ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო...
ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო...
25.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ და დღეს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო.  სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არც ე-10 ტურის შემდეგ შეცვლილა რაიმე, მიუხედავად იმისა, რომ ქულები ცხრილის ლიდერებმა „იბერია 1999"-მა და ბათუმის „დინამომაც" დაკარგეს. ალბათ, ზედა ხუთეულში ერთადერთი ცვლილება რაც თვალში საცემია, ლიდერ ოთხეულთან, ქუთაისის „ტორპედოს" მიახლოებაა. თუმცა, ზოგადად, სატურნირო ცხრილის საკმაოდ სიმჭიდროვეა და ტურიდან-ტურამდე, გუნდებს ადგილების გაცვლა უწევთ.


მე-10 ტური კი, თელავში, ადგილობრივი „თელავისა" და „იბერია 1999"-ის დაპირისპირებით დაიწყო. შეხვედრა გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა. ვალერი გაგუას გაწვრთნილმა „თელავმა" წინა ტურში განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, მოკლე დროში მოახერხა მობილიზება და ტურნირის ლიდერს, ქულები დააკარგვინა.


წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, თავის მხრივ, რეაბილიტირება მოახერხა გორის „დილამაც", რომელმაც თბილისში, მიხელ მესხი 2-ზე „გარეჯი" მინიმალური ანგარიშით, 0-1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი, 65-ე წუთზე, ჟან-მარკ ტიბუემ გაიტანა. 10 ტურის შემდეგ, „გარეჯი" 5 ქულით, ბოლო ადგილზეა.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ, ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, სატურნირო ცხრილის ბოლოში მყოფ გუნდებს, ბევრი საფიქრალი აქვთ. ერთ-ერთი ასეთი „გაგრაა", რომელიც ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე „ტორპედოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ, მე-8 საფეხურზე აღმოჩნდა. ამ მატჩში, ანგარიში მასპინძლებმა, 28-ე წუთზე ბიორნ იონსენის გოლით გახსნეს. 72-ე წუთზე ყოფილი ტორპედოელის, ლევან გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ, ვანდერსონ სილვამ წონასწორობა აღადგინა. თამაშის მიწურულს იყო ერთი საინტერესო მომენტი - გაგრელთა კარში 11-მეტიანი დაინიშნა. თუმცა, VAR-მა პენალტი გააუქმა. ამისდა მიუხედავად, 90-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ მაინც მოახერხა ქუთაისელთათვის „სამქულიანი" გოლი გატანა. „ტორპედომ" 2-1 მოიგო და „გაგრას" სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.


ფოთში, ფაზისის სტადიონზე, კახა ჩხეტიანის გაწვრთნილმა „კოლხეთი 1913"-მა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ფოთელებმა გიორგი აბუაშვილის დუბლით (21', 69') მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალის" წინააღმდეგ, რომელშიც მსაჯებს 7 ბარათის ჩვენება მოუხდათ, იმერლებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. 48-ე წუთზე, ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა. თუმცა, წყალტუბოელებმა, თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს და 2-1 წააგეს.


ტურის ბოლო და ცენტრალური შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე" ჩატარდა. ორი „დინამოს", თბილისისა და ბათუმის შეხვედრა შეიძლებოდა, ოდნავ უფრო დაძაბული ყოფილიყო, თუმცა, ფაქტია, რომ სტუმრებს, რეალურად თბილისელთა კარის მიმართულებით არ დაურტყამთ, თუ არ ჩავთვლით იმ 11-მეტრიანს, რომელიც 71-ე წუთზე, ჯალენ ბლესამ გაიტანა. სხვათა შორის ამ შეხვედრაში ორჯერ ჩაერია VAR-ი, პირველ შემთხვევაში, როდესაც პენალტი დინამოელთა კარში დანიშნა მსაჯმა და შემდეგ, ვიდეო რეფერის ოთახიდან მას მომენტის მონიტორზე ნახვა მოსთხოვეს და გადაწყვეტილება არ შეცვალა და მეორედ, როდესაც, უკვე ბათუმელთა კართან „გასული" მომენტის გამო, იმავე ოთახიდან, მას თამაშის შეჩერება და მომენტის ნახვა ურჩიეს. აქ კი, შეხვედრის არბიტრი, იძულებული გახდა, საკუთარი გადაწყვეტილება გადაეხედა და პენალტი დაენიშნა, რომელიც 88-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ ზუსტად დაარტყა. თბილისელებს, არა მხოლოდ, ქულის, არამედ, 3 ქულის აღებაც მარტივად შეეძლოთ, თუმცა, მიზანს ცოტა აკლდებოდა.


ეროვნული ლიგის მომდევნო, 11-რ ტური 28 და 29 აპრილს არის დაგეგმილი.


სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.