ქართველი მოციგურავეებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე არ აღმოჩნდა იღბლიანი
ქართველი მოციგურავეებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე არ აღმოჩნდა იღბლიანი
26.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს უნგრეთში სტარტი აიღო ISU-ს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც საქართველო სამ დისციპლინაში არის წარმოდგენილი. ჩვენი გუნდიდან ყინულზე პირველად, ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე კონსტანტინე სუპატაშვილი გამოვიდა.


17 წლის ქართველმა, მოკლე პროგრამაში ასპარეზობისას, სამწუხაროდ შეცდომები დაუშვა, ამასთან ჩვენი პირადი მოსაზრებით, რიგი ელემენტების შესრულებისას ოდნავ სისწრაფეც დააკლდა საბოლოოდ, 56.45 (28.36 /28.09) ქულით 41 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზე გავიდა, ამ მაჩვენებლით კი, კვალიფიკაციის გავლა და შესაბამისად, თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.


თუმცა, თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს და მედლის მოპოვებას შეეცდება 19 წლის ილია გოგიტიძე. მართალია, ბათუმში დაბადებული ქართველი, საფრანგეთის დროშის ქვეშ ასპარეზობს, თუმცა, მისი წარმატება, ბუნებრივია ჩვენც გაგვიხარდება, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს სახელით ასპარეზობის შემოთავაზებაზე თავი შეიკავა და ამ ეტაპზე საფრანგეთის სახელით ასპარეზობა არჩია. დღეს კი, ილიამ 63.61 (32.72 / 30.89) ქულით  მე-20 ადგილი დაიკავა და  თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


მსოფლიო ჩემპიონატი 2 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს და საქართველოს, კიდევ ორ დისციპლინაში, ქალთა ერთეულთა თანრიგში და სპორტულ წყვილებში ექნება მედლების მოპოვების შესაძლებლობა.


ხვალ, ყინულზე მოკლე პროგრამით ქალთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე სპორტსმენები წარსდგებიან. 48 სპორტსმენს შორის ბოლო ჯგუფში იასპარეზებს ჩვენი ინგა გურგენიძე. 28 თებერვალს კი, საქმეში ჩვენი სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ჩაერთვებიან.