ჩაიცვი თეთრი საქართველოსთვის!!!
ჩაიცვი თეთრი საქართველოსთვის!!!
20.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისიდან დილით ადრე გამოსულებმა ერევანში 16:00 საათისთვის შემოვაღწიეთ. უკვე 19 მარტიდან, მეზობელ სომხეთში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის რიგი იდგა საბაჟო განყოფილებასთან. ისე, ვინც აქამდე, ავტომობილით ხართ ნამყოფი მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში და ეჭვი გაქვთ, რომ მოძრაობის წესი დაარღვიეთ და დაჯარიმებას გადარჩით, ვერ მოგართვით... ამ ჯარიმას, სომხეთის საზღვრის კვეთისას, აუცილებლად ჩაგაბარებენ და იქვე, ახლოს მდებარე ბანკის ფილიალებზე მიგითითებენ, რომ ჯარიმა დროულად დაფაროთ.

ამინდის პროგნოზი, არც თუ სახარბიელოა. დღეს მთელი დღე წვიმდა და მომენტებში, გვარიანადაც ციოდა. ასე რომ, ვინც დილით მოდიხართ, ესეც გათვალეთ. სხვათა შორის, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სამი კვირის მანძილზე, რაც ის ერევანშია, მოსწონდა ყველაფერი, ამინდიც, ბოლო ორი დღის ამინდის გარდა. დიახ, ჩვენ, ავტომობილებით გადმოსულმა მედიის წარმომადგენლებმა, არა ერთი ფოტო და ვიდეო დავდეთ, ჯერ წვიმიანი, შემდეგ, ნისლიანი და ბოლოს, თოვლიანი გზის. თან სერპანტინია, სიჩქარეც შეზღუდული, ამიტომ თამაშზე ჩამოსწრება თუ გინდათ, მოგიწევთ დროის გადანაწილება. მითუმეტეს, რომ ხვალ ბევრად უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე გადმოკვეთს სომხეთის საზღვარს.


ხვალ სომხეთის საზღვარს გადმოკვეთენ ქართველი ქომაგები, დაახლოებით 4 ავტობუსი და საერთო ჯამში 300 ადამიანი. „გასვლაზე, ოფიციალური ქომაგი, ამდენი ერთად, ჯერ არ ვყოფილვართო", - მითხრა კერძო საუბარში, ერთ-ერთმა ვეტერანმა ქომაგმა.


სხვათა შორის, ქართველ ქომაგთა ძალაზე, დღეს, პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლმაც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რამდენად დიდი ძალაა ეს, მისთვის და მისი გუნდისთვის.


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს, ერევანში, დაახლოებით ისეთი ვითარება შევნიშნე, როგორიც, ევრო 2024-ის დროს ჰამბურგში იყო - ყველა მხრიდან ქართული ლაპარაკი ისმოდა.


ბუნებრივია, ხვალ, სომეხი გულშემატკივარიც დილიდან დაიწყებს ქალაქის შეგულიანებას. ჩვენები კი, ერევანში, ხვალ, 18:00 საათზე, ერევნის რესპუბლიკურ მოედანზე შეიკრიბებიან და იქიდან,  ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონისკენ მსვლელობას მოაწყობენ. ქართველი ქომაგები, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს მოუწოდებენ, ჩაიცვან თეთრი, საქართველოსთვის.


სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, რომელიც ვაზგენ სარგისიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.