მესამედ ევროპის ჩემპიონები - საქართველო შერეული გუნდური შეჯიბრის გამარჯვებულია
მესამედ ევროპის ჩემპიონები - საქართველო შერეული გუნდური შეჯიბრის გამარჯვებულია
27.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჯუდოს შერეულმა გუნდმა, პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი მოიგო და მესამედ, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. საინტერესოა, რომ დღევანდელი დღის დასაწყისში ევროპის ჯუდოს კავშირის მიერ ორგანიზებულ პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟის დაწყებამდე ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა, შერეული გუნდური შეჯიბრის ფავორიტები და შესაბამისად, მომავალი ჩემპიონების შესახებ საკუთარი პროგნოზი გააკეთეს. მთავარ ფავორიტად ყველამ, საფრანგეთი დაასახელა. მათ შემდეგ, IJF-ის (ნეიტრალური გუნდი, რომელიც ამჯერად რუსეთის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული) სახელდებოდა. დილით, საქართველოზე და ქართულ გუნდზე ლაპარაკი არ იყო, თუმცა, დღის ბოლოს, პოდგორიცაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. იმ ქვეყნის ჰიმნით, სადაც ზუსტად ერთ წელში, 2026 წლის 23-27 აპრილს ევროპის მორიგი ჩემპიონატი გაიმართება.


მანამდე კი, იყო საკმაოდ დაძაბული დღეს, რომელშიც ქართულმა გუნდმა, აზერბაიჯანთან დაპირისპირებით დაიწყო და 4-0 გაიმარჯვა. ქართული გუნდიდან შეხვედრები მოიგეს სოფო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა. მათ გარდა, საშეჯიბრო ბადის პირველი შეხვედრის განაცხადში იყვნენ მარიამ ჭანტურია და ლუკა მაისურაძე.


მომდევნო შეხვედრაში ქართული გუნდი ავსტრიელებს დაუპირისპირდა და ამჯერად, 4-1 გაიმარჯვა. ქართული გუნდიდან შეხვედრები მოიგეს გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ. ჩვენი გუნდის განაცხადში იყვნენ ლაშა შავდათუაშვილი (რომელმაც ერთი შეხვედრა წააგო) და სოფო სომხიშვილი. ამ გამარჯვებით, ჩვენი გუნდი მომდევნო ეტაპზე, 1/2 ფინალში გავიდა.


გათამაშების ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდის მეტოქე გერმანიის ნაკრები იყო. ისე რომ სოფო სომხიშვილსა და გურამ თუშიშვილს არ მოუწიათ ასპარეზობები, ქართულ გუნდს ფინალური საგზური ეთერ ლიპარტელიანმა, მიხეილ ბახბახაშვილმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს.


ყველა სხვა დაპირისპირებისგან განსხვავებით, ფინალი, ფინალური გამოდგა... საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, საქართველოს ნაკრებმა იტალიის გუნდი დამატებით დროში, 3-4 დაამარცხა. ფინალში, ჩვენმა გუნდმა პირველი ქულა დაკარგა - სამწუხაროდ, მიხეილ ბახბახაშვილმა წააგო. ტატამზე მარიამ ჭანტურია გამოვიდა და იუკოთი გაიმარჯვა, ანგარიში გათანაბრდა 1-1. მომდევნო ტატამზე ლუკა მაისურაძე გამოვიდა და ისიც დამარცხდა. იტალია კვლავ დაწინაურდა 2-1. წააგო სოფიო სომხიშვილმაც, იტალია 3-1 დაწინაურდა, ჩვენ კი, ბეწვის ხიდზე გავლა მოგვიწია, თუმცა, საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლებით. გურამ თუშიშვილმა, „თამაშში" დაგვაბრუნა. ეთერ ლიპარტელიანზე კი, დამოკიდებული იყო, ტიტულის მოსაგებად, მოგვეცემოდა კიდევ ერთი შანსი თუ არა. ეთომ, ხასიათი აჩვენა და იპონით გაიმარჯვა. ჩვენი ნაკრების ბედი კი, ლოტოტრონმა გადაწყვიტა, როდესაც დამატებით ქულამდე (პირველივე შედეგიანი ქულა იყო საჩემპიონო) ტატამზე ქალთა მძიმეწონოსანი მოეხმო. ალბათ, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ყველაზე არასასურველი „არჩევანი" იყო ჩვენი გუნდისთვის, თუმცა... სოფომ მოწინააღმდეგეს, გამარჯობის თქმა არ აცალა, ისე გაუმკლავდა მეტოქეს და საქართველოს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა!


სწორედ ამიტომ, დაჯილდოების ცერემონიაზე, საჩემპიონო თასის მიღება, გუნდის კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა, სოფო სომხიშვილს მიანდო!


შერეული გუნდური შეჯიბრის ოქროს მედალი, პოდგორიცაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეხუთე მედალი იყო. შეგახსენებთ, რომ პირად ასპარეზობებში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ) და ილია სულამანიძე (-100კგ), ვერცხლის მედლები და ვიცე-ჩემპიონის ტიტული კი, ეთო ლიპარტელიანსა (-57კგ) და ტატო გრიგალაშვილს (-81კგ) ერგოთ.



ხატია ჯიჯეიშვილისა და EJU-ს ფოტოები