ვიდრე „კვარა“ ცოცხლად, წელს მინიმუმ ორჯერ მოუსმენს და მინდორზე გავა...
ვიდრე „კვარა“ ცოცხლად, წელს მინიმუმ ორჯერ მოუსმენს და მინდორზე გავა...
21.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

„ჰიმნის შექმნის მომენტში არ დაუკონკრეტებიათ თუ რა უნდოდათ, მითხრეს რომ მათ სურდათ, რაღაც კლასიკური, მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო არ დაუზუსტებიათ. ერთი, რაც მითხრეს, ის იყო რომ არ უნდოდათ ყოფილიყო „სოლო" და  უნდათ რომ ჰიმნი, ყოფილიყო ქორო, სხვა ინსტრუქცია არ იყო. კიდევ, ერთადერთი რაც უეფა-ს წარმომადგენლებთან საუბრიდან დავასკვენი, მათ სურდათ, გამომდინარე შეჯიბრის გამორჩეული, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს შინაარსიდან, ჰიმნიც ყოფილიყო მისადაგებული შინაარსობრივად. კი, მესმოდა, რომ ეს (ფეხბურთი - სარედაქციო შენიშვნა) იყო ყველაზე კარგი თამაში, ყველაზე კარგი გუნდების მონაწილეობით, ყველაზე კარგი სანახაობა გულშემატკივრისთვის... რაც შეეხება ტექსტურ ნაწილს, ის,  უეფა-ს ენებზე უნდა ყოფილიყო. არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა", -  იხსენებს წლების შემდეგ ტონი ბრიტენი, ბრიტანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც, საბოლოდ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი შექმნა.


გასულ კვირას, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრის წინ, „ვილა პარკზე", „ასტონ ვილასა" და პსჟ-ს თამაშის დაწყებამდე მასპინძელმა ორგანიზატორებმა, კურიოზული შეცდომა დაუშვეს და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ნაცვლად, უეფა-ს მეორე ტურნირის, ევროპა ლიგის ჰიმნი ჩართეს. სწორედ, მაშინ გადავწყვიტეთ, ცოტა უეფა-ს ჩემპიონთა ჰიმნზეც მოგვეყოლა, რომელმაც, სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის სახეცვლილ ფორმატთან ერთად, მცირედი ცვლილება განიცადა.  მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, უეფა-მ ფართო საზოგადოების წინაშე ჰიმნის ახალი ვერსია წარმოადგინა. ბუნებრივია, თუ მახვილი ყური არ გაქვს, შესაძლოა ეს ცვლილება ვერც შეამჩნიო, რადგან ნოტები იგივეა, თუმცა, ინსტრუმენტალურმა ნაწილმა მეორე პლანზე გადაიწია, აქცენტი კი, ვოკალზე გაკეთდა.


უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი, მოგეხსენებათ, 1992 წელს დაიწერა. ტონი ბრიტენმა ინსპირაციად, გერმანელი კომპოზიტორის გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის (1685-1759) მიერ, 1727 წელს შექმნილი Zadok the Priest („მღვდელი ცადოკის") გამოიყენა. აღნიშნული ნაწარმოების არანჟირებული ვერსიისთვის, საკმაოდ საინტერესოდ შეირჩა ტექსტი - აქ, ავტორი, ძირითადად აქცენტს შემდეგ სიტყვებზე აკეთებს - „მთავარი", „ძლიერი", „საუკეთესო", „ჩემპიონი" და ამას ყველაფერს სამ ენაზე, უეფა-ს ოფიციალურ სამუშაო ენებზე, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ციტირებს.


ჰიმნის პირველად ვერსიას, ლონდონის „St. Martin's in the Fields"-ის ტაძრის აკადემიური ქორო ასრულებს.მუსიკალურად კი, სამეფო ფილარმონიული ორკესტრი (Royal Philharmonic Orchestra) მიერ არის გაფორმებული. 2009 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ჰიმნის შესრულება, ფინალური მატჩების დროს ცოცხლად დაიწყეს მომღერლებმა. ეს საპატიო მისია პირველად, იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ შეასრულა და ამის შემდეგ, კიდევ ორჯერ, 2016 და 2017 წლებში შეასრულა ჰიმნი ცოცხლად.


კიდევ, ერთი საინტერესო გარემოება - როგორც წესი ყველა ნაწარმოებს აქვს დასათაურება. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს კი, სათაური, როგორც ასეთი, არ აქვს. თუმცა, მას, მთელი მსოფლიო სცნობს და პირველივე აკორდებიდან გეტყვის, თუ რა კომპოზიცია სრულდება.


„ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა, ყოველთვის ემოციურია", - ამბობს ჯიჯი ბუფონი, რომელიც ალბათ, ერთ-ერთია ვისაც ეს ჰიმნი ყველზე მეტჯერ აქვს, როგორც მოთამაშეს მოსმენილი, მოედანზე, თამაშის წინ.


2015 წელს, მადრიდული კლუბების „რეალი" - „ატლეტიკოს" 1/4 ფინალური ეტაპის დაწყებამდე, კამერებმა დააფიქსირეს, როგორ აჰყვა სიმღერით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს კრიშტიანუ რონალდუ.


უეფა-ს ოფიციალურ გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „მართლა შთამბეჭდავია, როდესაც გადიხარ მინდორზე და უსმენ მას. მაშინ ხვდები, რომ ეს სხვა მატჩია. ის გახსენებს, რამდენად განსაკუთრებული და მნიშნელოვანი ტურნირი არის".


ერლინგ ჰაალანდს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მაღვიძარას ზარად აქვს დაყენებული, თავად ფეხბურთელი კი, ამ გარემოებას ასე ხსნის: „ყოველ დღე ვიღვიძებ ამ მუსიკით  - ეს არის სიმღერა, რომელიც მე მღლის. დღეს, ყოველთვის კარგად ვიწყებ", ამასთან, სოციალურ ქსელში ხშირად აქვს ატვირთული ვიდეო, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს, მანქანაში უსმენს.


კილიან მბაპეც ამ მხრივ, წლების წინ აქტიურობდა სოციალურ ქსელში და ხშირად ტვირთავდა სოციალურ ქსელში ვიდეოს, რომელშიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ფონად, მაცივრიდან ტირამისუ გამოჰქონდა. სამწუხაროდ, მადრიდის „რეალის" ფანებისთვის, მბაპეს, 2024-2025 წლების სეზონის ფინიშისას, კვლავ მაცივრიდან გამოღებული ტირამისუს თანხლებით მოუწევს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა.


აქვე, გთავაზობთ, სიმღერის ტექსტის (© The Music Agency 1992) სრულ ვერსიას:


Ce sont les meilleures équipes

Es sind die allerbesten Mannschaften

The main event

Die Meister

Die Besten

Les grandes équipes

The champions

Une grande réunion

Eine grosse sportliche Veranstaltung

The main event

Die Meister

Die Besten

Les grandes équipes

The champions

Ils sont les meilleurs

Sie sind die Besten

These are the champions

Die Meister

Die Besten

Les grandes équipes

The champions


მოკლედ, ვიდრე „კვარა", ამ ჰიმნს წელს მინიმუმ კიდევ 2-ჯერ მოუსმენს, სულ ეს იყო, რის შეხსენებაც გვინდოდა.




სტატია მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით