
კიდევ ერთი ერთს პლიუს ერთი ბოსტონიდან. ცოტა ხნის წინ აშშ-ში დასრულდა, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 2024-2025 წლების ჩემპიონატი, რომელზეც ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური ლიცენზიებიც გათამაშდა. სპორტული წყვილის ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას, სპორტული ცეკვების - დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ნიკა ეგაძემაც მოიპივა. ამასთან ყველაზე სასიამოვნო ის გარემოებაა, რომ ამ ლინცეზიებს, გამომდინარე აქედან რომ ჩვენები ყველა დისციპლინაში ათეულში მოხვდნენ, „ბონუსად", პლიუს ერთი ლიცენზია ემატებათ.
ალბათ, საინტერესოა ის გარემოება რომ ნიკა ეგაძე ტურნირიდან ტურნირამდე იზრდება. ეთერ თუთბერიძის შეგირდმა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-6 პოზიციაზე იყო, დღეს მართალია, სამი ადგილით ჩაინაცვლა და საბოლოოდ, 263.03 ქულით მე-9 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
რაც შეეხება თავისუფალ პროგრამას, ქართველმა 172.64 (94.62/78.02) ქულა დააგროვა, რაც დღის მერვე შედეგი იყო. საინტერესოა ის გარემოება, რომ ნიკამ, ტექნიკური ელემენტების მიხედით, მე-5 მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა, ქართველმა კომპონენტებში მიიღო შედარებით დაბალი შეფასება. მიუხედავად ამისა, სწორედ ბოსტონში ნაჩვენები შედეგი გამოდგა ქართველი მოციგურავის საუკეთესო პირადი შედეგი.
და ბოლოს კვლავ შეგახსენებთ და იმედს ვიტოვებთ, რომ სექტემბერშივე ოლიმპიური ლიცენზიის მოგებას ანასტასია გუბანოვაც მოახერხებს, ვინაიდან, სრულიად წარმოუდგენელია ის ვითარება რომელშიც ახლა ჩვენი ქალი მოციგურავეა. ოლიმპიური ლიცენზიების დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირი კი, 2025 წლის სექტემბერში ჩინეთში ჩატარდება.