ხვალ ერთი გუნდი იქნება ბედნიერი და იმედი მაქვს, რომ ეს საქართველო იქნება
ხვალ ერთი გუნდი იქნება ბედნიერი და იმედი მაქვს, რომ ეს საქართველო იქნება
19.03.2025
ავტორი: მარიამ მესხი / თარამ ჯიშკარიანი

საქართველოდ ეროვნული ნაკრები დღეს დილით, ერევანში ჩარტერული რეისით გადმოფრინდა, ცოტა დაისვენა და მომავალი ასპარეზობის ადგილს მოაკითხა, სადაც უეფა-ს თამაშებისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული მატჩამდე პრეს-კონფერენციები გაიმართა. მასპინძელი სომეხი და ქართველ ჟურნალისტების შეკითხვებს, ქართველთა გუნდიდან ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ოთარ კიტეიშვილმა უპასუხეს. 


ვილი სანიოლი:


„საქართველოს ნაკრებში, წარსულში ყოველთვის გვყავდა ფეხბურთელები ეროვნული ლიგიდან. მათთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეც ვითამაშეთ. ფეხბურთელების კლუბები, ჩემთვის არასდროს ყოფილა კრიტერიუმი, რათა ისინი ნაკრებში მომეწვია. ეროვნულ ნაკრებში, ყოველთვის ხვდებოდნენ საუკეთესოები და ახლაც, მოხვდნენ ისინი, რომლებიც კონკრეტული მომენტისთვის უკეთეს ფორმაში არიან.


საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირება არის დერბი. შესაბამისად, ასეთ თამაშებში ფავორიტი არ არსებობს. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა, როგორც ჩვენთვის, ასევე სომხეთისთვის. ვფიქრობ, რიმ ჩემი ფეხბურთელები მზად არიან საბრძოლველად და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთის სათამაშოდ. სომხეთი საქართველოს კეთილი მეზობელია, მაგრამ ხვალ, მხოლოდ ერთი გუნდი იქნება ბედნიერი და იმედი მაქვს, ეს საქართველო იქნება.



კვარაცხელიას და კაშიას არყოფნისას, ბუნებრივია, რაღაცები უნდა შეიცვალოს. ხვალ 11 ფეხბურთელით შევუტევთ და 11 ფეხბურთელით დავიცავთ თავს. რა თქმა უნდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში გარკვეული ტაქტიკით ვთამაშობდით, თუმცა, ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ცვლილებებია საჭირო და ხანდახან, გადაწყვეტილებები მეტოქე გუნდიდან გამომდინარე უნდა მიიღო. რა თქმა უნდა, „კვარას" გარეშე სხვაგვარად მოგვიწევს თამაში. ის,  უნიკალური ფეხბურთელია, თუმცა, ფეხბურთი იწყება ბურთით, არის გუნდური სპორტი და მნიშვნელოვანია როგორ დავიწყებთ, საწყის წუთებში.


შეიძლება , გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში დისციპლინა და გუნდურობა დავკარგეთ.  თუმცა, ის უკვე წარსულია და რაც შეიძლება მალე უნდა დავიბრუნოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა ითამაშოს ხვალ, ის, გუნდისთვის ითამაშებს და მოსაგებად გამოვა. შესაბამისად,  თავდაჯერებული ვარ ამ ორ თამაშში. შემოდგომის თამაშებზე ჩვენი ფეხბურთელები ცოტა დაღლილებიც იყვნენ, ეს ბუნებრივიცაა. ალბათ, უფრო მენტალურად, ვიდრე, ფიზიკურად. ვფიქრობ, რომ ახლა უკეთესი გუნდი ვართ, ეს ჩვენთვის კარგ შედეგებს მოიტანს. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია და  დანარჩენი ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.


ძალიან კარგი გულშემატკივარი გვყავს, რომლებიც ხშირად დადიან ჩვენს თამაშებზე. თუ სწორად მახსოვს, ბულგარეთთან სტუმრად თამაშისას, თავს, ვგრძნობდით როგორც სახლში, რადგან უფრო მეტნი ვიყავით. გუნდს, მათთან,  ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა აქვს.  ვგრძნობთ სტადიონზე მათ მხარდაჭერას და ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა დავიხარჯოთ, რათა ისინი გავახაროთ".



ოთარ კიტეიშვილი:


„2020 წელს, საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირებებისას, გუნდის ნაწილი ვიყავი, არ მითამაშია, თუმცა, ვუყურე და ძალიან რთული თამაში იყო. დარწმუნებული ვარ, ხვალაც რთულ მატჩი გველოდება. სომხეთის ნაკრებისგან ველით, რომ გუნდურად დაიცავენ თავს და იქნება სწრაფი კონტრშეტევები, თუმცა, ის გარემოება, რომ სახლში თამაშობენ და მათი გულშემატკივარი იქნება სტადიონზე მათ სასარგებლო მუშაობს. ამიტომ, არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ. ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მიზანს მივაღწიოთ.


ეროვნული ნაკრების კაპიტნობა, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო და განსაკუთრებულია, თუმცა, როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებულად უყვარს.  ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში კაპიტნის სამკლავური არაერთხელ მკეთებია, საქართველოს ნაკრებში კაპიტნობას განსაკუთრებულად აღვიქვამ და იმედი მაქვს, წარმატებული გამოდგება. ეროვნული ნაკრების კაპიტნობა ალბათ, ჩემი ბავშვობის ოცნებაა. თუმცა, რთულია შეცვალო, თუნდაც დროებით ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამ კაშიაა.


შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაში, ხვალ, თბილისის დროით, 21:00 დაიწყება.