
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთში შეკრება დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა საწვრთნელი პროცესის პარალელურად, ორი სპარინგი გამართა და ორივეში გაიმარჯვა. დღეს, ბელეკში, ქართველი 21-წლამდები სერბეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 1-3 (მატჩის ჩანაწერი) გაიმარჯვეს. ანგარიში მე-11 წუთზე „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილმა და დღეს „ბაზელის" მოთამაშემ, გაბრიელ სიგუამ გახსნა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის მანძილზე ბურთს ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, სერბები ახერხებდნენ ჩვენი კარის დარაჯის, ლევან თანდილაშვილის შეწუხებასაც და საფეხბურთო კლუბი „თელავის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათი კარის მცველმა, მოახერხა რამდენჯერმე თამაშში თავისი წვლილის შეტანაც. თუმცა, 28-ე წუთზე უძლური აღმოჩნდა, მის კარში დარტყმული 11-მეტრიანის გამო. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც, სერბებმა, საკუთარ საჯარიმოში, თორნიკე მორჩილაძე წააქციეს. „დინამო თბილისის" აკადემიის კიდევ ერთმა აღზრდილმა და ამავე კლუბის მთავარი გუნდის მოთამაშემ, თავად შეასრულა პენალტი და სერბებს, ბურთი გასახდელში გაატანა.
მეორე ტაიმში, რამაზს სვანაძემ, მთელი რიგი ცვლილებები გააკეთა. რეალურად, მან, მეორე ტაიმის ბოლომდე შეცვალა თითქმის მთელი გუნდი. მოედანზე დღეს, განაცხადში მყოფი ფეხბურთელებიდან მხოლოდ, ლუკა ხარატიშვილს არ უთამაშია.
მესამე გოლი, სერბეთის ნაკრების კარში, შეცვლაზე შემოსულმა, „დინამო თბილისის" აკადემიის კიდევ ერთმა აღზრდილმა და მთავარი გუნდის ფეხბურთელმა, ირაკლი იაკობიძემ გაიტანა - სტანდარტულის შემდეგ, 84-ე წუთზე, ისარგებლა სერბთა საჯარიმოში არსებული არეულობით და მესამე ბურთი გაიტანა.
აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ სპარინგში, ჩვენმა 21-წლამდე ნაკრებმა, ფინეთის ნაკრები 2-4 დაამარცხა. ამასთან სვანაძის გუნდმა თამაშის დასაწყისში გოლი გაუშვა და ამის შემდეგ, თამაშის შემოტრიალება მოახერხა. იმ თამაშში, გოლები საბა ხვადაგიანმა, საბა მამაცაშვილმა, ოთო და გიზი მამაგეიშვილებმა გაიტანეს.
და ბოლოს გეტყვით, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დღეს გვიან ღამით თბილისში დაბრუნდება. უკვე 28 მარტს კი, ამ ბიჭების უმრავლესობას, ეროვნული ლიგის ტურში მოუწევთ თამაში.
სფფ-ის ფოტო