„ქუთაისი 2010“ და თსუ დაწინაურდნენ და 1/2 ფინალთან ერთ ნაბიჯში არიან
„ქუთაისი 2010“ და თსუ დაწინაურდნენ და 1/2 ფინალთან ერთ ნაბიჯში არიან
27.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

26 და 27 აპრილს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხედფინალური ფლეი-ოფის სერიის მეორე სათამაშო დღე იყო. თავიდანვე გეტყვით, რომ ორი გუნდი, „ქუთაისი 1999" და თსუ, გათამაშების მომდევნო ეტაპს თითო ნაბიჯით მიუახლოვდნენ. თუმცა, დავიცვათ თანმიმდევრობა.


26 აპრილს ორი შეხვედრა გაიმართა. გორში, „ივერიონმა", რომელმაც ზესტაფონის „მარგვეთთან" პირველი შეხვედრა მოიგო, მეორე მატჩში 101-108 დამარცხდა. შესაბამისად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა. მომდევნო ორი შეხვედრა უკვე ზესტაფონელთა „სამფლობელოში" გაიმართება. რაც შეეხება სერიის მეორე შეხვედრას, მასპინძლებმა მხოლოდ პირველი და ბოლო მეოთხედების მოგება შესძლეს 23-21 და 36-31. თუმცა, ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.  „მარგვეთმა", ამ დაპირისპირებაში გამარჯვებისთვის  განაცხადი მეორე მეოთხედში გააკეთა როდესაც,  23-31 მოიგო. მომდევნო მონაკვეთში კი, ამ უპირატესობის შენარჩუნება მეტ-ნაკლებად შეძლო, როდესაც მონაკვეთი 6 ქულით მოიგო 19-25. ზესტაფონელთა შორის და ზოგადად, ორივე გუნდში, საუკეთესო მავეინი იყო, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა მოდის. 21 ქულა მოაგროვა ლეიკმა, ხოლო მელიკ მარტინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 12 ქულა, 12 პასი. მასპინძელთაგან, 31 ქულით საუკეთესო იყო რეჯი მესიდორი, ჯეი პალის ანგარიშზე კი, 19 ქულა და 10 მოხსნა.


მეორე შეხვედრა მოიგო კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისი 2010"-მა. ამჯერად, საკუთარ კედლებში ქუთათურებს, თამაშის მოგება უფრო გაუჭირდა, ვიდრე სერიის პირველ მატჩში. თუ არ ჩავთვლით მესამე მეოთხედს, რომელიც ფრედ 28-28 დასრულდა და მაშინაც, საერთო ანგარიში 77-75 იყო, თამაშის დაძაბულ ხასიათზე მიუთითებს. „ბათუმმა" შეიძლება ითქვას, ფეხდაფეხ სდია მთელი თამაში მოქმედ ჩემპიონს (25-24, 26-23, 28-28, 23-18) თუმცა, ვერ გატეხა და საბოლოოდ 102-93 დამარცხდა. ამ წყვილის დუელში, ახლა ანგარიში 2-0 არის ქუთაისელთა სასარგებლოდ და არაა გამორიცხული, ყველაფერი ბათუმში გასამართ, პირველივე მატჩში გადაწყდეს. მატჩის გმირი გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში მნიშნელოვანი ქულები მოუტანა გუნდს, საბოლოოდ კი, 25 ქულით დაასრულა თამაში. 18 ქულა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა. 14 ქულა და 12 პასი ელაია ჯოინერმა. ბათუმელთაგან 22 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა. 15 ქულა დავით ლომიძემ ჩააგდო.


ამ ორი წყვილის სერიის მე-3  სათამაშო დღე ბათუმში, 28 აპრილს გაიმართება.


27 აპრილის შეხვედრების შემდეგაც ორიდან ერთ წყვილში, ლიდერი გამოიკვეთა. თსუ-მ, პირველი შეხვედრის მსგავსად, მარტივად მოახერხა „რაშის" დამარცხება. თბილისი არენაზე, სტუდენტების გუნდმა, თუ არ ჩავთვლით, მეორე მეოთხედს, რომელიც  18-24 წააგო, დანარჩენის სამის მოგება, საკმაოდ დამაჯერებლად, 21-15, 26-22 და ბოლო 18-7 გაიმარჯვა და საბოლოოდ, 83-68 გაიმარჯვა. ალბათ, საინტერესოა ის გარემოება, რომ გამარჯვებულთა რიგებში, განსაკუთრებულად გამორჩეული სტატისტიკა არავის ჰქონია. თსუ-ს ექვსმა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარი გადალახა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 16 ქულა ალექსანდრე ფევაძემ დააგროვა. 13-13 ქულა მოდის დევონტრე ტომასისა და ვილი ისიანის ანგარიშზე. 12 ქულა ნიკა ლეონიძემ ჩააგდო, რომელთა შორის, 7-დან 4 სამქულიანი იყო. „რაშის" შემადგენლობაში კი,  ყველაზე მეტი, 17 ქულით ლაშა მიქელაძემ ჩააგდო.


სერიაში გაათანაბრა გურჯაანის „დელტამაც", რომელმაც თბილისში, დიღომი არენაზე ვსა (ვიქტორ სანიკიძის აკადემია) თითქმის უშანსოდ, 86-101 დაამარცხა. თამაშში, რომელშიც ანგარიში 8-ჯერ გათანაბრდა, ლიდერი კი, 6-ჯერ შეიცვალა, თითო გუნდმა ორ-ორი მეოთხედი მოიგო. ვსა-მ პირველი და მესამე (26-23, 23-20), „დელტამ" კი, მეორე და ბოლო (14-31, 23-27). თუმცა, ამ შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 17 ქულით  მოიგეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გამარჯვებული გუნდიდან 23 ქულით საუკეთესო იყო ლინჩი. 22 ქულა დააგროვა კინგსბიმ, ხოლო გეგი ბაქრაძის ანგარიშზე 17 ქულა იყო. „დელტადან" კიდევ ერთმა მოთამაშემ, სკაილერ პოტერს სამმაგი დუბლამდე 3 პასი დააკლდა, თუმცა, დააგროვა 13 ქულა, 11 მოხსნა. თბილისელთაგან, 22 ქულით ქსავიერ ჰილ-მეისი გამოირჩა. 19 ქულა და 10 პასი ჯერმეინ ჰედის ანგარიშზე დაგროვდა.


ამ წყვილის სერიის მესამე სათამაშო დღე 29 აპრილს არის ჩანიშნული.



ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია