
ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C2 ჯგუფის მეორე კალენდარული შეხვედრა ჩაატარა 25 თებერვალს, ლარნაკაში, კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ და 2-1 დამარცხდა. ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიშის ათვლა კი, ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელად, პირველივე წუთებზე დაიწყო, ჩვენს კარში გატანილი გოლით. საქართველოს ნაკრებისთვის, რომელსაც 2024 წელს, ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსი ორჯერ, თანაც მშრალი ანგარიშით ჰყავდა დამარცხებული, გუშინდელი შეხვედრის ასეთი სცენარი დამაბნეველი გამოდგა (ასევე იხილეთ).
„სწრაფი გოლის გამო თამაში ცუდად დავიწყეთ. თუმცა, პირველ ტაიმში, თამაშში დასაბრუნებლად ბევრი შანსი გვგქონდა. კვიპროს ჰქონდა მხოლოდ სამი მომენტი, საიდანაც ორში გაგვიტანეს. მიუხედავად იმისა რომ ბურთი ვაკონტროლეთ, მეტოქე პრესინგში გვყავდა, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. როდესაც აკეთებ დამღუპველ შეცდომას, ზოგჯერ ახერხებ შემოტრიალებას, ზოგჯერ ვერა. დღეს, ასეთი დღე იყო. მაგრამ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავალი თამაშებისთვის და ამ თამაშშიც იყო ძალიან ბევრი დადებითი მომენტი, რომელიც მომავალში, უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები, რომელიც ახალი ციკლის საწყის ორ თამაშში, აშკარად უპირატესი იყო მეტოქეებზე, გამოსასწორებელი ბოლო ფაზა აქვს. ჩვენს გუნდს, შეტევის ბოლოს სიზუსტე აკლდება.
ამრიგად, ორი ტურის შემდეგ, ჯგუფს, ყველასთვის მოულოდნელად სათავეში კვიპროსის ნაკრები ჩაუდგა, ქულების მაქსიმუმით. საქართველოს ნაკრები ქულით მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზე ამ მომენტისთვის ალბანეთის ნაკრებია. ბოლო ადგილზე კი, ანდორა 0 ქულით.
ირის ანტმანის გაწვრთნილი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს თბილისში მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ოთხი დღის შემდეგ კი, იმავე მალტის ნაკრებს ქალაქ ტაქალიში დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ C ლიგა ექვსი ჯგუფის გამარჯვებული B ლიგის საგზურს მოიპოვებს. საუკეთესო შედეგის ორ მეორეადგილოსანს კი, ფლეი-ოფში შეეძლება B ლიგის ორ ცუდი შედეგის მქონე მესამეადგილოსანთან დაპირისპირებაში უკეთეს ლიგაში ადგილის მოპოვება.
ფოტო: სფფ