
ბოსტონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. დღეს მედლების ორი კომპლექტი თამაშდებოდა და ორივეში, როგორც სპორტულ ცეკვებში ასევე მამაკაცებში, საქართველოს ჰყავდა წარმომადგენლები. ყინულზე კი, თავისუფალი პროგრამით, თავდაპირველად სპორტული წყვილები გამოვიდნენ. დიანა დევისა და გლებ სმოლნიკი რიტმული ცეკვების შემდეგ (მოკლე პროგრამა), რომელიც გასული საუკუნის 70-90-იანი წლების თემატიკით იყო განსაზღვრული, მე-14 პოზიციას იკავებდნენ. თუმცა, რამდენიმე წყვილს შორის ისეთი მცირე სხვაობა იყო, რომ დღეს, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო და მოხდა კიდეც.
დიანამ და გლებმა, საკმაოდ დახვეწილი, რთული ელემენტებით გაჯერებული პროგრამა შესანიშნავად და უნაკლოდ შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შედეგი 121.55 ქულა ამ ჯერზე ვერ გააუმჯობესეს, მსაჯებისგან მაინც მაღალი შეფასება 117.28 (66.86 / 50.42) ქულა დაიმსახურეს და თავისუფალ პროგრამაში მე-10 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა. საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამშიც, ქართულმა წყვილმა, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 190.50 ქულით და მე-10 ადგილით დაასრულა. ეს კი, იმის მანიშნებელია, რომ ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის დიანასა და გლების მიერ მოპოვებული ლიცენზიის გარდა, ქართულ ფედერაციას აქვს უფლება, სპორტულ ცეკვებში, კიდევ ერთი წყვილს მისცეს შანსი მიიღოს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. შეგახსენებთ, რომ დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირი, 2025 წლის სექტემბერში, პეკინში გაიმართება. 2024-2025 წლების მსოფლიო ჩემპიონები სპორტულ ცეკვებში კი, ამერიკელები მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი გახდნენ.
ფიგურული ციგურაობის ქართველ გულშემატკივარს გემახსოვრებათ, რომ სპორტულ ცეკვებში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას სპორტული წყვილი, გიორგის ტრავმის გამო დაიშალა. ჩვენი ინფორმაციით, გიორგის მკურნალობა გაუგრძელდა და მწვრთნელობა გადაწყვიტა. რაც შეეხება კაზაკოვას, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ყველა ღონეს ხმარობს, რომ შესაფერისი მეწყვილე მოუძებნოს. თუკი, ეს მალე მოხდება, არაა გამორიცხული, რომ სექტემბერში პეკინში, სპორტულ ცეკვებში სწორედ კაზაკოვამ, ახალ მეწყვილესთან ერთად სცადოს ბედი.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერშივე ლიცენზიის მოგებას ანასტასია გუბანოვა ეცდება, რომელსაც ბოსტონში, ყველასთვის და უპირველესად მისთვის მოულოდნელად მოეცარა ხელი. გეტყვით იმასაც, რომ ქართული გუნდიდან პირველებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს. დღეს მათ, დიანა დევისი (დიანა არის ქართველი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის შვილი) და გლებს სმოლნიკი შეუერთდნენ. ცოტა ხანში კი, გაირკვევა თუ როგორ შეავსებს ამ ჩამონათვალს მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძე.