
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი მარცხით დაასრულა. სერბი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ბელგრადში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ საკმაოდ დაბალ შედეგიან შეხვედრაში 9 ბურთის სხვაობით, 63-54 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკრებმა, გამომდინარე იქიდან, რომ ევრობასკეტის საგზური განაღდებული ჰქონდა და შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრაც ფორმალური ხასიათის იყო, გუნდის ლიდერები დაასვენა. მიუხედავად ამისა, საყურადღებოა, რომ ქართველთა გუნდი უკვე მეორე თამაშია ზედიზედ, მესამე მეოთხედს აგდებს და ეს გარემოება, რეალურად გავლენას საბოლოო ანგარიშზეც ახდენს.
კი, შესაძლოა ვერც სერბეთის ნაკრებმა მოახერხა თუნდაც 70 ქულის დაგროვება, ამას გარდა, ბოლო მეოთხედს თუ არ ჩავთვლით, რეალურად არც 3-ქულიანი სროლები წაუვიდა, თუმცა, ეს ჩვენთვის ნუგეში არაა. საქართველოს ნაკრებს აქვს ბევრი წვრილმანი ხარვეზი, რომელიც აუცილებლად გამოსწორებადია და იმედია, ევრობასკეტამდე, ჯიკიჩის შტაბი, მსგავს ხარვეზებს მინიმუმამდე დაიყვანს.
„საინტერესო იყო სერბეთის წინააღმდეგ თამაში, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ გუნდს არ ჰყავდა წამყვანი კალათბურთელები. თუმცა, ისევე, როგორც ჩვენ. ჩამოვედით აქ, ვეცადეთ გვებრძოლა. რიგ მომენტებში კარგად გამოვიყურებოდით, სხვა მომენტებში ცუდად. ეს თამაში ჩვენ დაგვეხმარება გავიაზროთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მომავალში", - ამბობს ალეკსანდარ ჯიკიჩი, რომელიც მატჩის შემდგომ მედიასთან შეხვედრაზე სერბ ჟურნალისტებთან ევრობასკეტზე ქართული გუნდის ამბიციაზეც ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ალბათ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ, რომელ ჯგუფში მოხვდება საქართველოს ნაკრები და ვინ ეყოლება მეტოქეებად, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რეალურად თუკი არ ჩავთვლით წვრილმან ხარვეზებს და გუნდის გადახალისებულ შემადგენლობას, მაგალითად დებიუტი ჰქონდა სანდრო სანაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, ერთადერთი ვისაც არ უთამაშია ლუკა ლიკლიკაძე იყო, გუნდმა, ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა. მითუმეტეს, რომ „საქმე უკვე გაკეთებული იყო" და ქართული ხასიათიდან გამომდინარე, წინა წლებში, ბოლო მატჩს უბრალოდ, ჩავაგდებდით. თუმცა, ახლა ქართულ სათამაშო სახეობებში, სანაკრებო დონეზე, საკმაოდ საინტერესო კონკურენციაა და გამონაკლისი არც კალათბურთია... დღევანდელი თამაშიდან, ვერავინ იტყვის რომ არ მოინდომეს - ლიდერების გარეშე რაც შეეძლო გუნდს გააკეთა.
ლიდერების გარეშე კი, საქართველოს ნაკრებმა შემდეგი ხუთეულით დაიწყო თამაში: კახაბერ ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, გიორგი ოჩხიკიძე და ბექა ბურჯანაძე. ქართული გუნდიდან პირველი მეოთხედის შემდეგ, ბექა 7 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. შესაძლოა, გადატენილი Aleksandar Nikolic Hall-ში მოსული გულშემატკივარი ჯიკიჩის გუნდმა ოდნავ გააკვირვა კიდეც, როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 13-17 მოიგო. ამ მონაკვეთში ანგარიში სერბებმა გახსნეს, თუმცა, მალევე გიორგი კორსანტიას წყალობით, ის გათანაბრდა და შემდეგ, მონაკვეთი ქართველთა კარნახით წარიმართა. სხვათა შორის, ამ მონაკვეთში შედგა სანდრო სანაძის დებიუტი, რომელმაც თავის ძმა, დუდა შეცვალა და მეოთხედის დამთავრებამდე 30 წამით ადრე პირველი სანაკრებო ქულებიც მიითვალა.
„პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგად დაიწყო, ძირითადად დაცვაში თამაშით და ეს ჩვენთვის გახდა სიგნალი. შესაბამისად, შესვენების შემდეგ, ჩვენ ვეცადეთ სწორედ ეს კომპონენტი გამოგვესწორებინა. ჩვენ მოვახერხეთ ბალანსის პოვნა და შევძელით აგვეღო დამატებითი ქულები", - ამბობს სვეტისლავ პეშიჩი, სერბთა თავკაცი მატჩის შემდეგ, რომლის გუნდიც შესვენების შემდეგ, ახალი ენერგიით გამოვიდა მოედანზე.
