
საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გამართეს და თავის გამოჩენაც შეძლეს.
საფრანგეთი
საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლი" გასვლით მატჩში „შარტრთან" 25-30 დამარცხდა. „ტრემბლის" შეამადგენლობაში ითამაშა ერეკლე არსენაშვილმა და 3 გოლი გაიტანა.
გერმანია
გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა" საკუთარ მოედანზე „რეინ-ნაკარს" უმასპინძლა და იოლად 36-25 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ლიდერს, გიორგი ცხოვრებაძეს ამ შევხედრაში ბევრი სათამაშო დრო არ მიეცა, თუმცა მცირე დროშიც მოახერხა ორი შესანიშნავი გოლის გატანა.
ჩრდ. მაკედონია
„ოჰრიდმა" გასვლითი მატჩი ჩაატარა სკოპიეში „პროლეტის" წინააღმდეგ - შეხვედრა ფრედ, 23:23 დასრულდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 8:12 წააგეს, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოასწორეს, რაც საქართველოს ნაკრების ლიდერის, თეიმურაზ ორჯონიკიძეს დამსახურებაცაა, რომელმაც მეორე ნახევარში 5 გოლი გაიტანა. ორჯონიკიძეს მატჩის ბოლოს შეეძლო „ოჰრიდისთვის" გამარჯვებაც მოეტანა, მაგრამ მისი დარტყმული მცირედით ასცდა მეტოქის კარს და საბოლოოდ ფრე 23-23.
რუმინეთი
გასულ უქმეებზე „ტურდა" საკუთარ მოედანზე „ფაგარასს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ორი ბურთით დაამარცხა 29-27, რაშიც წვლილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კბილაშვილმაც შეიტანა. 1 გოლი და 6 ასისტი - ასეთია ირაკლის მონაგარი ამ შეხვედრაში.
სერბეთი
სერბეთის ჩემპიონატში „მეტალოკლასტიკამ" „პარტიზანს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში 23-24 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე 2 ასისტია.
სლოვაკეთი
შედეგიანი შეხვედრა ჩაატარეს სლოვაკეთში „ჰლოჰოვაცის" ქართველმა ლეგიონერებმა - „ჰლოჰოვაცმა" „ტოპოლჩანს" უმასპინძლა და 34-32 მოუგო. გიგა მელიავას ანგარიშზე 6 გოლია, გუგა უთმელიძემ კი ერთი შედეგიანი დარტყმა მიითვალა.