19-ში, 19 საათზე, 19-წლამდე - ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილია სამი მოსაგები თამაში
19-ში, 19 საათზე, 19-წლამდე - ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილია სამი მოსაგები თამაში
18.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩეპიონატზე მოსახვედრად, ელიტ რაუნდის პირველ ჯგუფურ შეხვედრას გამართავს. თამაშზე დასწრება, გულშემატკივარს თავისუფლად შეუძლია და არ იქნება ურიგო, თუ ქართული ფეხბურთის მომავალის საქომაგოდ, გულშემატკივარი მიხეილ მესხი 2-ის ტრიბუნას შეავსებს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამ გუნდში, ის ვახო სალია ითამაშებს, რომელის „ნიუქასლში" გადაბარგებაზე, თითქმის ყოველი მეორე ლაპარაკობს. ამ ნაკრებშია საბა ხარებაშვილიც, რომელზეც ქართველი ქომაგი ჯერ ვერ „ჩამოყალიბდა" „ბასრაში" გაუშვას, ნიკოლოზ ჩიქოვანი -  „ლივერპულში"... ჰოდა, სანამ ეს და კიდევ, ბევრი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებიც 19 წლამდე ნაკრებში დღეს ირიცხებიან და 19, 23 და 25 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ელიტ -რაუნდის მატჩებს ითამაშებენ. მოკლედ, ვიდრე ამ ბიჭებს, რომელიმე ევროპული გრანდი წაიყვანს, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ, გაიცნოთ, დაუმუღამოთ და უქომაგოთ.


 „ვთვლი, რომ შანსები ოთხივე გუნდს თანაბარი გვაქვს. შესაბამისად, ვერც ერთ მეტოქეს ვერ გამოვარჩევ და ვიტყვი, რომ კარგად დაბალანსებული გუნდებია. ამ ეტაპზე უშუალოდ პირველ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები, რომელსაც პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ. პოლონეთის ნაკრების ეს თაობა საკმაოდ დიდი გამოცდილების არის, ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში აქვს მონაწილეობა მიღებული, ისევე როგორც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალი. თუმცა, ამ ეტაპზე ყველას ჯგუფში 0 ქულა გვიწერია და გვაქვს ჩვენი მიზნები და გეგმები, მჯერა ჩემი ფეხბურთელების, მათი შესაძლებლობების და ყველას გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე, გვაშორებს სამი თამაში",  - ამბობს ლაშა ფირცხალაიშვილი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ელიტ-რაუნდში, პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს 19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება. თამაშები, ზემოთ ხსენებულ დღეებში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ყველა შეხვედრას მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს. ჯგუფიდან კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, პირველ ადგილზე გასული გუნდი გავა. ასე რომ სამივე თამაში მნიშვნელოვანია და ბიჭებს, თქვენი, გულშემატკივრის მხარდაჭერაც სჭირდება.


საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება - მეკარეები: მათე საური („რიუ ავე", პორტუგალია), ლუკა ხელაშვილი („ლოკომოტივი" თბილისი), მცველები: გიორგი მეფარიშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ნიკოლაიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო" ქუთაისი), გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), რატი გრიგალავა („კოლხეთი 1913"); ნახევარმცველები: გიორგი გოგსაძე („იბერია 1999"), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („დინამო თბილისი"), ლუკა წულაია („დინამო თბილისი"), ლუკა ბუბუტეიშვილი („დინამო თბილისი"), საბა გეგუჩაძე („იბერია 1999"), ალექსანდრე ფეიქრიშვილი („დინამო კიევი", უკრაინა), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: ვახტანგ სალია („დინამო თბილისი"), საბა სამუშია („რიუ ავე", პორტუგალია), თემურ ოდიკაძე („დინამო თბილისი"), ლევან ნაჭყებია („დინამო თბილისი").


„მიხეილ მესხი 2"

19 მარტი / 19:00 / საქართველო - პოლონეთი

22 მარტი / 19:00 /  საქართველო - სლოვაკეთი

25 მარტი / 19:00 /  საქართველო - მონტენეგრო

„პეტრო არენა"

19 მარტი / 14:00  მონტენეგრო - სლოვაკეთი

22 მარტი / 14:00  პოლონეთი - მონტენეგრო

25 მარტი / 19:00  სლოვაკეთი - პოლონეთი



სფფ-ის ფოტო