
ვიდრე, ქართული საფეხბურთო ლეგიონი მორიგი ტურის ბატალიებში ჩაერთვება, გუშინ, კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" შინ, „ესპანიოლს" უმასპინძლა და ფრედ, 1-1 ითამაშა. ანგარში, ამ შეხვედრაში სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. მე-40 წუთზე, „მამარდას" ხავიერ პუადო დიაზიმ გაუტანა. თუმცა, რეალურად, „ესპანიოლს" ვალენსიელები მეტი დიდად არც შეუწუხებიათ. მეორე ტაიმში, „სეივები" სწორედ მათი მეკარის რუტინული საქმე იყო. ანგარიში კი, „ვალენსიამ" 57-ე წუთზე, ხავი გუერამ გაათანაბრა. 33 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, „ვალენსია", 39 ქულით მე-15 ადგილზეა და ალბათ, დარჩენილ 5 ტურში, ძალიან უნდა „მოინდომოს", რომ კვლავ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს. მომდევნო ტურის შეხვედრა მამარდაშვილის გუნდს, 3 მაისს, გასვლაზე, „ესტადიო დე გრან კანარიაზე", „ლას პალმასის" წინააღმდეგ უწევს.
საკმაოდ რთული გრაფიკით უწევს წლის ჩამთავრება, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-საც. ბუნებრივია, ქართველის გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე, კარგა ხნით ადრე გაინაღდა პირველობა, მაგრამ პსჟ-ს სეზონის დასრულება წაუგებლად სურს და ამასთან, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი უმნიშვნელოვანესი თამაშებისთვისაც გუნდის საღად ყოფნა ესაჭიროება. შესაძლოა, ამიტომ, სტუმრად, გამოტოვებული 29-ე ტურის შეხვედრაში, „ნანტის" წინააღმდეგ პარიზელებს, თავ-ქუდ მოგლეჯილი არ ურბენია და მთელი თამაში, მარტივა, „აგორავა" ბურთი. ხვიჩამ, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70 წუთი ითამაშა. ანგარიში 33-ე წუთზე ვიტინიამ გახსნა, „კვარას" გასვლის შემდეგ კი, 83-ე წუთზე, დუგლას აუგუსტომ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულა. ლიგა 1-ის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, პსჟ-ს 78 ქულა აქვს. მომდევნო ტურის შეხვედრას კი 25 აპრილს, სახლში, „ნიცას" წინააღმდეგ გამართავს.
5 მაისს დასრულდება კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელშიც, გიორგი ქვილითაიას „არისი" 68 ქულით მეორე ადგილზეა, ლაშა დვალის „აპოელი" კი, 51 ქულით, მე-5 საფეხურზეა და დიდი ალბათობით, 2025-26 წლების სეზონზე, ევროტურნირებს მიღმა დარჩება. სწორედ, „აპოელი" და „არისი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, 22 აპრილს. მასპინძელთა რიგებში, ლაშა 42-ე წუთიდან ჩაერთო, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში გიორგი ქვილითაიამ. ანგარიში სტუმრებმა, 33-ე წუთზე, სტრუსკის გოლით გახსნეს, თუმცა, „აპოელმა" მოახერხა თამაში დაბრუნებაც და ბოლო ათწუთეულში მოგებაც 2-1. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე 8 გატანილი გოლია.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატში, ფერდ, 0-0 დასრულდა ქართველების გიორგი გულიაშვილისა და ვასილიუს გორდეზიანის „სარაევოსა" და „სლობოდას" შეხვედრა. მასპინძელთა გუნდში, ტრავმის გამო, კვლავ გამოტოვა შეხვედრა გიორგი გულიაშვილმა. გორდეზიანი კი, „სარაევოს" შემადგენლობაში მეორე ტაიმში გამოჩნდა. ამ მომენტისთვის, ქართველების გუნდი, 54 ქულით სატურნირო ცხრილში, მესამე ადგილზეა.
და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქართველების კლუბები, მორიგი ტურის შეხვედრებს გამართავენ. დღეს, თბილისის დროით 22:30 წუთიდან, ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიფის ჯგუფში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი", გასვლით შეხვედრაში, „აუსტრია ვენას" დაუპირისპირდება. თუმცა, ამ და სხვა შეხვედრებზე უკვე კვირის ბოლოს, ტრადიციულ მიმოხილვაში.