
საქართველოს ეროვნული ნაკრები ორშაბათიდან, 17 მარტიდან, თბილისში, ახალ „სახლში" დაიწყებს შეკრებას და სომხებთან მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას შეუდგება. ახალი „სახლი" კი, დღეიდან, ერთი წლით, სასტუმრო „პარაგრაფი" გახდება. სწორედ, აღნიშნულ სასტუმროში გაიმართა დღეს, ვილი სანიოლის, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ალექსანდრე იაშვილის, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტის ტრადიციული შეხვედრა მედიასთან, რომელიც, ფრანგი მწვრთნელის საქართველოში მუშაობის პერიოდში, ეროვნული ნაკრების გამოცხადებიდან მეორე დღესვე იმართება ხოლმე.
მედიასთან შეხვედრამდე კი, სასტუმრო „პარაგრაფში", სასტუმროსა და სფფ-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას ხელი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და „პარაგრაფის" ფინანსურმა დირექტორმა ამირან მსუქნიშვილმა. მხარეები იმედოვნებენ, რომ ეს თანამშრომლობა, ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს წარმატებას მოუტანს.

ბუნებრივია, შედეგებს წლის ბოლოს დავითვლით, მანამდე კი, 6 დღეში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ორ-რაუნდიანი დაპირისპირება ელის უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად. კავკასიური დერბის მნიშვნელობაზე ქართულ მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა ვილი სანიოლმაც.
„საკმაოდ რთული კავკასიური დერბი გველის. ეს იქნება ორი რთული თამაში სომხეთთან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მზად იქნებიან. B ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. მიმაჩნია, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ მზად, ვითამაშოთ A დივიზიონი, რადგან ჯერ ამისთვის მზად არ ვართ, მაგრამ არც C დივიზიონშია ჩვენი ადგილი. შესაბამიდან, რომ სწორედ აქ არის ჩვენი ადგილი, სადაც ვართ და ეს, კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან ახალი სეზონის კარგად დასაწყებად.
ჩვენი ბევრი ფეხბურთელი რთული სეზონის გამო გადაღლილი იყო, მაგრამ ეს ნორმალურია. მათ ბევრი თამაში ჰქონდა ევროსაკვალიფიკაციოზე და შარშანდელიდანაც (სარედაქციო - ევროპის ჩეპიონატს გულისხმობს) გამომდინარე გადაღლილები იყვნენ ფიზიკურად და მენტალურადაც. თუმცა, ეს ზამთრის ფანჯარა ხანგრძლივი იყო და ახლა, ბევრად დასვენებულები და უკეთეს ფორმაში იქნებიან. მარტში, რაც გვინდა ვაჩვენოთ იქნება უკეთესი, ვიდრე ეს, ნოემბერში იყო.", - ამბობს ვილი სანიოლი და დასძენს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის სათამაშო სტილზე ამ ეტაპზე უჭირს კომენტარის გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდი ახალმა მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ ჩაიბარა. თუმცა, თუკი სომეხთა თავკაცის ჯონ ვანტ სხიპის გაწვრთნილ საბერძნეთის ნაკრებს და „აიაქსს" გადავხედავთ, გუნდი 4 მცველისგან თამაშობდაო.
სხვათა შორის, ვილიმ, სამომავლოდ, არც საკუთარი გუნდის სათამაშო სქემაში გამორიცხა ცვლილებები, თუმცა, იქვე დასძინა: „ბოლო წლებში რაც ვთამაშობდით, სისტემამ გაამართლა, ამიტომ ვართ აქ. თუმცა, ყოველთვის ასე არ გამოდის და ჩვენც გვიწევს თამაშის დროს გადაწყობა. რა საკვირველია, სამომავლოდ, ალბათ, გვექნება თამაშში, მთელი საორგანიზაციო ცვლილებების გატარების აუცილებლობა, თუმცა ახლა ასეა".
ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მოეხსენება, რომ სომხეთთან დაპირისპირების პირველ რაუნდს, ყვითელი ბარათების გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. ამისდა მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის ცნობით, ორივე ფეხბურთელი ერევანში, გუნდთან ერთად მოემზადება. საპასუხო შეხვედრაში კი, „დინამო არენაზე", ორივე ითამაშებს. „კაშოს" და „კვარას" არ ყოფნის დროს, ბუნებრივია ჩნდება კითხვები ვინ დაიკავებს მათ ადგილებს. აქ, ვილი შეეცადა მედიისთვის კიდევ ერთხელ განემარტა, ეროვნული ნაკრებში, ყველა ფეხბურთელისათვის მინიჭებული ადგილის თაობაზე და მაშინაც კი, მაგალითად, როგორც საბა კვერკველია და გიორგი გველესიანი, თუკი კონკრეტული თამაშებისთვის არ ჰყავს მწვრთნელს გამოძახებული, სულაც არ ნიშნავს რომ ისინი, მომავალში ამ გუნდთან ერთად არ იქნებიან. თუმცა, აქვე, ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ერევანში, დაცვის ცენტრში, თამაშის საშუალება საბა გოგლიჩიძეს მიეცემა.
„კაშია, კვარაცხელია მნიშნელოვანი ფეხბურთელები არიან, ჩვენთან ერთად იქნებიან ერევანში. მაგრამ სხვა მოთამაშეებსაც ექნებათ საშუალება. მაგალითად, გოგლიჩიძეს საშუალება ექნება დაიწყოს თამაში სომხეთში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ამ ბოლო 6 თვეში რაც მან აჩვენა, მაღალი დონის ფეხბურთი იყო.
„კვარა", უნიკალური ფეხბურთელია, რომლის შეცვლა ძალიან რთულია. თუმცა, მისი არყოფნა მისცემს შესაძლებლობას სხვა ფეხბურთელებს, მაგალითად ჩაკვეტაძეს და დავითაშვილს, მეტი პასუხისმგებლობა გამოავლინონ და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ", - ამბობს სანიოლი.

