
მიმდინარე წლის 17-20 აპრილს, ტოკიოში, ფიგურულ ციგურაობაში, გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 2024-2025 წლების საციგურაო სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩნენ გუნდები. ტურნირი, ტრადიციულად, ორ წელიწადში ერთხელ სწორედ იაპონიაში იმართება და "Team Trophy" -ის (გუნდური თასის) სახელით არის ცნობილი.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდის წევრთა 2025 წლის ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებსა და მიმდინარე სეზონის გრან პრის სერიების საერთო შედეგების გათვალისწინებით რამაც საერთო ჯამში 4495 ქულა შეადგინა, ჩვენი გუნდი, ისტორიაში პირველად, მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში.
მსოფლიოს გუნდურ თასზე მონაწილეობას 6 ქვეყნის გუნდი მიიღებს და მათ შორის (აშშ, იაპონია, კანადა, საფრანგეთი, იტალი) არის საქართველოც. მოკლედ, ვიდრე ქართული რაგბი, წლებია ჯიუტად ცდილობს 6 ერში შესვლას, მოციგურავეებმა და ზოგადად სპორტის ამ სახეობამ, რომელიც საქართველოში ახალი იდგამს ფეხს, ამის გაკეთება მცირე დროში მოახერხა. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და იმედია, ამ ხუმრობასაც ჩვენი მორაგბეები, რომლებიც მართლა იმსახურებენ საუკეთესოთა შორის ყოფნას, ხუმრობად მიიღებენ და მალე, მათთვის შესაფერის გარემოშიც ვიხილავთ.
რაც შეეხება გუნდური თასს, ტოკიოში ქართული გუნდი ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას, ანასტასია გუბანოვას, დიანა დევისი/გლებ სმოლნიკისა და ნიკა ეგაძის შემადგენლობით გაემგზავრება.
და ბოლოს, სეზონის ბოლო სტარტამდეც შეგვიძლია თამამად, ვთქვათ, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ, ნელ-ნელა დაიწყო საქართველოს ცნობადობისა და საერთაშორისო აღიარებისთვის „ყინულის გაჭრა" და იმედი გავქს, მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა, შეძლებს ISU-ს რომელიმე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობას, ფიგურული ციგურაობის ჩაკეტილ, საერთაშორისო ოჯახში, ბოლოს და ბოლოს, უფრო თამამად გაგვიღებენ კარს.