მარტის ბიჭები მარტის თამაშებისთვის ემზადებიან
მარტის ბიჭები მარტის თამაშებისთვის ემზადებიან
18.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ დილით საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ჩარტერული რეისით სომხეთში გაემგზავრება და ერევანში, უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, მეზობელი სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა, რომელმაც შეკრება გუშინ დაიწყო, დღეს, მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

ერთმანეთს მონატრებული და კარგ კონდიციაში მყოფი ვილი სანიოლის გუნდი ხვალვე, 18:00 საათზე, ერევანი, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. მანამდე კი, ქართველთა თავკაცი, ქართულ მედიას, მატჩის წინა დღით გათვალისწინებული პროტოკოლის შესაბამისად შეხვდება.


„ძალიან დიდი ხანი ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. კარგ ფორმაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც თბილისში ჩამოსვლამდე, საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა.


ეროვნულ ნაკრებში, დებიუტანტები სისტემატურად არიან, ამერად კი, სამახსოვრო სანაკრებო სუვენირი, ალექსანდრე იაშვილმა, ლუკა ლაცაბიძეს გადასცა.


„ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად, ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა", - ამბობს ლუკა ლაცაბიძე, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში, დიდი ალბათობით, საბა გოგლიჩიძესთან და დიდი ალბათობით, ირაკლი აზაროვთან ერთად, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოუწევს ქვეყნის პრესტიჟის დაცვა. მანამდე კი, ლუკა, მთავარ გუნდთან ერთად ემზადება და გამოცდილებას აგროვებს.


აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში, საქართველოს ნაკრებს, ვერ დაეხმარებიან გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. რამდენიმე დღის წინ, ქართულ მედიასთან შეხვედრაზე, ვილი სანიოლმა გაკვრით, თითქოს აღნიშნა ვის შეიძლება ენდოს, 20 მარტს კონკრეტული ფეხბურთელების პოზიციებზე, თუმცა, ეს მხოლოდ მატჩის დღეს, უეფა-ს პროტოკოლით გათვალისწინებულ „ქაუნთდაუნის" დროს გახდება ცნობილი. ერთი კია, ერევანში, გუნდთან ერთად იქნებიან „კაშოც" და „კვარაც".


რაც შეეხება, ჩვენი გუნდის სრულ შემადგენლობას მარტის თამაშებისთვის, ის, ასე გამოიყურება:


მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი); დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა", იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი", დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა", უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა", საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა", ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი", ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი", საფრანგეთი).


სფფ-ის ფოტოები