34 გავიდნენ. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ-სთვის, მოულოდნელი გამოდგა შეხვედრის მესამე მეოთხედი, რომელშიც დაგროვილი ქულების დიდი წილი, „რაშის" უკანახაზელ გარეტ ჰიქსიზე მოდის. მან საბოლოოდ, 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საერთო ჯამში, მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ შეხვედრაში 36 ქულა დააგროვა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო მაჩვენებელი იყო. საბოლოოდ, „რაშმა" მესამე მეოთხედის მოგება მოახერხა 26-17 და ბოლო მეოთხედის წინ 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მასპინძლებმა, რეალურად ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა. ბოლო მეოთხედი 18-15, მატჩი კი, 78-66 მოიგეს და სამი შეხვედრის შემდეგ, სერიაში ანგარიში შეამცირეს, თუმცა, შეგახსენებთ, რომ სერიაში, წინ კვლავ თსუ არის, 1-2.  გამარჯვებულმა კი სამჯერ უნდა მოახერხოს მოგება. სერიის მომდევნო მატჩი, რომელიც 1 მაისს გაიმართება, შესაძლოა გადამწყვეტიც გამოდგეს ამ წყვილისთვის.


1 მაისს გაიმართება სერიის მეოთხე შეხვედრა კიდევ ერთი 1/4 ფინალური წყვილისთვის, რომელშიც ვსა და გურჯაანის „დელტა" არკვევენ მომდევნო ეტაპის საგზურის ბედს. შეგახსენებთ, რომ პირველი ორი შეხვედრის შემდეგ, სერიაში საყაიმო ანგარიში 1-1 იყო. დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ კი, „დელტამ" 85-66 მოიგო და სერიაში 2-1 დაწინაურდა. გურჯაანის სპორტის სასახლეში პირველი მეოთხედი ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა მოიგო 17-25, თუმცა, ამ ანგარიშმა როგორც ჩანს სტუმრები შეცდომაში შეიყვანა და მეორე მეოთხედში მხოლოდ 8 ქულის აღება მოახერხეს, როდესაც მასპინძლებმა 20 ქულა დააგროვე, მონაკვეთი 20-8 „დელტას" სასარგებლოდ დასრულდა. ტაიმის შემდეგ, ანგარიში 37-33 იყო „დელტას" სასარგებლოდ. მომდევნო ორ მეოთხედშიც, მასპინძლებმა მოახერხეს დარჩენილი მონაკვეთების მოგება 18-15, 30-18 და საბოლოო მეტოქეს, 19 ქულით მოუგო. გამარჯვებული გუნდიდან, საუკეთესო ჯორდან სვოპშირი იყო 29 ქულით. ორმაგი დუბლი 13 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე გეგი ბაქრაძემ. ვსა-ელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ქსავიერ ჰილ მეისი. ორმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა ლუკა ალავიძეს, რომელსაც 12 მოხსნა დაუგროვდა.


ხვალ, 1/4 ფინალური სერიის მეოთხე სათამაშო დღის პირველი ორი შეხვედრა გაიმართება. ხვალაც და ზეგაც სერიაში გათანაბრების შემთხვევაში კიდევ ერთი, გადამწყვეტი შეხვედრ ჩატარდება. თუმცა, ამ შემთხვევაში მასპინძლები ის გუნდები იქნებიან, რომლებიც სერიის მესამე და მეოთხე შეხვედრებში სტუმრად თამაშობდნენ.



ფოტო: კალათბურთის ფედერაცია