ქართული ლეგიონის სააღდგომო კვირა ევროპაში
ქართული ლეგიონის სააღდგომო კვირა ევროპაში
22.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ლეგიონისთვის ევროპული საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. გერმანიის ბუნდესლიგაში „ჰადენჰაიმსს" კვლავ ვერ ეხმარება ბუდუ ზივზივაძე, რომლის გუნდმაც, „გამწარებულ" და „სისხლმოწყურებულ" „ბაიერნთან", 0-4 წააგო. გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე მოუწევს თამაში სეზონის ბოლომდე „უოტფორდს", რომელიც ამ მომენტისთვის ჩემპიონშიფში მე-12 ადგილზეა და არც იქით არის და არც აქეთ. სამწუხაროდ, მთელი სეზონი გაუცდა საბა საზონოვს, რომელიც იმედია, ახალი სეზონიდან გააქტიურდება. კვლავ, არ თამაშობს გიორგი გულიაშვილი, რომელმაც ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატში, აპრილის დასაწყისში მიიღო ტრავმა.


მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონობა გაინაღდა, ის, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს გამარჯვებული მეორედაც გახდება, თუკი, რა თქმა უნდა, „ნაპოლი", რომელსაც „ინტერის" მსგავსად 33 ქულა აქვს, დარჩენილ თამაშებში, მოწინააღმდეგეზე უკეთ იასპარეზებს. მანამდე კი, „კვარას" პსჟ-მ ლიგა 1-ის საშინაო შეხვედრაში „ლე ავრის" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ქართველმა ეს შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე მხოლოდ, 73-ე წუთზე შემოვიდა.


პრინციპული ქართული „დუელი" გაიმართა ფრანგულ ლიგა 1-ში, რომელშიც ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა", გიორგი მიქაუტაძის „ლიონს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ზურიკო, მასპინძელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. ქართველს რამდენჯერმე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა, შანსები ვერ გამოიყენა. გოლი არა, მაგრამ საგოლე გადაცემა ჩაიწერა „ბომბარდირმა", თუმცა, იმ დღეს, ჟორჟის დღე არ იყო. ამ თამაშში, კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. პირველი ტაიმის 44-ე წუთზე თამაში დაახლოებით 40 წუთი შეწყდა, მსაჯმა გააუქმა წითელი ბარათი, რომელი  ჩვენი მოსაზრებით, თავდაპირველად, მართებულად გამოიყენა. 30 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენი" 27 ქულით მე-19 ადგილზეა, ხოლო „ლიონს", 51 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა.

 

რადგან სერია A ვახსენეთ, დავიწყოთ დღევანდელი ორშაბათის ამბებით და ვთქვათ, რომ დღეს, რომის პაპის გარდაცვალების გამო, იტალიის სერია A-ს შეხვედრები გადაიდო. თუმცა, მანამდე რამდენიმე თამაში გაიმართა. მათ შორის, ზემოთხსენებული საზონოვისა და საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ", ფრედ, 2-2 ითამაშა უშუალო კონკურენტთან, „ვენეციასთან". გოგლიჩიძემ, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, „ემპოლის" 25 ქულა აქვს და „ლეჩეს" რომელიც, ამ მოცემულობით ლიგაში ადგილს ინარჩუნებს, ერთი ქულით ჩამორჩება.


გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია", წაუგებელ სერიას აგრძელებს. ამჯერად ლა ლიგის 32-ე ტურში „მამარდას" გუნდმა, სტუმრად, „რაიო ვალეკაოსთან" 1-1 ითამაშა. ეს ერთი გოლიც, „მამარდას" საკუთრმა მცველმა გაუტანა. „ვალენსიას" 38 ქულა აქვს, არის მე-14 ადგილზე და გასავარდნ ზონას 9 ქულა აშორებს.


სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში, ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე", რომელმაც „სარაგოსა" 5-2 დაამარცხა. ქართველის გუნდმა 36 ტურის შემდეგ, 66 ქულა დააგროვა და „ელჩეს" და „რასინგს" გაუსწრო. „ქოჩორამ" კი, აღნიშნული ტური, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.


ამავე ლიგაში, გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ", გასვლაზე „კარტახენა" 3-2 დაამარცხა და ერთი ლიგით დასაწინაურებლად, კიდევ წაიწია წინ. „გრანადა" 58 ქულით, ცხრილში მე-6 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლეი-ოფის ზონაშია. „წიტამ", ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 72 წუთი დაჰყო. ქართველმა, გუნდიდან ერთ-ერთი მაღალი შეფასება მიიღო.


ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა" „ლინცს" უმასპინძლა და 2-0 გაიმარჯვა. „კიტეს" ამ ჯერზე, გოლი არ გაუტანია, თუმცა, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 82 წუთი გაატარა. გრაცის გუნდს 33 ქულა აქვს და 5 ქულით უსწრებს, მეორე ადგილზე მყოფ „ზალცბურგს".


ამავე ლიგის, ამავე ჯგუფში, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა" ვენის „რაპიდს" საშინაო შეხვედრა 5-1 მოუგო. ქართველი ისევ სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა, როგორც იქნა, მას თამაშის საშუალება მიეცა. ალთუნაშვილი, მინდორზე 70-ე წუთის შემდეგ შევიდა. რაც ყველაზე საინტერესოა, მისმა გუნდმა, სწორედ, შეხვედრის ბოლო მონაკვეთში მოახერხა კიდევ სამი გოლი გატანა.  „ვოლფსბერგერს" 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.


კუთხურიდან ჩაახვია გოლი საბა მამაცაშვილმა, ოლსვენსკას მე-4 ტურში „მალმიოს" კარში. ქართველმა გოლი მე-10 წუთზე გაიტანა და მოგვიანებით, საკუთარი გუნდიდან საუკეთესო შეფასებაც მიიღო. ქართველი 64-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა კი, ფრედ, 1-1 ითამაშა. „სირიუსი" 4 ტურის შემდეგ, 4 ქულით, მე-13 ადგილზეა.


ნიდერლანდებში, მეორე დივიზიონში, კარგად არ მიდის „ვიტესის" საქმე, რომლის ღირსებასაც ირაკლი ეგოიანი იცავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ, „ვიტესს" 30 ქულა დააკლო და შესაბამისად, სეზონს, მე-20 ადგილით დაასრულებს. ეგოიანმა, სეზონზე, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ 8 გოლიდან, ორი, ირაკლი, ბოლო ტურში,  „როდას", 30-ე და 50-ე წუთებზე გაუტანა.


ქართველების „დუელი" შედგა უკრაინულ პირველობაზე, სადაც, ლუკა ლაცაბიძისა და გიორგი რობაქიძის „ჩერნომორეცმა" სტუმრად, გიორგი კუციას „ვერეს რივნესთან" 2-1 დამარცხდა. ხსენებული ქართველებიდან, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ლუკა ლაცაბიძემ მიიღო. „ლაცაბამ" კი, მე-8 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა. თუმცა, ამის შემდეგ, მისმა გუნდმა ორი გოლი გაუშვა.


და ბოლოს, დავით ვოლკოვმა არა, მაგრამ გიორგი პაპუნაშვილმა, „ზირას" შემადგენლობიდან გიორგი ხარაიშვილის „სუმგაითს" გოლი გაუტანა და საბოლოოდ, 3-1 დაამარცხა. „პაპუნამ" შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და თითქმის 80 წუთი დაჰყო მოედანზე. რაც შეეხება ხარაიშვილს, ის სათამაშოდ, 59-ე წუთზე შევიდა. აზერბაიჯანის ჩემპიონატში, „პაპუნას" ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.