
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, მონტენეგროს 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ, ანგარიში კი გახსნა მე-7 წუთზე საბა გეგუჩაძის გოლით და რეალურად, პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტიც გააფუჭა, მაგალითად ვახო სალიამ ხარიხას გაარტყა. ვერ გამოიყენა შანსი ვერც საბა სამუშიამ. 39-ე წუთზე, მონტენეგროელებმა გოლი გაგვიტანეს - დაცვის შეცდომით კარგად ისარგებლა მარკო პეროვიჩმა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1. ანგარიშის მიუხედავად, პირველი ტაიმიდან გამომდინარე რთული წარმოსადგენი იყო, რომ მეორე ტაიმში ჩვენები, ორ უპასუხო გოლს გაუშვებდნენ და ანგარიშით 1-3 წააგებდნენ. ამასთან, მეორე ტაიმში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის არ ესმოდათ. იყო, ბევრი ხარვეზი. არადა, მოწინააღმდეგ, რეალურად სულ რამდენჯერმე გადავიდა ჩვენს მოედანზე, თუმცა, თითქმის ყველა ეს გადასვლა, გოლით დასრულდა.
მოგეხსენებათ, თბილისმა, 19-25 მარტს უეფა, ელიტ-რაუნდის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გარდა ჯგუფში პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველოს 19-წლამდებმა, პირველი შეხვედრა პოლონეთთან 0-3 დათმეს. მომდევნო ჯგუფური მატჩი საკმაოდ სანახაობრივად ითამაშეს სლოვაკეთის წინააღმდეგ და გიორგი ნიკოლაიშვილისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის გოლებით გაიმარჯვეს. ამავე დღეს, პოლონეთის ნაკრებმა მონტენეგროსთან 0-1 წააგო. შესაბამისად, ორი სათამაშო დღის შემდეგ, ორ გუნდს, პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებებს 3-3 ქულა, მონტენეგროს კი, 4 ქულა ჰქონდა.
ტურნირის დებულების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გადიოდა. შესაბამისად, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ სამი ქულა გვქონდა და მონტენეგროსთან გამარჯვების შემთხვევაში, რაც წინა შეხვედრიდან გამომდინარე იმედს გვაძლევდა, მაინც დამოკიდებული ვიყავით პოლონეთის ნაკრების შედეგზე, რომელიც „მიხეილ მესხი 2"-ზე, მიმდინარე შეხვედრის პარალელურად, „დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე" ცდილობდა თამაშის მოგებას და პირველი ტაიმის შემდეგ, 0-2 მიჰყავდა ანგარიში, ამასთან სლოვაკეთის ნაკრები კაცნაკლული იყო დარჩენილი.
როგორც ჩანს ეს გარემოება გადამწყვეტი გამოდგა ჩვენი ნაკრებისთვის, რომელიც მონტენეგროსთან, შესვენების შემდეგ, ერთგვარად ნირწამხდარი გამოვიდა. ევროპის 19-წლამდეთა ფინალურ ეტაპზე კი, მონტენეგროს ნაკრები გავიდა, რომელმაც ჯგუფში დაუმარცხებლად იასპარეზა, 7 ქულა დააგროვა და პირველადგილოსანის სტატუსში, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიგო.