19-19 ქულით, თუმცა, „ლანჩხუთმა“ და „ნიკე-ლუსომ“ ადგილები გაცვალეს
19-19 ქულით, თუმცა, „ლანჩხუთმა“ და „ნიკე-ლუსომ“ ადგილები გაცვალეს
27.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა ლიგის მეშვიდე ტური ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ, ლიდერთა ოთხეული უცვლელია, პირველ ორ ადგილზე მყოფ ორ გუნდს, „ნიკე-ლუსოსა" და „ლანჩხუთს" კვლავ, თანაბარი, 19-19 ქულა აქვთ. თუმცა, მე-7 ტურის შემდეგ, გატანილი გოლების ხარჯზე, „ლანჩხუთი" სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცა. 18 ქულით, მესამე ადგილზეა კვლავ „სამეგრელო". თბილისური „კვარტალი" კი, 12 ქულით მეოთხე საფეხურზე ინარჩუნებს ადგილს.


ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი, სფფ-ის Youtube-ი გვერდითაც გადაიცა და შესაბამისად, ფეხბურთის გულშემატკივარს, საშუალება ჰქონდა, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაშისთვის ედევნებინა თვალი, რომელშიც უპირატესობას „ნიკე-ლუსო" ფლობდა, თუმცა, „კვარტალიც" გვარიანად იკბინებოდა, როცა ამის შანსი ეძლეოდა. მაგალითად, მარიამ ცისკარიშვილს, შეეძლო გოლი გატანა, თუმცა, ნიკელთა მეკარემ სვეტლანა გაბელაიამ მეტოქეს, ამის გაკეთების საშუალება არ მისცა. რეალურად, პირველი სახიფათო მომენტი კი, ამ შეხვედრაში მე-18 წუთზე შეიქმნა, როდესაც ნათია დანელიამ ყოფილი გუნდი კარს შეუტია და „კვარტალი" გოლს, ხარიხამ გადაარჩინა. სხვათა შორის, ხარიხამ, ამ შემთხვევაში, „კვარტალის" კარი კიდევ, რამდენჯერმე იხსნა. თუმცა, უფრო მეტი, „სეივი" სტუმარი გუნდის კარის მცველს, ლიკა ცუხურკაიძეს ჰქონდა. მასპინძელთაგან, გოლების გატანის კარგი შანსები გაუშვეს ხელიდან ნინო ბუხრიკიძემ და თეონა ბაქრაძემ, შეხვედრის მიწურულს, შეცვლაზე შემოსულმა ხატია ჭყონიამაც. გოლები კი, ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში გავიდა - „ნიკე-ლუსომ" ანგარიში სოლანჟე კარვალიაშის ზუსტი 11-მეტრიანით გახსნა. 76-ე წუთზე კი, ზეჰრა ბორაზანჯის, რომელიც მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო,  გადაცემის შემდეგ, იულია სლიასარჩიკმა გადაგზავნა „კვარტალის" კარში. საბოლოოდ,  „ნიკე-ლუსომ" 2-0 მოიგო.


თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, „ნორჩმა დინამომ", „ელიტას" უმასპინძლა. ანგარიში სწრაფი გოლით ნუსრულუ მურზაკულოვამ (3', 36', 65') გახსნა, რომელმაც საბოლოოდ, ამ დღეს, ჰეთ-თრიკიც შეასრულა.  სოფო ბერულავას გოლით (8', 76') მალევე სტუმრები ორი ბურთით დაწინაურდნენ. მალე, ამ გარემოებას, მასპინძელთაგან გაძევებული ფეხბურთელი დაემატა, რომელსაც მოჰყვა 14 წლის ელენე კერესელიძის მიერ 11-მეტრიანით გატანილი სადებიუტო გოლი ქალთა ლიგაში. პირველ ტაიმში გაიტანა ჯესიკა შირზიმ (32' 81' 83' 90'), რომელიც ამ შეხვედრაში პოკერის ავტორი გახდა. კიდევ ორმა ელიტელმა, ნათია ჯოჯუამ (55' 62') და გამოცდილმა ანა კირვალიძემ (61' 71') კი, მეორე ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს. „ნორჩმა დინამომ" მე-7 ტურის შეხვედრა 0-14 წააგო და კვლავ, 0 ქულითა და 0 გატანილი გოლით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.


უხვგოლიანი გამოდგა „ბათუმისა" და „რაჭა 2020" შეხვედრა, რომელიც  ლეონიძის საფეხბურთო ცენტრში მასპინძელთა გამარჯვებით, 6-1 დასრულდა. ანგარიში, აჭარულმა გუნდმა თამრიკო სალუქვაძის (7') გოლით გახსნა, თათია შაინიძის დუბლის (25, 45'+2) შემდეგ კი, პირველი ტაიმი 3-0 მოიგო. თუმცა, ამავე ტაიმში, მასპინძლები სიმცირეში დარჩნენ, მათ ფეხბურთელი გაუძევეს. მიუხედავად ამისა, მეორე „ბათუმმა" მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე კვლავ გაიტანა, თუმცა, დარია ანთაძის (51') გატანილ გოლს, გოლით უპასუხა, სტუმართაგან გვანცა ძოწენიძემ (53'). ქალთა ლიგის დებიუტანტმა გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ ერთით მეტი ფეხბურთელით იყვნენ მოედანზე თამაშის სურათი ვერ შეცვალა, საკუთარ კარში კი, კიდევ ორი გოლი გაუშვა - ნატა მიქელაძემ (75') და გაბრიელა კამარგომ (77'), ორ-წუთიან მონაკვეთში, კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.


გაძევებული ფეხბურთელის გარშე ვერც ჩხოროწყუში, ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა დასრულდა. ადგილობრივ „სამეგრელოსა" და თბილისის „ვერეს" შორის, მშრალად დამთავრებული პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები, მეორე ტაიმის დასაწყისში ათნი დარჩნენ. თუმცა, ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, სწორედ, მათ გაიტანეს. 79-ე წუთზე, მნიშვნელოვანი „სამქულიანი" გოლი ანა დავითულიანმა შეაგდო. „სამეგრელომ", მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო.


ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა", დიდი ანგარიშით, 0-8 დაამარცხა ტრადიციული მეტოქე, ქუთაისის „მართვე". გურულებმა პირველ ტაიმში გატანილ ხუთ გოლს, მეორეში სამი დაუმატეს. ანგარიში ეთერ სულაშვილმა გახსნა მე-13 წუთზე, მატჩის მიწურულს 74-ე წუთზე შესრულებული დუბლის შემდეგ, კი, სულაშვილი ქალთა ლიგის ბომბარდირთა დავას 14 გატანილი გოლით ჩაუდგა სათავეში. ლანჩხუთელთაგან გოლები გაიტანეს ლელუ ჭიჭინაძემ (21', 40'), ანასტასია ბოლქვაძემ (27'),  ტატა მატვეევამ (35'),  ანანო წიქარიძემ (51') და სალომი დიმოპულუმ (80').


ქალთა ლიგის მე-8 ტურის შეხვედრები 4 მაისს არის დაგეგმილი. თუმცა, მანამდე, 30 აპრილს, მე-5 ტურის გადადებული შეხვედრა ჩატარდება, რომელშიც „ბათუმი", თბილისის „კვარტალს" უმასპინძლებს.



სტატიაში გამოყენებულია სფფ-ის რეზი არზიაის და ქსკ "ბათუმის" ფოტოები