ზემოთ ვახსენეთ, რომ სერბებს რეალურად სამქულიანი სროლები ბოლო მონაკვეთში წაუვიდათ, თუმცა, ამ მხრივ, პერიმეტრიდან აღებული ქულებით არც ქართული გუნდი იყო განებივრებული. პირველი 3-იანი დუდა სანაძემ ჩააგდო მეორე მეოთხედში და საბოლოოდ, ამ შეხვედრაში 12 ქულა დააგროვა (აქედან ორი სამქულიანია). სხვათა შორის, დუდამ, ეს მაჩვენებელი პირველი ტაიმის ბოლოს დააფიქსირა და შესაბამისად, მეორე ნახევარში არც არაფერი დაუმატებია. პირველი ტაიმის შემდეგ, 9 ქულა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, რომელმაც საბოლოოდ ამ თამაშში საკმაოდ ბევრი „შავი სამუშაოც" გააკეთა. მონაკვეთი ფრედ, 14-14 დასრულდა. დიდ შესვენებაზე კი, საქართველოს ნაკრები 4-ქულინი უპირატესობით (27-31) გავიდა.
„ვიცოდით, რომ მარტივი თამაში არ გვექნებოდა. გვქონდა ძლიან ბევრი შეცდომა ბურთის შენახვისას. იყო ბევრი „თერნოვერი", რომელმაც საბოლოოდ, გადაწყვიტა თამაშის ბედი. უნდა ვიმუშაოთ ამაზე. დიდ ზაფხული მოდის და დღევანდელი თამაში, ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო", - ამბობს დუდა სანაძე.
რა მოხდა ამის შემდეგ? უკვე მეორე თამაშია, დიდი შესვენების შემდეგ, ქართველთა გუნდი მოედანს ისე უბრუნდება, როგორც ბავშვები სასკოლო ზამთრის არდადეგების შემდეგ საკლასო ოთახებსა და სასწავლო პროცესს... სერბებმა, მესამე მეოთხედი ზუსტი სამქულიანით გახსნეს. პირველ ტაიმში ათი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ეს ნავსიც გატეხეს და ნელ-ნელა ჯერ 8-ქულიანი გაქცევა მოაწყვეს, შემდეგ კი, მიგვანიშნეს ბელგრადში ვინ იყო მასპინძელი და ვისი წესებით უნდა გვეთამაშა. მიუხედავად ამისა, ამ მონაკვეთის შემდეგ, რომელიც მასპინძლებმა 17-10 მოგვიგეს, სერბთა შორის ყველაზე შედეგიან ალეკსა ავრამოვიჩს 11, ხოლო სტეფან იოვიჩს, სულ რაღაც 4 ქულა ჰქონდათ. ბექა ბურჯანაძეს, კი არასრული მესამე პერიოდის ბოლოს უკვე 17 ქულა ჰქონდა დაგროვილი, 2 მოხსნასთან ერთად და თან 1.17 წამით ადრე მისი წყალობით, როდესაც ზუსტი 3-ქულიანით გაათანაბრა ანგარიში (41-41), სერბებს დიდ სხვაობით წინ გაქცევის საშუალება არ მეცათ. ბოლო მონაკვეთის წინ, მასპინძლები 3 ქულით (44-41) გვიგებდნენ. სხვათა შორის, ჯიკიჩმა მაზიაშვილს, ამ მონაკვეთში მისცა თამაშის საშუალება.
რაც შეეხება დასკვნით მეოთხედს, აქ მასპინძლებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს, მონაკვეთი 19-13, თამაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 9 ბურთით 63-54 (მატჩის სრული სტატისტიკა) მოგვიგეს. სერბთაგან საუკეთესო ავრამოვიჩი გახდა 14 ქულით, საქართველოს ნაკრებიდან კი, საუკეთესო ბექა ბურჯანაძე იყო 17 ქულით, მასვე ჰქონდა ქართული გუნდიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივაც - 14. 12-12 ქულა დუდა სანაძემ და გიორგი კორსანტიამ დააგროვეს, 10 ქულა იყო თამაშის შემდეგ რატი ანდრონიკაშვილის ანგარიშზე, 2 ქულა სანდრო სანაძემ და ერთი გიორგი ოჩხიკიძემ დააგროვეს. რეალურად, ჯიკიჩის 12-კაციანი გუნდიდან, თამაშში მონაწილეობა 11-მა კალათბურთელმა მიიღო, ქულები კი, მხოლოდ ექვსმა ჩაყარა...
დღესვე, ჩვენი მატჩის პარალელურად დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა, ევრობასკეტის მომავალი მასპინძელი ქვეყნის, ფინეთის გამარჯვებით დასრულდა 77-83. შესაბამისად, G ჯგუფში პირველი ადგილი სერბეთმა დაიკავა, მეორეზე საქართველომ დაასრულა ასპარეზობა, მესამე ადგილი შეინარჩუნა ფინეთმა, დანია კი, ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2025-ის მონაწილე 24 გუნდია: ისრაელი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, თურქეთი, ისლანდია, ლატვია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, მოტენეგრო, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ფინეთი, სერბეთი, საქართველო, პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი. წილისყრა კი, 27 მარტს გაიმართება.
ფოტო: © FIBA