კარგი განწყობა და გამოცდილება, რაც ოლიმპიური სეზონის წინ მნიშვნელოვანია
კარგი განწყობა და გამოცდილება, რაც ოლიმპიური სეზონის წინ მნიშვნელოვანია
19.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

20 აპრილს, ტოკიოში გალა კონცერტით დაიხურება „მსოფლიოს ნაკრებთა თასი", რომელშიც კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში, მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ექვსი ქვეყანა ასპარეზობს. ამ ექვს ქვეყანას შორის კი, წელს პირველად იყო საქართველო. ქვეყანა, სადაც სპორტის ეს სახეობა ახლა იკიდებს ფეხს და რომ, ის ზამთრის სახეობებში გახდეს პოპულარული, ქართული ფედერაცია და კონკრეტულად, მისი პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, „ნემსის ყუნწში ძვრება". შედეგად, გვყავს კონკურენტუნარიანი გუნდიც, რომელსაც ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის სამ კატეგორიაში უკვე აქვს ლიცენზია, ამასთან ორ-ორი და კიდევ ერთის მოგების შანსი 2025 წლის შემოდგომაზე გვაქვს.


ბუნებრივია, ქვეყნები, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში ძალიან, ან მეტ-ნაკლებად წარმატებული და ამასთან, ათეულობით წელია, ტრადიციული მონაწილენი არიან სხვადასხვა შეჯიბრის, ცდილობენ, ქართული გუნდის იმიჯის შელახვას. თუ ოფიციალურად ვერა, სოციალურ სივრცეში ნამდვილად. თუმცა, ამის პარალელურად, საკუთარ გუნდებში არა თუ გენეტიკურად და სისხლით, იმ ქვეყნის დიასპორის, არამედ, ნატურალიზებული სპორტსმენების წყალობით ტიტულებს აგროვებენ. მოკლედ, „სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, საკუთარში დირეს ვერა". თუმცა, ეს იქით იყო და ახლა, ტოკიოში ჯერ კიდევ მიმდინარე ISU-ს ბოლო ღონისძიებას დავუბრუნდეთ.


ტურნირის რეგლამენტის მიხედვით , გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს ორ-ორი ერთეულთა (ქალთა და კაცთა შორი) კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენით  და  თითო წარმომადგენლით სპორტული  და მოცეკვავე  წყვილებში. ქულები იწერება 1-დან 12-მდე, შესაბამისად, 1 ქულა ბოლო ადგილს და 12 - პირველადგილოსანს. შემდეგ, ეს ქულები ჯამდება და გამარჯვებული გუნდიც, ამ ჯამური ქულით ვლინდება.



ქალების კატეგორიაში საქართველოს ანასტასია გუბანოვა და ალინა ურუშაძე მონაწილეობდნენ. ჩემთვის პირადად, ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ბოსტონში განცდილი შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ, როდესაც ანასტასია გუბანოვამ, მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე პროგრამის დაძლევა ვერ მოახერხა, მაშინ როცა, მას მედალოსანთა შორისაც კი ხედავდნენ, შესაბამისად, ანასტასიამ, ვერც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა და ეს ბრძოლა, 2025 წლის შემოდგომაზე ელის, სასიამოვნო იყო, მისი ორივე პროგრამის ნახვა ტოკიოში. ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მოკლე პროგრამაში     69.80 (37.51/32.29) ქულა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. თავისუფალ პროგრამაში, გუბანოვამ  141.39 (73.68 /67.71) მეოთხე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ანასტასიამ, საკმაოდ მცირე დროში, მოახერხა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ტოკიოში, ხასიათი აჩვენა. ჩვენი გუნდის მეორე წარმომადგენლმა ალინა ურუშაძემ, ორივე პროგრამაში ბოლო ადგილი დაიკავა (მოკლე პროგრამაში 38.77 (14.68 /24.09)   ხოლო, თავისუფალში 90.19 (40.90 /49.29), თუმცა ქართველმა მოციგურავემ, პირველად მოახერხა მსოფლიო რეიტინგის ტოპ-სპორტსმენებთან ერთად ეასპარეზა და შესაბამისად ეს მითვის კარგი გამოცდილება იყო.


მამაკაცებს შორის, ქართული გუნდი უკვე ვერ წარმოგვიდგენია, მხიარული ნიკა ეგაძის გარეშე. თუმცა, სრულიად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ყინულზე მორის ყვითელაშვილის ხილვა, რომელსაც რეალურად აქტიური სპორტისთვის თავი დანებებული აქვს, შესაბამისად, არც იმ ინტენსივობით ვარჯიშობს, რასაც შედეგი უნდა მოჰქონდეს. თუმცა, ვიდრე კონსტანტინე სუპატაშვილი წამოგვეზრდება და მაშინ, როდესაც გუნდისთვის საჭირო გახდა, მორისი კვლავ ყინულზე გამოვიდა. ბუნებრივია, ტოკიოში გამართულ ტურნირზე ის არ იყო მისთვის ჩვეულ ფორმაში, თუმცა, საქართველოს ნაკრებს, მან ქულები მაინც მოუტანა. მოკლედ პროგრამაში 59.54 (26.24 /34.30) და თავისუფალში 120.27 (54.54/          66.73) ქულით, თითო ქულით მოგვამარაგა. რაც შეეხება ნიკა ეგაძეს, რომელსაც საკმაოდ დატვირთული წელი ჰქონდა, მოკლე პროგრამაში 84.76 (46.47/38.29) მე-8, ხოლო, თავისუფალ პროგრამაში 147.83 (76.49/72.34)  ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.


სპორტულ ცეკვებში კი, დიანა დევისი და გლებ სმოლნიკი მონაწილეობდნენ. რითმულ ცეკვებში ჩვენმა წყვილმა 76.47 (43.69/32.78) ქულით მე-5 ადგილი, ხოლო თავისუფალ პროგრამაში 118.44 (67.80 /     50.64) ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. ამ წყვილთან დაკავშირებით, უბრალოდ შემიძლია გირჩიოთ, რომ უყუროთ მათ გამოსვლებს, სიმსუბუქეს, ტექნიკის ფლობას, სინქრონსა და ხასიათს. მართლა ისიამოვნებთ...


სპორტულ წყვილებში საქართველოს ღირსებას იმედია კიდევ დიდხანს დაიცავენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. წყვილი, რომელმაც ბოლო წლებში საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია და ყველაზე ახალგაზრდული წყვილი იყო ტოკიოში გამართულ ტურნირზე, ორივე, მოკლე და თავისუფალ პროგრამაშიც მესამე ადგილს დასჯერდა, პირველში 73.67 (40.46 /33.21), თავისუფალში კი, 139.96 (72.63 /67.33) ქულა დააგროვეს.


საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ტოკიოში 6 ნაკრებს შორის 68 ქულით, მე-6 ადგილი დაიკავა და მხოლოდ, 4 ქულით ჩამორჩა მე-5 ადგილზე გასულ კანადას. 10 ქულით გაგვისწრო საფრანგეთმა, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა. საპრიზო სამეული კი, ასე გამოიყურება - 1 ადგილი აშშ (126 ქულა), 2 ადგილი - იაპონია (110) და 3 ადგილი იტალია (86) ქულა, რომელმაც Team Trophy-ზე პირველად მოახერხა საპრიზო სამეულში მოხვედრა.