
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდმა, ეროვნული ნაკრების 2025 წლის პირველი თამაშებისთვის ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღები გამოაქვეყნა.
„მზად ხართ საქართველოს საგულშემატკივროდ?" - კითხულობს სანაკრებო გვერდი და ისე, რომ უპასუხოდაც იცის ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი, შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
უეფას ერთა ლიგის ფლეი-ოფში საქართველოსა და სომხეთის საშინაო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება, დასასწრები ბილეთების გაყიდვა 27 თებერვლის 12:00 საათიდან დაიწყება.
აქვე, ფედერაციის გვერდი გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ „ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტუმარი გუნდის ფანებისთვის გამოყოფილ პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორზე არ დაიშვებიან ქართველი გულშემატკივრები".
ჩვენის მხრივ შეგახსენებთ სფფ-ს გენერალური მდივნის დათო მუჯირის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „დინამო არენის" პირველი იარუსის 6 სექტორში, გარდა ამჟამად ხსენებული სტუმართა სექტორებისა, ასევე ტექნიკური ზონებისა და ჩვენ დავამატებთ, გულშემატკივართა - ქომაგთა ტრიბუნისა, ბილეთები არ გაიყიდება.
რაც შეეხება ერევანში, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 მარტს გასამართ მატჩს, ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 28 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება.
ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
და არანაკლებ მნიშნელოვანი ინფორმაცია - თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.