საქართველოს მეტოქეები „ევრობასკეტი 2025“-ზე ცნობილია
საქართველოს მეტოქეები „ევრობასკეტი 2025“-ზე ცნობილია
27.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს რიგაში „ევრობასკეტი 2025"-ის წილისყრა გაიმართა, რომელსაც ოთხი ქვეყანა და შესაბამისად, ოთხი ქალაქი ოთხ ქალაქში ლიმასოლი(კვიპროსი), ტამპერე (ფინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), რიგა (ლატვია) უმასპინძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებულ ლოკაციებზე მხოლოდ ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება. 1/16 ფინალიდან კი ყველა გუნდი ლატვიაში მოიყრის თავს.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, მისთვის მე-6 „ევრობასკეტზე" კვიპროსზე, ქალაქ ლიმასოლში იასპარეზებს და იტალიის, საბერძნეთის, ესპანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მასპინძელი კვიპროსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. გათამაშების მომდევნო ეტაპზე, ოთხი ჯგუფიდან კი, მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გუნდი გადის.


საინტერესო გარემოებაა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ბოლო 5 წლის მანძილზე ხსენებული გუნდებიდან, კვიპროსისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ არ უთამაშია. ესპანეთს რაც შეეხება და ფეხბურთის მეტოქეობასაც გავიხსენებთ, ესპანეთი, „აღარ გვეშვება" - გემახსოვრებათ, ესპანელები, „ევრობასკეტი 2023"-ის დროსაც ჩვენს ჯგუფში იყვნენ და თბილისში ასპარეზობდნენ.


საბოლოოდ, ჩვენი C ჯგუფი ასე გამოიყურება:

1 - კვიპროსი

2 - იტალია

3 - საქართველო

4 - ესპანეთო

5 - საბერძნეთი

6 - ბოსნია და ჰერცეგოვინა


ცნობილია თამაშების კალენდარიც, საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 28 აგვისტოს დაიწყებს და ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.

30 აგვისტო / იტალია - საქართველო

31 აგვისტო / საქართველო - საბერძნეთი

2 სექტემბერი / კვიპროსი - საქართველო

4 სექტემბერი / ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო


რიგას ცირკში, სადაც მომავალი ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, „ევრობასკეტი 2025" -ის სათამაშო ბურთიც წარადგინეს, რომელზეც ტურნირის ლოგო და სლოგანი #MakeYourMark (დატოვე კვალი) არის დატანილი. სათამაშო ბურთი მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლებმა, თილისმას, სახელად „მარკი" ჩააბარეს.


ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრები, ევროპის რიგით 42-ე ჩემპიონატზე, საკუთარ კვალს აუცილებლად დატოვებს. „ევრობასკეტი 2025" 27 აგვისტოდან დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.