სხვათა შორის, დღეს ვილიმ, სომხეთის თამაშთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გაახმოვანა, რამაც მომენტალურად სოციალურ ქსელში, ამ ბოლოდროინდელი საქართველოსთვის დამახასიათებელი გაიწი-გამოიწიე გამოიწვია. საქმე კი, ისაა, რომ „კაშოს" არ ყოფნის პერიოდში, ანუ 20 მარტის შეხვედრაში, ერევანში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, კაპიტნის სამკლაურით, ოთარ კიტეიშვილი გამოუძღვება.
„ბევრი დისკუსია გვქონდა და ჩემთვის ეს საუკეთესო არჩევანია, რადგან ის კლუბშიც კაპიტანია, იცის რას ნიშნავს ეს როლი და როგორ უნდა მოიქცეს მოედანზე. ოთარ კიტეიშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის და ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ", - ამბობს სანიოლი.
შეგახსენებთ, რომ სანიოლი, თითქმის ყველა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნავს, რომ ოთარ კიტეიშვილის ამაგი თამაშის პროცესში, სათანადოდ არაა დაფასებული. ამდენად, კონკრეტულად ჩვენთვის სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუნდის კაპიტნობა, კაპიტნობაში („დინამო თბილისის", გრაცის „შტურმი") გამოცდილ „კიტეს" მიანდო, ურომლისობაც, შორს რომ არ წავიდეთ, ევროპის ჩემპიონატზეც, საქართველოს ნაკრების სამ შეხვედრას გაგახსენებთ, თურქეთთან და ჩეხეთთან, სადაც "კიტე" არ იყო და შემდეგ, ესპანეთთან, რომელშიც ტრავმირებული კიტეიშვილის, მოედნიდან გასვლა და გოლის გაშვება ერთი იყო. ბუნებრივია, ამ ბოლო მომენტში, გუნდს, გადაწყობა მოუხდა, თუმცა, "კიტე", ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ქართველთა ნაკრების ხერხემალია.
წინა შეკრებებიდან განსხვავებით, სანიოლმა მორიგი შანსი მისცა იყოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის შოთა ნონიკაშვილს, გიორგი გულიაშვილს, ირაკლი ზარიას და ირაკლი აზაროვს. ამ უკანასკნელმა, მოგეხსენებათ, ბოლოს, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა და ლუკა ლაცაბიძესთან ერთად (რომელიც ამჟამად, ეროვნული ნაკრების ერთადერთი დებიუტანტია), 2024 წლის ნოემბერში, ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
„ლაცაბიძე, ჩემთვის ტალანტი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის თუ ბევრს იმუშავებს და წარმოაჩენს თავს, საქართველოს ნაკრების მომავალია. დღეს თუ, ის ჩვენთან არის, შეიძლება, ნაადრევიცაა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ სექტემბერსა და ოქტომბერში გამოვცადო. მანამდე ის, ივნისში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს", - ამბობს ვილი და შემდეგ, კონკრეტულად ჩვენი გვერდის მიერ დასმულ შეკითხვაში თემას, უფრო დეტალურად შლის: „მოგეხსენებათ, ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ყოველთვის ეროვნული ნაკრებია, თუმცა ამ ზაფხულს, ივნისში, ახალგაზრდულ ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ტურნირი ელის და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ასაკით სვანაძის გუნდს შეესაბამება, ახალგაზრდულ ნაკრებში იქნება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დონის ტურნირებზე თამაში, რადგან იქ მიღებული გამოცდილება, სამომავლოდ, ეროვნულ ნაკრებს გამოადგება".

ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ივნისის თვეში, ე.წ. უეფა-ს ფანჯრის დროს, როდესაც რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრები, სლოვაკეთში, ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, ვილი სანიოლის გუნდს, ამხანაგური სპარინგის გამართვა უწევს, თუმცა, ამ შემთხვევაში, სასწორის მნიშვნელობა, სვანაძის გუნდის მხარეს იხრება. ვილის, კი, შემოდგომის თამაშებისთვის სხვა საფიქრალი ექნება, თუმცა, ამის შესახებ, უკვე მერე ვილაპარაკოთ. მანამდე კი, ერთი დეტალი, რომელიც მე პირადად, ძალიან მესიამოვნა და ისიც კი ვთქვი, ეს კაცი (ვილი სანიოლი) მგონი, უკვე ჩვენზე მეტად ქართველიათქო.
„ევროპის ჩემპიონატებზე, ბევრ ნაკრებთან მიმუშავია. ბევრი გუნდი მინახავს და ამ გუნდებში ომი სტაფსა და ფეხბურთელებს შორის. 14 დღე ვიყავით ერთად და ეს არ მომხდარა საქართველოს ნაკრებში (ეღიმება), ეს არ იყო ჩემს გუნდში. ეს არის ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, მოტივაცია, რომელიც მერე თამაშზეც აისახება", - ამბობს სანიოლი, რომლის გუნდიც, ერთიანი და მოტივირებული ჯერ, 20 მარტს, ერევანში, შემდეგ კი, 23 მარტს უკვე თბილისში გავა მოედანზე სათამაშოდ და შეეცდება იმ ადგილის შენარჩუნებას, სადაც ქართველთა მთავარი მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია თვლიან, რომ უნდა ვიყოთ.





ჩვენ








