მეტელკინასა და ბერულავას სპორტულმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა კარგად დაიწყო
მეტელკინასა და ბერულავას სპორტულმა წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა კარგად დაიწყო
27.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს ბოსტონში, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, შეეცდებიან ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მედლის მოგებას. მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართული სპორტული წყვილი, 71.68 (39.47 / 32.21) ქულით მეოთხე ადგილზეა და ამ ეტაპისთვის საპრიზო სამეულს მცირედით ჩამორჩება. თუ გავითვალისწინებთ გარემოებას და არც თუ შორეულ წარსულს ევროპის ჩემპიონატიდან, როდესაც ანასტასიამ და ლუკამ მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-9 ადგილიდან, ბრინჯაოს მედლების მოგება მოახერხეს, თავისუფალ პროგრამაში ჩვენებს, ცივ გონებაზე ასპარეზობას და მაქსიმალურ კონცენტრაციას ვუსურვებდით.

სხვათა შორის, საინტერესოა ის გარემოებაც, რომ საასპარეზო წელს, რომელიც სწორედ, ამ მსოფლიო ჩემპიონატის სრულდება, მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამაში ახალი პროგრამით ასპარეზობდა. თუმცა, ბოსტონში, ჩვენებმა „ძველი" პროგრამა გაიხსენეს და უნაკლოდაც შეასრულეს. თუ არ ჩავთვლით, ბოლო ელემენტში დაშვებული მცირე ხარვეზს, რომელმაც ჩვენების გამოსვლის შეფასებისას, ძალიან მცირედით, ჩამოაკლდა ქულები, თუმცა, საერთო ჯამში, ანასტაია და ლუკა, რომლებიც 23 სპორტულ წყვილს შორის, მე-16 ნომრად გამოვიდნენ, ბოლო გამომსვლელებამდე, ლიდერებიც იყვნენ.


თავისუფალ პროგრამაში, სპორტული წყვილების ასპარეზობა, 28 მარტის გამთენიისას, თბილისის დროით, 02:15 საათიდან დაიწყება, თუმცა, ქართული წყვილის გამოსვლა, რომელიც ბოლო ჯგუფში იასპარეზებს, სავარაუდოდ, 05:20-დან იქნება შესაძლებელი.


სპორტულ წყვილებამდე, მოკლე პროგრამით ასპარეზობას დაიწყებენ მამაკაცები, სადაც 39 მონაწილეს შორის, ბოლოს წინა ჯგუფში, 31-ე ნომრად ჩვენი ნიკა ეგაძე იასპარეზებს და მინიმუმ 24 საუკეთესოს შორის შეეცდება მოხვედრას, რაც თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლებას მისცემს.


სამწუხაროდ, ქალთა შორის მოციგურავე ანასტასია გუბანოვა, მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. გუბანოვამ, რომელიც მოკლე პროგრამაში ფინალურ ჯგუფში ასპარეზობდა და რეალურად მსოფლიო ჩემპიონატის მედლის კანდიდატი იყო, ყველასათვის მოულოდნელად პირველი ელემენტის შესრულების დროს დაუშვა შეცდომა, რასაც შეცდომების მთელი კასკადი მოჰყვა. ამასთან მოციგურავეს პროგრამის შესრულებისას ემჩნეოდა ემოცია, რომელის გაკონტროლებაც ვერ მოახერხა - არადა, გუბანოვას ყველა გამოსვლა, ცივი გონებითა და შემართებით არის გამორჩეული. ჩვენმა გოგომ, საბოლოოდ, მისთვის უჩვეულოდ დაბალი შეფასება მიიღო და იმ 24 სპორტსმენს მიღმა დარჩა, რომლებსაც თავისუფალ პროგრამაში და შესაბამისად მედლებისთვის ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ.


აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება შესაბამისად, ქართველი მოციგურავეებისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მაღალი საფეხურის დაკავება. ერთეულთა თანრიგში, ეს 16 საუკეთესოს შორის მოხვედრაა ორი პროგრამის ჯამში. ჩვენებს, სამწუხაროდ გუბანოვას გამოკლებით, ამის გაკეთება, ბოსტონშივე შუეძლიათ. რაც შეეხება ანასტასიას, მას ოლიმპიური საგზურის მოპოვება, მას კიდევ შეეძლება საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ჩინეთში გაიმართება და საიდანაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურს, 5 საუკეთესო შედეგის მქონე მოციგურავე მიიღებს.