„კვარას“ და ჟორჟის კვირეული „მამარდას“ ელფერით და რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში
„კვარას“ და ჟორჟის კვირეული „მამარდას“ ელფერით და რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში
19.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 20 მარტს,  საქართველოს ეროვნული ნაკრები ერევანში, უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის ორ-რაუნდიანი დუელის პირველი ფაზის დაძლევას ეცდება. კავკასიური დერბი, ჯერ კიდევ სსრკ-დან მოყოლებული, როდესაც თბილისის „დინამო" და ერევნის „არარატი" უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, დაძაბული და პრინციპული იყო. შესაბამისად, ეს „ტრადიცია" შემდეგ, სანაკრებო დონეზეც გაგრძელდა. ქართული საზოგადოება, რომლის უმეტესობაც უფრო ტრენდულია ფეხბურთის მიმართ, ვიდრე ფეხბურთში ჩახედული, ამტკიცებს, რომ ვილი სანიოლის გუნდისთვის უფრო მარტივი გზა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოსახვედრად, C დივიზიონია.


სხვას არ ვიცი როგორ, მაგრამ მე ჯერ კიდევ უსიამოვნოდ მახსოვს 2020 წლის ორი შეხვედრა სომხეთის ნაკრებთან უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში (11.10.20 / ერევანი 2-2, 16.11.20 / თბილისი 1-2), თუმცა, იმ პერიოდში, ვლადიმირ ვაისს ბევრი ისეთი ფეხბურთელის გამოყვანა უწევდა მინდორზე, რომლებსაც კლუბებში მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ, ან საერთოდ არ ჰქონდათ. ახლა კი, არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ქართული ლეგიონი დაფრინავს - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სხვა თემაა და არ მინდა დაშვება, რომ ეს გარემოება, ჩვენთვის შესაძლოა „დათური სამსახური" გახდეს...



მხოლოდ სანაკრებო შესვენებამდე, ჩვენი ბიჭების მონაგარი ასე გამოიყურება: გიორგი მიქაუტაძემ, ითამაშა 77-ე წუთიდან. ამ დროში ორი საგოლე გადაცემა, ერთი გოლი ჩაითვალა და ჯამში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული დაიმსახურა. ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე, ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა, ზურიკო დავითაშვილმა ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ისევე, როგორც გიორგი ქოჩორაშვილმა. გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, გიორგი გულიაშვილმა, ანრი მექვაბიშვილმა. გოლი გაიტანა გიორგი კვერნაძემაც, რომელიც ამ სანაკრებო შეკრების დროს რამაზ სვანაძის 21-წლამდეთა გუნდს დაეხმარება, თუმცა, ისევე როგორც ვასილიოს გორდეზიანი, რომელმაც ასევე ამ კვირაში, გოლის გატანა მოახერხა.  გოლები გაიტანეს დავით ვოლკოვმა და გიორგი ქვილითაიამ, რომლებიც ამ ეტაპზე ქართველთა ნაკრებში არ არიან, თუმცა, მათი კარი, ეროვნულ ნაკრებში, როგორც სანიოლმა თქვა, ყოველთვის ღიაა.



2025 წლის პირველ შეხვედრაზე ქართულ მედიასთან, ჩვენი ნაკრების ახლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, რომელსაც 18 მარტს დაბადების დღე ჰქონდა და ალბათ, დღის განმავლობაში, ბიჭებთან ერთად, სადღესასწაულო „ტორტიც ჩააქრო", აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებისთვის A დივიზიონი ნაადრევია, მაგრამ C ლიგაშიც არ არის ჩვენი ადგილიო. ეს კი, ჩვენი აზრით, ერთგვარი პასუხია, C დივიზიონიდან, ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მსურველთათვის. საქართველოს ნაკრებმა უნდა გააგრძელოს ზრდა და ამიტომ, უკან გზა აღარც უნდა განვიხილოთ.


კიდევ ერთი დეტალი რის გამოც, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომავალი გათამაშება,  უნდა გაატაროს B დივიზიონში და რატომ უნდა შეეცადოს, სწორედ, აქედან მოხვედრას ევროპის ჩემპიონატზე. მოგეხსენებათ, „ევრო 2028" დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩატარდება. შესაბამისად, ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებების გარდა, დიდ ბრიტანეთში შემავალი შოტლანდია, უელსიც ავტომატურად, ტურნირის მასპინძლებად ითვლებიან.


ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იმუშავებს იგივე ფორმატი, რაც უეფა-მ დანერგა და აამუშავა 2016-2024 წლებში - ჩატარდება საკვალიფიკაციო ეტაპი, საიდანაც, ფინალურ ტურნირზე თამაშის უფლებას მოიპოვებს ჯგუფის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, რომლებსაც, ასევე შეუერთდება ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც. ევრო-საკვალიფიკაციოს თემა რომ ამოვწუროთ, 2028 წლის შესარჩევი ციკლის დროს 12, 5-გუნდიანი ჯგუფი იბრძოლებს, აღნიშნული საგზურების მოსაპოვებლად. შესაბამისად, 12 საუკეთესო ავტომატურად მიიღებს საგზურს, აი დანარჩენებს კი 2028 წლის მარტში მოუწევთ უეფა-ს ერთა ლიგის გუნდებთან ფლეი-ოფში თამაში.


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - როგორც წესი, უეფა, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ავტომატურად უთმობს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის ადგილს. ორი მასპინძლის შემთხვევაში, ასეთი უფლება ორ გუნდსაც მიუღია, მაგალითად უკრაინისა და პოლონეთის მასპინძლობის შემთხვევაში როგორც მოხვდა. თუმცა, რა იქნება 2028 წელს, ოფიციალურად უეფა-ს ჯერ არაფერი უთქვამს. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ევროპის ჩეპიონატზე ასპარეზობის ავტომატური უფლება, ორ ქვეყანაზე მეტს დართოს. თუკი ოთხივე მასპინძელი ქვეყანა (ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია) მოახერხებს, კვალიფიკაციის გავლას, ეს უეფა-ს ბევრად გაუმარტივებს ამოცანას და ამას გარდა, ნაკრებებს მომავალი „ევროსთვის" კარგად გაავარჯიშებს. თუკი, აღნიშნული ნაკრებებიდან, რომელიმე ვერ მოახერხებს კვალიფიკაციის გავლას, გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მათთვის ორ სარეზერვო ადგილს გამოჰყოფს.


ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა შევინარჩუნოთ ადგილი უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში? საფეხბურთო კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე, ერთა ლიგის C დივიზიონიდან, არც არავინ გაუშვან ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ. ამრიგად, ვიდრე უეფა-ში გაერკვევიან რა უნდათ, ჩვენ,  B დივიზიონში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ და მერე ვნახოთ.