ქალთა ეროვნულმა მეორე შეხვედრა კვიპროსთან წააგო
ქალთა ეროვნულმა მეორე შეხვედრა კვიპროსთან წააგო
26.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C2 შესარჩევი ეტაპის მეორე კალენდარული შეხვედრა კვიპროსის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან 2-1 წააგო. შეხვედრა ლარნაკაში, ქართული გუნდისთვის მოულოდნელად დაიწყო. კვიპროსელებმა, რომლებთანაც საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორი შეხვედრა მოგებული, თანაც სამი ბურთი ჰქონდა გატანილი, ისე, რომ საკუთარი კარი მშრალად ჰქონდა შენახული, ქართველებს გოლი პირველივე წუთზე გაუტანეს.


ბუნებრივია, ასეთ დასაწყისს, ირის ანტმანის გუნდი არ მოელოდა, შესაბამისად საწყის წუთებში საქართველოს ნაკრებს ცოტა აერია თამაში. ამით, მასპინძლებმა ისარგებლეს და ადრი ვიოლარიმ, 28-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა, ანგარიში მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლა. ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ნათია დანელიამ ერთი ბურთი გაქვითა და გუნდებიც შესვენებაზე იმ ანგარიშით გავიდნენ, როგორს საბოლოოდ შეხვედრა დასრულდა.


საქართველოს ნაკრებს, მეორე ნახევარშიც ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა, მეტჯერ, ჩვენმა გოგოებმა მასპინძელთა კარის აღება ვეღარ მოახერხეს.


მატჩის სრული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.


დღესვე, ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, მალტამ, საშინაო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა ანდორას ნაკრები.


ამრიგად, ორი ტურის შემდეგ, ჯგუფს, ყველასთვის მოულოდნელად სათავეში კვიპროსის ნაკრები ჩაუდგა, ქულების მაქსიმუმით. საქართველოს ნაკრები ქულით მეორე ადგილზეა. მესამე ადგილზე ამ მომენტისთვის ალბანეთის ნაკრებია. ბოლო ადგილზე კი, ანდორა 0 ქულით.


ირის ანტმანის გაწვრთნილი ნაკრები მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს თბილისში მალტის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ოთხი დღის შემდეგ კი, იმავე მალტის ნაკრებს ქალაქ ტაქალიში დაუპირისპირდება.