
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ამ ტურში კი მისმა გუნდმა სტუმრად სარაგოსა დაამარცხა და ქართველმა ცენტრმა მატჩის MVP-ის ტიტული დაიმსახურა. ტენერიფელთა მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო და საკუთარ მოედანზე სტუმრებს დიდი ბრძოლაც გაუმართა, თუმცა რთულ დაპირისპირებაში გამარჯვება ტენერიფელებს დარჩათ, 93-89.
გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართველი ცენტრი იყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30:43 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფემ პირველი ტაიმი 43-46 წააგო, ხოლო მესამე მეოთხედი 12 ქულით მოიგო და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა. მეოთხე პერიოდში იყო მომენტი, როდესაც სარაგოსამ სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა (80-81), თუმცა შერმადინმა ჯერ ორქულიანს პლუს ჯარიმა ჩააგდო და ტენერიფე 4 ქულით წინ გაიყვანა. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. სტუმრებმა ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნეს და მიმდინარე სეზონში მე-20 გამარჯვება მოიპოვეს.
ტენერიფე რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობს, თუმცა 25-ე ტურის მატჩს სამეფო კლუბი დღეს გამართავს. ტენერიფე მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე გრანადასთან ითამაშებს.